თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 2.4% შეადგინა, ხოლო იანვართან შედარებით ფასები 0.4%-ით გაიზარდა, – ვკითხულობთ ეროვნული ბანკის მარტის ანგარიშში.
სებ-ის თანახმად, თებერვალში გასულ თვესთან შედარებით სამომხმარებლო კალათაში ყველაზე მნიშვნელოვანი საავადმყოფოს მომსახურებისა და კარტოფილის გაძვირება იყო.
თითოეული ამ პროდუქტის/მომსახურების გავლენამ თვის ინფლაციაზე 0.1 პპ შეადგინა. თვის ინფლაციის შემცირებაზე დაახლოებით ამდენითვე იმოქმედა შოკოლადის ფილის გაიაფებამ.
წლიურ ჭრილში ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად სურსათის 3.3%-იანი გაძვირება მოქმედებდა, რაც ინფლაციას 1.1 პპ-ით ზრდიდა. სურსათიდან გამოსარჩევი მწვანილის და ზეთის გაძვირება იყო (ჯამური გავლენა ინფლაციაზე 0.5 პპ).
საპირისპიროდ, ინფლაციის შემცირებაზე ინტერნეტის (-0.4 პპ) და ანტიბიოტიკების (-0.2 პპ) გაიაფება მოქმედებდა.
"ადგილობრივმა ინფლაციამ თებერვალში 3.0% შეადგინა. მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივი ინფლაციის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, 2.5%-ს გაუტოლდა. იმპორტირებული პროდუქტების ინფლაციამ წლიურად 0.5% შეადგინა. შერეული პროდუქტების ინფლაცია 3.1%-ია, რის მთავარი მიზეზიც შერეულად წარმოებული სურსათის (მწვანილი, ზეთი) გაძვირებაა”, – წერია ანგარიშში.