კრიპტო ბაზარი ცოტა სხვა კანონებს ექვემდებარება, ბიტკოინის ირგვლივ ტრიალებს და რა მოლოდინებიც არის ბიტკოინზე, ბაზარიც იქიდან გამომდინარე მოქმედებს, - აცხადებს „რადიო“ კომერსანტის ეთერში კრიპტო ბაზრის თანადამფუძნებელი ნიკა თოდუა.
როგორც ნიკა თოდუა განმარტავს, 2025 წლის ბოლოდან მოყოლებული კრიპტო ბაზარს დაღმასვლის პერიოდი აქვს, ახლო აღმოსავლეთის მოვლენების ფონზე კი განსაკუთრებული რყევები არ დაფიქსირებულა. ამასთან, ბიტკოინის ფასის მერყეობა 2025 წლის ოქტომბერში უფრო მეტი იყო, როცა მსოფლიოში განსაკუთრებული პრობლემა არ ყოფილა.
„შესაძლოა, რაღაც დატა ცენტრები იყო ირანში, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში ქსელზე დიდ გავლენას არ ახდენს, ვიდრე მაგალითად, სხვა ინდუსტრიებზე - რა თქმა უნდა, მოლოდინებია, რომ ნავთობის ფასი გაიზრდება. კრიპტო ვალუტების კუთხით კი, თუ ირანში 1 ან 2% იყო დატა ცენტრების, ამ სიმძლავრეს სხვები გადაინაწილებენ, უშუალოდ ამ კუთხით პრობლემა არ არის, მაგრამ შესაძლოა, პრობლემა იყოს იმ კუთხით, რომ ვიღაცას დაგროვილი ჰქონდეს თანხა კრიპტო ვალუტაში და ესკალაციის ფონზე მისი სწრაფად გადაცვლა მოუნდეს.
2022 წლის თებერვალშიც, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მაშინაც ერთ თვიანი რყევა იყო და ფაქტობრივად, ამის შემდეგ ბაზარმა განიცადა იმ ტენდენციებით დაღმასვლა, რა ტენდენციებიც ადრე ფიქსირდებოდა“, - აცხადებს ნიკა თოდუა.
მისივე თქმით, კრიპტო ბაზარი „ცოტა სხვა კანონებს ექვემდებარება“, ბიტკოინის ირგვლივ ტრიალებს და რა მოლოდინებიც არის ბიტკოინზე, ბაზარიც იქიდან გამომდინარე მოქმედებს.
„ყველაზე ცუდ სცენარშიც კი წელს ბიტკოინის ყველაზე დაბალი ნიშნული 40 ათასის დიაპაზონში იქნება. რამდენიმე კვირის წინ ბიტკოინი 60 ათასიან დიაპაზონში იყო ჩამოსული, მაგრამ აღმასვლა სწრაფად მოხდა და ამ კრიზისის ფონზეც 60 ათასიან ნიშნულზე აღარ დაბრუნებულა. სხვა ბაზრებზე როგორ განვითარდება მოვლენები, ეს უფრო ბუნდოვანია, ვიდრე კრიპტო ბაზარზე“, - აღნიშნავს ნიკა თოდუა.