2025 წელი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართულებით საგრძნობლად აქტიური იყო, რაც როგორც ავტოპარკის ზრდამ, ისე ადმინისტრირების გაუმჯობესებამ განაპირობა - ამის შესახებ BMG-სთან „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შიოლაშვილი საუბრობს.

მისი თქმით, გასულ წელს ინსპექტირების ცენტრებმა გაცილებით მეტი ავტომობილი მიიღეს, ვიდრე წინა საანგარიშო პერიოდებში და ეს ტენდენცია პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში რეგისტრირებული ტრანსპორტის რაოდენობის მატებასთან.

რაც შეეხება ინსპექტირების ხარისხს, შიოლაშვილის განმარტებით, გაზრდილია დახარვეზების მაჩვენებელიც, რაც, მისივე განმარტებით, პირდაპირ ტექინსპექტირების ცენტრების მიმართ გამკაცრებულ კონტროლს უკავშირდება. ამჟამად ცენტრების მუშაობას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მკაცრად აკონტროლებს.

„დახარვეზების მაჩვენებელი დაახლოებით, 25%-ის ფარგლებშია. ეს განპირობებულია იმით, რომ მონიტორინგის სამსახურია ჩართული ტექინსპექტირების ცენტრების კონტროლში. ცენტრები უფრო მეტი პასუხისმგებლობით უდგებიან ავტომობილების ინსპექტირების პროცესს. ეს კონტროლი და მონიტორინგი, საბოლოოდ, მეტად ობიექტურს ხდის ტექინსპექტირების პროცესს“, - ამბობს შიოლაშვილი BMG-სთან.

მისივე განმარტებით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს და იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტორი ხარვეზს „გაატარებს“, ცენტრს სოლიდური ჯარიმები ემუქრება - თუ ტექინსპექტირების ცენტრმა რომელიმე ხარვეზი არ დააფიქსირა და ეს სააგენტოს მხრიდან გამოვლინდება, ცენტრი 500, 2000 ან 5000 ლარით დაჯარიმდება.

ამასთან, გაუმჯობესებულია აღსრულების მაჩვენებელი.

"ზოგადად, აღსრულება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ის პირდაპირ მიბმულია სრული პარკის მოცვასთან. ტექნიკური საშუალებები, როგორიცაა ჭკვიანი კამერები, 2025 წელს უფრო მეტად იყო ამ პროცესში ჩართული და უფრო მეტი ჯარიმა ფიქსირდებოდა, რამაც გაზრდილი მიმართვიანობა განაპირობა. რეფორმის მიზანიც ის არის, რომ ქვეყანაში არსებული ავტოპარკის დიდი უმეტესობა ტექინსპექტირებაში მოექცეს“.

მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა, გიორგი შიოლაშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემა კვლავ რჩება, რადგან რეგისტრირებული 2 მილიონი ავტომობილიდან მნიშვნელოვანი ნაწილი ინსპექტირებას მაინც არ გადის. მისი თქმით, ამ პროცესში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების უფრო აქტიური ჩართულობაც აუცილებელია.

ამასთან, მისივე ცნობით, შემცირებულია შემთხვევები, როდესაც მძღოლები სხვადასხვა მანიპულაციებით ინსპექტირების გავლას ცდილობენ, თუმცა სრულად აღმოფხვრილი არ არის.

„ვფიქრობ, ცნობიერების ამაღლებაა საჭირო - გამართული ავტომობილი, პირველ რიგში, ავტომფლობელის უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი. თუმცა, რადგან თავად ცენტრების მონიტორინგი გამკაცრდა, ასეთი მანიპულაციებით გავლის შემთხვევები შემცირებულია. ცენტრისთვის ძალიან დიდი რისკია, თუ ნორმებთან შეუსაბამო ავტომობილი დადებითად იქნება შეფასებული“, - განმარტავს „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ ხელმძღვანელი.

2025 წელს ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარდა 1 337 777 სატრანსპორტო საშუალებას. მათგან 997 161-მა დააკმაყოფილა ტექინსპექტირების მოთხოვნები, ხოლო 340 616-მა ვერ დააკმაყოფილა. გამოდის, რომ შემოწმებული მანქანების დაახლოებით მეოთხედმა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. შესაბამისი მონაცემები საქსტატმა აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ბოლოსთვის საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 914 908-ს შეადგენს. შესაბამისად, გამოდის, რომ 2025 წელს ავტოპარკის დაახლოებით 30% ტექინსპექტირებაზე არ გასულა. თუმცა, 2025 წლის მონაცემები რომ 2024 წელს შევადაროთ, ვნახავთ, რომ ტექინსპექტირებაზე გასული მანქანების რაოდენობა დაახლოებით 200 000-ით გაზრდილია. კერძოდ, 2024 წელს, ინსპექტირებაზე გავიდა 1 146 969-მა ავტოსატრანსპორტო საშუალება. მათგან მოთხოვნები დააკმაყოფილა 907 767-მა მანქანამ, ხოლო ვერ დააკმაყოფილა - 239 202-მა.

bm.ge