უცხოელი ინვესტორების მიერ ლარში ნომინირებულ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში განხორციელებული ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს.

2026 წლის 1-ელი სექტემბრის მდგომარეობით, არარეზიდენტების საკუთრებაში არსებული ლარის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მოცულობამ 1.49 მილიარდ ლარს მიაღწია. მხოლოდ ერთ თვეში ეს მაჩვენებელი 384 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო წლიურ ჭრილში უცხოელი ინვესტორების პორტფელი 12.5-ჯერ არის გაზრდილი.

უცხოელების მხრიდან მოთხოვნის ზრდას ფინანსთა სამინისტრო, მათ შორის, J.P. Morgan-ის მიერ სექტემბერში წარდგენილ ახალ ინდექსს უკავშირებს. GBI-EM Edge განვითარებადი, ე.წ. frontier ბაზრების ადგილობრივ ვალუტაში ნომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებს აერთიანებს. ინდექსში საქართველოს წილი 1.79%-ია, რაც, სამინისტროს შეფასებით, გლობალური ინვესტორების მხრიდან ინდექსში შემავალი აქტივების შეძენისას საქართველოს სახაზინო ობლიგაციებზე დამატებით მოთხოვნას შექმნის.

ლარის ფასიან ქაღალდებზე უცხოელი ინვესტორების ინტერესის ზრდას ხელი შეუწყო მაისში სინდიკაციის გზით გამოშვებულმა 400-მილიონიანმა სახაზინო ობლიგაციამაც. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ემისიის 65% უცხოელმა ინვესტორებმა შეიძინეს.

სამინისტრო აცხადებს, რომ მომავალში საერთაშორისო ინვესტორებისთვის მსხვილი განთავსებების შეთავაზებაზე უფრო მეტად იქნება ორიენტირებული, რათა გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე ლარის ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი გაიზარდოს.

ამჟამად ლარში ნომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის მთლიანი მოცულობა 12.7 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან დაახლოებით 8.8 მილიარდი ლარის ფასიანი ქაღალდები ქართული ბანკების საკუთრებაშია, 1.5 მილიარდი ლარი არარეზიდენტ ინვესტორებზე მოდის, ხოლო დაახლოებით 2.4 მილიარდი ლარის ობლიგაციები სხვა ადგილობრივ ინვესტორებს, მათ შორის სახელმწიფო საპენსიო ფონდს, ეკუთვნის.