საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარზე კონსერვაციის, რესტავრაციისა და რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს. შესყიდვების დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების შესასრულებლად სააგენტო 5 მილიონი ლარის გამარტივებული წესით დახარჯვას ითხოვს.

სვეტიცხოველი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. დაგეგმილი პროცესი მოიცავს ტაძრის მდგომარეობის კვლევას, დიაგნოსტირებას, რისკების შეფასებას, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, მონიტორინგს, პრევენციულ კონსერვაციას და ფიზიკურ კონსერვაცია, რესტავრაციას.

სააგენტოს განაცხადები ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს. პირველი ეტაპი ტაძრის კომპლექსურ შესწავლას ეხება. ამ ნაწილში უნდა შეფასდეს ძეგლის ფიზიკური მდგომარეობა, გამოვლინდეს არსებული და შესაძლო რისკები, ჩატარდეს ისტორიული, საარქივო, არქიტექტურული, საინჟინრო, გეოლოგიური, გეოტექნიკური, სეისმური, კლიმატური და მასალათმცოდნეობითი კვლევები. ასევე გათვალისწინებულია ჰოლისტიკური კონსერვაციის დოკუმენტის, საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო მასალების, ტექნიკური დავალებების, მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მონიტორინგის სისტემისა და მონაცემთა მართვის მექანიზმების მომზადება.

ამ მიმართულებისთვის მაქსიმუმ 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

მეორე ნაწილი უშუალოდ ფიზიკურ ჩარევებს უკავშირდება. დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია გადაუდებელი და ეტაპობრივი სამუშაოები, მათ შორის ქვის, კედლის მხატვრობის, კონსტრუქციული ელემენტებისა და გადახურვის კონსერვაცია, რესტავრაცია, წყლის მართვისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობა, სამშენებლო უბნის მომზადება, ხარაჩოებისა და დროებითი დამცავი კონსტრუქციების განთავსება.

ამ სამუშაოებისთვის 3 მილიონი ლარია განსაზღვრული.

სააგენტოს განმარტებით, 5 მილიონი ლარი არ ნიშნავს თანხის ერთჯერადად გამოყოფას ან სრული მოცულობით დაუყოვნებლივ დახარჯვას. უწყების ცნობით, სვეტიცხოველთან დაკავშირებული სამუშაოები მრავალწლიანი და ეტაპობრივია, ხოლო შესყიდვის თანხა წარმოადგენს ზედა ზღვარს, რომლის ფარგლებშიც კონკრეტული მომსახურება და სამუშაოები საჭიროების მიხედვით განხორციელდება.

სვეტიცხოვლის რეაბილიტაციის აუცილებლობაზე ყურადღება მას შემდეგ გამახვილდა, რაც ტაძრის ინტერიერში წყლის ჩადინების პრობლემა გამოვლინდა. მაშინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განმარტავდა, რომ საფრთხე დროებით აღმოიფხვრა, თუმცა აუცილებელი იყო გადახურვის სრული კვლევა და დაზიანებული ლორფინის გადაწყობა ან ახლით ჩანაცვლება. უწყების შეფასებით, შესაბამისი სამუშაოების გარეშე წყლის განმეორებითი გაჟონვის რისკი კვლავ დარჩებოდა.

სვეტიცხოვლის რეაბილიტაცია მხოლოდ ერთი ტაძრის ტექნიკური განახლების საკითხი არ არის. საუბარია ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ კულტურულ და რელიგიურ ძეგლზე, რომლის მდგომარეობა მუდმივ მონიტორინგს, სპეციალიზებულ კვლევასა და ფრთხილ ჩარევას საჭიროებს. ამავდროულად, ტენდერის გარეშე 5 მილიონი ლარის დახარჯვის მოთხოვნა ბუნებრივად აჩენს კითხვებს გამჭვირვალობისა და კონტროლის მექანიზმებზე.

პროექტის მნიშვნელობა უდავოა, თუმცა მისი წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად პროფესიულად, გამჭვირვალედ და ეტაპობრივად წარიმართება პროცესი. სვეტიცხოვლის მსგავსი ძეგლის რეაბილიტაცია მხოლოდ სამშენებლო სამუშაო არ არის. ეს არის ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა, სადაც ყოველი გადაწყვეტილება კვლევას, სიზუსტესა და მაღალ პასუხისმგებლობას უნდა ეფუძნებოდეს.

batumelebi.netgazeti.ge