ვენეციაში ჩასული ტურისტებისთვის დაწესებული გადასახადი შესაძლოა ათჯერ, 5-დან 50 ევრომდე გაიზარდოს. შესაბამისი თხოვნით ქალაქის ახალმა მერმა სიმონე ვენტურინიმ იტალიის მთავრობას მიმართა.

გადასახადი რამდენიმე წლის წინ იმ ერთდღიანი ტურისტებისთვის შემოიღეს, რომლებიც ვენეციაში ღამეს არ ათევენ. ამ გზით ქალაქის ხელისუფლება ისტორიულ ცენტრში ტურისტების ჭარბი ნაკადის შემცირებას ცდილობდა.

თავდაპირველად გადასახადი 5 ევროს შეადგენდა. გასულ წელს კი მათთვის, ვინც ვიზიტს წინასწარ არ არეგისტრირებდა და თანხას მხოლოდ ჩასვლის დღეს იხდიდა, გადასახადი 10 ევრომდე გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ტურისტების რაოდენობა არ შემცირებულა, რადგან არსებული საფასური მათ მოგზაურობაზე უარის თქმას ვერ აიძულებს.

ვიზიტორთა უმრავლესობა ქალაქში ჩასვლას სპეციალურ ონლაინპლატფორმაზე წინასწარ არ აფორმებს და თანხის გადახდას ადგილზე ამჯობინებს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში ორჯერ მეტის გადახდა უწევს.

მერის განცხადებით, 5-10 ევრო ზედმეტად მცირე თანხაა იმისთვის, რომ ერთდღიანმა ტურისტებმა ვენეციაში გამგზავრებაზე უარი თქვან. ქალაქის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ გადასახადის 50 ევრომდე გაზრდა ვიზიტორთა ნაკადს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ვენეციის ისტორიული ცენტრი ქუჩებში არსებული ხალხმრავლობის გარდა სხვა პრობლემებსაც აწყდება. ქალაქის ხელისუფლების შეფასებით, ვენეციას ყოველწლიურად 25-30 მილიონი ადამიანი სტუმრობს. ზოგიერთ დღეს კი ისტორიულ ცენტრში ათიათასობით ერთდღიანი ტურისტი გადაადგილდება.

ტურისტული ბიზნესის გაფართოების გამო ქალაქში მცხოვრები ადამიანები ყოველდღიური საჭიროების მაღაზიებს კარგავენ, რადგან მათ ადგილს ტურისტებზე ორიენტირებული დაწესებულებები იკავებს.

იუნესკომ უკვე გააფრთხილა, რომ მასობრივი ტურიზმი და კლიმატური საფრთხეები ვენეციასა და მის ლაგუნას ემუქრება. ორგანიზაცია ქალაქის საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეტანასაც განიხილავდა.

ტურისტული პოლიცია ქალაქის მნიშვნელოვან ადგილებში, მათ შორის სანტა-ლუჩიას რკინიგზის სადგურთან, გადასახადის გადახდის დამადასტურებელ QR-კოდებს ამოწმებს. მათ, ვისაც შესაბამისი დადასტურება არ აქვს, შესაძლოა 300 ევრომდე ჯარიმა დაეკისროთ.

მასობრივი ტურიზმი ევროპის მრავალი ქალაქისა და რეგიონისთვის მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. ტურისტების ჭარბი რაოდენობა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას ცვლის, საცხოვრებლის ფასებს ზრდის და ისტორიული ცენტრებისა და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს.

euro-pulse