თემა: ჰორმუზის სრუტის შესაძლო ბლოკირება და რეგიონში დაძაბულობის მკვეთრი ესკალაცია.

ირანის რევოლუციურმა გვარდიამ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება მანამ, სანამ „რეგიონში აშშ-ის ჩარევა არ დასრულდება“.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მანამდე, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ შაბათს განხორციელდა იერიში 140 ირანულ სამხედრო სამიზნეზე. მათი განმარტებით, სამი ღამის განმავლობაში ჩატარებული 300-ზე მეტი ოპერაციის მიზანი იყო ირანის შესაძლებლობების შემცირება, რათა შეეზღუდათ თავდასხმები სამოქალაქო პირებსა და სრუტეში თავისუფლად მოძრავ კომერციულ გემებზე.

პარალელურად, ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია რამდენიმე საპორტო ქალაქში მომხდარი აფეთქებების შესახებ.

პასუხად, ირანის რევოლუციურმა გვარდიამ განაცხადა, რომ განხორციელდა საპასუხო იერიშები რეგიონში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ობიექტებზე. მათივე ცნობით, იორდანიაში განადგურდა სამეთაურო ცენტრი და დრონების ანგარები, ქუვეითში დაბომბეს აშშ-ის რადარის სადგური, ომანში – ავიამზიდების დამხმარე და საწვავის შევსების პლატფორმები, ხოლო კატარში – რეაქტიული ტექნიკის მომსახურების ცენტრი და სამეთაურო ობიექტი.

კატარის მთავრობის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ჩამოვარდნილი ნამსხვრევების გამო სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ მათმა თავდაცვითმა სისტემებმა ირანიდან გაშვებული რაკეტები და დრონები გაანეიტრალეს. ბაჰრეინში ამოქმედდა გამაფრთხილებელი სირენები, ხოლო კატარის დედაქალაქ დოჰაში აფეთქებების ხმა გაისმა.