„სეტყვისგან დამცავ ბადეებზე მოთხოვნა შემცირებულია, ფერმერები სახელმწიფოსგან დაფინანსების ზრდას ელოდებიან,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსთან“ კომპანია „აგრობადეს“ დირექტორმა ავთანდილ მაისურაძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, ერთ ჰექტარ ხეხილის ბაღზე ბადეების მოწყობაა 60 000 ლარამდე ჯდება.
ცნობისთვის, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მთლიანი ღირებულების 10%-ს სახელმწიფო აფინანსებს.
„ამ ეტაპისთვის სეტყვისგან დამცავ ბადეებზე მოთხოვნა შემცირებულია. ამის მიზეზი კი ფასია, ერთ ჰექტარ ხეხილის ბაღზე, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების დამონტაჟება, თავისი ბოძებითა და სისტემით, დაახლოებით 60 ათას ლარს მოითხოვს. ფერმერები კი სახელმწიფოსგან დაფინანსების ზრდას ელოდებიან. ვენახის შემთხვევაშიც მსგავსი სიტუაციაა, არ არის დაფინანსება და მოქალაქეთა უმრავლესობაც ამას ელოდება,“ - განაცხადა მაისურაძემ.
ამასთან, მაისურაძემ მზის საწინააღმდეგო ბადეებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მხრივ ჯერჯერობით სიახლე არ აქვთ.
„რაც შეეხება მზის საწინააღმდეგო ბადეების მონტაჟს, თუ სახელმწიფო ხელს შეგვიწყობს და დაფინანსებას გაუზრდის ბენეფიციარებს, ამ შემთხვევაში ჩვენი გაყიდვები გაიზრდება და ჩვენც ზრდას ვაპირებთ, სხვა შემთხვევაში ჯერჯერობით შეუძლებელია ამ ბადეების მონტაჟის დაწყება. აღნიშნულ საკითხზე, სახელმწიფოსთან გვაქვს კონსულტაციები,“ - განაცხადა მაისურაძემ.