თბილისის ტექნოპარკში საუნივერსიტეტო ინოვაციების კონკურსის UNI4VERSE – FINEDU მთავარი გამარჯვებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) გუნდი AEGIS გახდა. გამარჯვებულმა გუნდმა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან (GITA) 20,000-ლარიანი გრანტი და მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კონფერენციაზე – Web Summit-ზე დასწრების შესაძლებლობა მოიპოვა.

წელს კონკურსში საქართველოს 32 უნივერსიტეტი მონაწილეობდა, კონკურსის მთავარი თემა ფინანსური განათლება იყო.  

კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა ფინანსური სერვისების ინტეგრაციის, ინვესტიციებისა და გრძელვადიანი დაგეგმვის გამარტივების, კიბერუსაფრთხოებისა და მომხმარებელთა დაცვის, ბიუჯეტირებისა და დანაზოგების მართვის, ასევე მცირე ბიზნესისთვის ფულადი ნაკადების ანალიზის მიმართულებით იმუშავეს. ფინალურ ეტაპამდე მონაწილეებმა იდეების გენერირების ვორქშოფები, საინფორმაციო შეხვედრები და ონლაინ სამუშაო სესიები გაიარეს, სადაც საკუთარი პროექტები და საპრეზენტაციო მასალები დახვეწეს. 

თბილისის ტექნოპარკში გამართულ Demo Day-ზე ფინალურ ეტაპზე გადასულმა 27 უნივერსიტეტის გუნდმა საკუთარი პროექტები და პროტოტიპები კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარადგინა.

UNI4VERSE ყოველწლიური ინოვაციების და ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კონკურსია, რომელიც ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, მეწარმეობისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარების ხელშეწყობას ემსახურება და სტუდენტებს საკუთარი იდეების რეალურ პროდუქტებად გარდაქმნის შესაძლებლობას აძლევს.

UNI4VERSE – FINEDU საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ, საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა FinEdu-თან პარტნიორობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და „ინოვაციური განათლების ფონდის“ კოორდინირებით განხორციელდა.

კონკურსის პარტნიორები იყვნენ: „ინოვაციური განათლების ფონდი“, „ენაგრამი“, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ფინტექ სტარტაპი „ამადეო“, Founder Institute, აბასთუმნის ობსერვატორია, ათასწლეულის ფონდი და „თიბისი ბანკი“.

ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს