შვეიცარიის ქალაქ ლუგანოს სასამართლომ ქართველი ბიზნესმენის წინააღმდეგ ჩადენილი საერთაშორისო თაღლითობის საქმეზე იტალიის, ბელგიისა და ირანის სამი მოქალაქე დამნაშავედ ცნო. მათ 3-დან 5.5 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ. სამივე მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის შემდეგ შვეიცარიიდან გაძევებაც დაეკისრა.

სასამართლოს განაჩენი მოსამართლე ამოს პაგანამენტამ გამოაცხადა. საქმე დაახლოებით 60 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (დაახლოებით 74 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების თაღლითობას ეხებოდა, რომელიც ლუგანოს, დუბაის, ლუქსემბურგისა და ლონდონის გავლით განხორციელდა. დაზარალებული ქართველი ბიზნესმენი დუბაიში ცხოვრობდა და საკუთარი ქონების ევროპაში გადატანას, მისი უსაფრთხოების მიზნით, გეგმავდა. გამოძიების შედეგად თანხიდან მხოლოდ დაახლოებით 10 მილიონი ფრანკის დაბრუნება მოხერხდა.

საქმის მთავარი ფიგურა 60 წლის იტალიელი ფინანსური კონსულტანტია, რომელიც ლუგანოში საქმიანობდა. მისი თანამზრახველები 51 წლის ირანის მოქალაქე და 51 წლის ბელგიელი ბიზნესმენია. ბრალდების მიხედვით, ქართველ ბიზნესმენს ლუქსემბურგში დაფუძნებულ საინვესტიციო სტრუქტურაში თანხის დაბანდება შესთავაზეს, თუმცა მისი ქონება საბოლოოდ ლონდონის ფონდში აღმოჩნდა. ბიზნესმენს ეგონა, რომ ფონდს აკონტროლებდა, თუმცა შესაბამისი დოკუმენტაცია ყალბი იყო და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეიქმნა.

სასამართლომ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და სამივე ბრალდებული თაღლითობასა და დოკუმენტების გაყალბებაში დამნაშავედ ცნო. ბრალდების მხარე უფრო მკაცრ სასჯელებს ითხოვდა: იტალიელისთვის 7.5 წლით, ირანელისთვის 6.5 წლით, ხოლო ბელგიელისთვის 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთას.

www.rsi.ch