ნედლი ნავთობის ფასები მკვეთრად შემცირდა და აგვისტოს შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ბაზარზე ვარდნა აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგებს უკავშირდება, რომლებმაც ინვესტორებში ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაციის მოლოდინი გააძლიერა.

ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მარკის, Brent-ის ფასი 4 ნოემბრის ვაჭრობისას 8.7%-ით შემცირდა და ბარელზე $94.62 შეადგინა. ამერიკული WTI-ის ღირებულება კი 8.3%-ით დაეცა და $88.12-ს გაუტოლდა. ორივე მაჩვენებელი აგვისტოს შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზე აღმოჩნდა.

ფასების კლებას წინ უძღოდა რამდენიმე სავაჭრო სესიის განმავლობაში დაფიქსირებული უარყოფითი დინამიკა. 5 ნოემბერს ვარდნა გაგრძელდა: Brent-ის ფასი დაახლოებით $93.82-მდე, WTI-ის კი $86.92-მდე შემცირდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, არჩევნებში დემოკრატების გამარჯვებამ გააჩინა მოლოდინი, რომ კონგრესში ძალთა ახალი ბალანსი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაზე ირანთან ომის დასრულების მიმართულებით ზეწოლას გაზრდის. დიპლომატიური შეთანხმების პერსპექტივა კი ბაზარზე ნავთობის მიწოდების შესაძლო აღდგენის მოლოდინს აძლიერებს.