მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA) 2 237 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 6 795 შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განაცხადების რაოდენობა 100%-ით გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის 287 ფაქტი დადასტურდა, რაც 622 საქმეს მოიცავდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 158 მოვაჭრეს 330 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში 337 033 ლარის ოდენობით.

ამასთან, სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 165 გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 187 საქმეს მოიცავდა. აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, მოვაჭრეები იღებენ ვალდებულებას, შეცვალონ საქმიანობის შიდა პოლიტიკა და აღადგინონ იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც წარსულში მოქმედი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

საანგარიშო პერიოდში, მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობას ეხებოდა, ხოლო 32% - ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევებს.

გეოგრაფიული განაწილების მიხედვით, სააგენტოსთვის მიმართვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში დაფიქსირდა და 80% შეადგინა. რეგიონებიდან ყველაზე მეტი განაცხადი აჭარაში დაფიქსირდა - 6%, იმერეთი - 4%, ქვემო ქართლი, კახეთი და სამეგრელო-ზემო სვანეთი - თითოეული 2%-ით. შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში მაჩვენებელი თითოეულ რეგიონზე 1% იყო.

მომხმარებელთა მოთხოვნების მიხედვით, ყველაზე მეტი განაცხადი თანხის დაბრუნებას ეხებოდა - 917. ნაკლიანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 551 განაცხადი დაფიქსირდა, ნაკლიანი ნივთის შეცვლასა ან შეკეთებაზე - 481, ხოლო სხვა საკითხებზე - 288.

სექტორების მიხედვით, განაცხადების 66% საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორზე მოდიოდა, 12% - ტრანსპორტირებისა და დასაწყობების სფეროზე, 3% - ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორზე, ხოლო 19% - სხვა სახის ეკონომიკურ საქმიანობებზე.

GCCA აქტიურად აგრძელებს მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას, დარღვევებზე რეაგირებასა და მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების დაცვას. სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება და მათი უფლებების ეფექტიანი დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

ინფორმაციას GCCA ავრცელებს.