პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და საბარათე ტრანზაქციებზე ურთიერთგაცვლის საკომისიოს მაქსიმალურ ოდენობას 0.3%-ით განსაზღვრავს.
პროექტის თანახმად, ურთიერთგაცვლის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს თითოეული გადახდის ოპერაციის ღირებულების 0.3%-ს.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილების მიზანი ბიზნესებისთვის საბარათე გადახდების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებაა. ამჟამად არსებული პრაქტიკით, პოსტერმინალებით გადახდის მთლიანი საკომისიო, რასაც ბიზნესები იხდიან, 0.3%-ზე მაღალია და მცირე ტრანზაქციების შემთხვევაში საკომისიო ხშირად ფიქსირებული ოდენობით განისაზღვრება.
ცვლილებების ავტორია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე და მისი მოადგილე ბეჟან წაქაძე, ასევე დეპუტატები ირაკლი ხელაძე, ზურაბ რურუა, გიორგი ბარვენაშვილი და ლევან მაჭავარიანი.