ფიზიკური პირის ქონების გადასახადის რეფორმაზე ამ ეტაპზე არანაირი დისკუსია არ მიმდინარეობს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელმა ზურაბ ძნელაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

მისი აზრით, მიუხედავად იმისა, მიმდინარე წელს მაინც მოესწრება თუ არა თავად რეფორმის განხორციელება, არსებული 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე მაინც უნდა გაიზარდოს.

საქმე ის არის, რომ დღეს მოქმედი კანონის თანახმად, თუ თქვენ გყავთ ავტომობილი ან გაქვთ სახლი ან კიდევ სხვა უძრავი ქონება და ამასთანავე, თქვენი ოჯახის წინა წლის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება, ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ. ფიზიკური პირების ქონების დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადა 1 ნოემბერია, გადახდის კი - 15 ნოემბერი.

2023 წლიდან, ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქონების გადასახადის რეფორმის ე.წ. "ესტონურ მოდელზე" მუშაობენ და რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტიც მზად აქვთ, მაგრამ ამ დრომდე ინიციატივას კანონპროექტის სახე არ მიუღია ანუ არც პარლამენტში შეუტანიათ განსახილველად და არც პროფესიულ ჯგუფებში დაუწყიათ განხილვები.

"ქონების გადასახადის რეფორმაზე არანაირი დისკუსია არ მიდის. არ გვაჩვენებენ კანონის პროექტს, რომელიც არსებობს. მახსოვს, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ეფექტი იმდენად მაღალი იყო ფისკალურად ბიუჯეტზე, რომ ამ ეტაპზე გადავდეთ, რადგან ადგილობრივი მთავრობების ბიუჯეტს თანხა დააკლდებოდაო. [ქონების გადასახადი ადგილობრივი გადასახადია]. თუ კანონპროექტი არ იყო, როგორ დაითვლიდნენ?! ანუ პროექტი არსებობს და ვერ მივხვდი, რატომ არ გვაჩვენებენ. ფაქტია, კანონპროექტი სააშკარაოზე გამოტანილი არაა. არ ვიცით, რა მოდელზეა საუბარი და კონკრეტულად რა მექანიზმები შემოდის”, - აცხადებს ზურაბ ძნელაშვილი.

იურისტის განმარტებით, იმის მიუხედავად, თუ როდის ან რა ფორმით გატარდება კომპლექსური რეფორმა, სოციალური დანიშნულების შეღავათი (40 000-ლარიანი ზღვარი) დღევანდელ რეალობას აბსოლუტურად აცდენილია.

ვრცლად bm.ge - ზე