სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მისი დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტისას გამოავლინა არაერთი გარემოება, რაც რიგ შემთხვევებში ანგარიშგებაში მოყვანილი თანხების კლასიფიკაციას, სისწორეს თუ სისრულეს ეჭვქვეშ აყენებს.

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში თსუ და გორის უნივერსიტეტი სააღრიცხვო ჩანაწერებისთვის MS Excel-ს იყენებდნენ, რითაც იზრდება ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული შეცდომების, ასევე ინფორმაციის დაცვასა და შენახვასთან დაკავშირებული რისკები. აუდიტის სამსახურმა ვერ მოიპოვა რწმუნება 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით უნივერსიტეტების ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული თანხების არსებობაზე, წარმოშობაზე, სისრულესა და სისწორეზე. უასევე ვერ მოიპოვეს რწმუნება 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული სწავლის გადასახადიდან წარმოქმნილი შემოსავლების, ხარჯების, ვალდებულებების და მოთხოვნების საბოლოო ნაშთის არსებობაზე, წარმოშობაზე, სისრულესა და სისწორეზე.

ხარვეზებია მოთხოვნების და ვალდებულებების ნაწილშიც.

"ფინანსურ ანგარიშგებაში შემცირებულია მოთხოვნების საბოლოო ნაშთი − 6 135 953 ლარით, ვალდებულებების − 24 625 062 ლარით, ხოლო 508 489 ლარის მოთხოვნების, 1 234 243 ლარის ვალდებულებების საბოლოო ნაშთის სისწორეზე, არსებობასა და 1 152 141 ლარის მოთხოვნების სისწორეზე და უფლებებსა და ვალდებულებებზე კი აუდიტის სამსახურმა რწმუნება ვერ მიპოვა.

ანგარიშის მიხედვით, ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული „ძირითადი აქტივების“ სისრულის შესახებ ასევე ვერ მოხერხდა რწმუნების მოპოვება. 

"ჩვენ ვერ მოვიპოვეთ რწმუნება 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ძირითადი აქტივების − 88 617 350 ლარის საბოლოო ნაშთის არსებობის, სისრულისა და სისწორის შესახებ",- ვკითხულობთ დოკუმენტში.

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მისი დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩაატარა. ის 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით პერიოდს მოიცავს და აუდიტის სამსახურის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისადაა მომზადებული.