ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრებს, პენსიაზე გასვლის შემდეგ, სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებათ. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს ხელი უკვე მოაწერა მიხეილ ყაველაშვილმა.
ცვლილების მიხედვით, კომპენსაცია ერგებათ 65 წელს მიღწეულ იმ პირებს, ვისაც, ჯამში, 25-წლიანი სამუშაო სტაჟი აქვთ, მათ შორის, უწყვეტი 5 წლის განმავლობაში იყვნენ ცესკოს წევრები. მისი ოდენობა ცესკოს მოქმედი წევრის თანამდებობრივი სარგოს მესამედი იქნება.
ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, კომპენსაციას ვერ მიიღებენ ისინი, ვისაც სასამართლომ საარჩევნო კოდექსის დარღვევა დაუდასტურა.
პენსიაზე გასვლის შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე ცესკოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პირველ კომენტარებს აკეთებენ.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, გიორგი სიორიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას მოქალაქეებს სწორედ ამ ფორმით უფასებს. მისივე თქმით, არალეგიტიმური პარლამენტი "ივანიშვილის ყურმოჭრილ მონებს", რომლებმაც ქართველ ხალხს არჩევანი მოპარეს, ახალისებს.
"ცესკოს დღევანდელმა შემადგენლობამ უზრუნველყო 26 ოქტომბრის ე.წ. არჩევნების, სპეცოპერაციის ჩატარება "ქართული ოცნებისთვის", უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისთვის. ახლა არალეგიტიმური პარლამენტი ცდილობს, დაუფასოს ეს ამ ადამიანებს. არალეგიტიმურმა პარლამენტმა ცოტახნის წინ აირჩია ის წევრები, რომლებსაც ვადა გაუვიდათ. 5 წლის ვადით გაუხანგრძლივა მათ ყოფნა, მათ შორის, ცესკოს მდივანს, გიორგი ჯავახიშვილს. ის წარმოადგენს რეალურ მმართველს ცესკოსას. ამ ადამიანებით ცდილობს, ჩააბეტონოს ის დამპალი სისტემა, რომელიც ამ ინსტიტუტშია. ამას ემსახურება კომპენსაციის დანიშვნა. ფორმალური თუ არაფორმალური გზით ცდილობენ, მათი ყურმოჭრილი მონები დააჯილდოონ." - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი, ანა კობახიძე კი დარწმუნებულია, რომ ცესკოს წევრები საპენსიო ასაკის შემდეგ კომპენსაციას ვერ მიიღებენ, რადგან მისივე განმარტებით, ეს ადამიანები ჩადენილი დანაშაულების გამო გასამართლდებიან.
"ქართული ოცნება" თავის დეპარტამენტებს ახალისებს სხვადასხვა წამახალისებელი ნორმებით. მომავალში ზოგს პენსიას დაურიცხავს, ზოგს იარაღის ტარების უფლებას მისცემს და ა.შ.. მინდა ვუთხრა და იმედი გავუცრუო, რომ როდესაც ისინი საპენსიო ასაკში იქნებიან, ამ დანამატს ვერ მიიღებენ. მეტიც, პასუხისმგებლობა მოუწევთ იმ დანაშაულებზე, რომლებიც ჩაიდინეს წლების განმავლობაში. კონკრეტულად, ამომრჩევლებს როგორ მოპარეს არჩევნები". - განაცხადა ანა კობახიძემ.
წყარო: Tv pirveli