ეროვნული ბანკის მხრიდან უპრეცედენტო ინტერვენციების მიუხედავად, ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება ჭირს. ოქტომბრის თვეში ცენტრალურმა ბანკმა 213 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც მთლიანად 2023 წელთან შედარებით უფრო მეტი მოცულობაა. ბოლო ერთ თვეში, ეროვნული ვალუტა 2.67-დან დაახლოებით 2.74-მდე ავიდა, ზოგან დოლარი 2.78-ად იყიდება. ეკონომისტების ნაწილი ეროვნული ბანკის მხრიდან შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების საჭიროებაზე საუბრობენ.
დავით კიკვიძე ,,კომერსანტთან’’ საუბარში აცხადებს, რომ ცენტრალურ ბანკს ლარის გაუფასურების დროს ინტერვენციების გარდა სხვა ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ამიტომ, საჭიროა ეროვნულ ბანკს კონკრეტული პოლიტიკა ჰქონდეს.
,,ამაზე დიდი ხანია ბევრი ექსპერტი საუბრობს, რომ ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონდეს კონკრეტული პოლიტიკა ლარის კურსთან დაკავშირებით. ვაღიარებთ, რომ ეს არის თავისუფალი მცურავი კურსი, (რასაც რა თქმა უნდა მივესალმები და ბაზარმა უნდა არეგულიროს) თუმცა მოგეხსენებათ, რომ ქართული ბაზარი არ არის ჯანსაღი, არ არის თავისუფალი და დემოკრატიული, ამიტომ კურსს სჭირდება შესაბამისი პოლიტიკა, რათა ინფლაცია სტაბილური იყოს. საქართველო 80%-ით დამოკიდებულია იმპორტზე. ამ იმპორტის დამაბალანსებელი მოცულობის დოლარი საიდან უნდა მივიღოთ? აუცილებლად ამაზე არის საფიქრალი და ეროვნულ ბანკს ამაზე უნდა ჰქონდეს შესაბამისი პოლიტიკა, რაც სამწუხაროდ არ აქვს და ისევ და ისევ დამოკიდებული ვართ ეკონომიკის სხვა სექტორებზე. როგორიც არის ტურიზმი, ინვესტიციები და ა.შ. სამწუხაროდ, ვერც ტურიზმი და ვერც ინვესტიციები, (განსაკუთრებით ვერც ინვესტიციები) ვერ აბალანსებს დოლარის შემოდინებას. როგორც კი უფასურდება იწყება ინფლაცია, მერე შეუქცევადი პროცესები, მერე ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთით ცდილობს ამ პროცესების უკუგდებას. ფაქტობრივად, ჯაჭვი იწყება დოლარის შესაბამისი ნაკადების არარსებობით და მივდივართ იქამდე, რომ მერე ხდება ეკონომიკის შებოჭვა საპროცენტო განაკვეთის გაზრდით, იმისთვის რომ ერთობლივი მოთხოვნა დაეცეს და კურსი კიდევ არ გაუფასურდეს. ეს არის საკმაოდ არარელევანტური მიდგომა ეკონომიკის მართვის და განსაკუთრებით ფინანსური პოლიტიკის მართვისა. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა ალტერნატიულ პოლიტიკაზე ზრუნვა დაიწყოს.’’- აცხადებს დავით კიკვიძე.
ეკონომისტი ლარიზაციის პოლიტიკას არ მიესალმება. ,,კომერსანტთან’’ საუბარში დავით კიკვიძე თავის პოზიციას ასე განმარტავს: ,,ის პოლიტიკა, რომელსაც ბანკი ლარიზაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით ატარებს, სადაც შეზღუდული აქვს უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა და გარკვეული კეპები აქვს დაწესებული, მაგასაც აბსოლუტურად არ მივესალმები. რესურსულად, რომ შევხედოთ კომერციული ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში მოზიდული რესურსი გაცილებით იაფია. საბოლოოდ, მომხმარებლებს ამ სესხის აღება გაცილებით უფრო ნაკლები დანახარჯებით შეეძლებათ და თავად კლიენტი ნაკლებს იხდის, ვიდრე ლარში. ამას სამწუხაროდ ეროვნული ბანკი არ აღიარებს და მაინც აწვება ლარიზაციის პოლიტიკას, რომლითაც თავად მომხმარებელსაც უძვირებს სესხს. გარკვეულ წილად ამით კეტავს დოლარის შემოსვლას ეკონომიკაში, რასაც საბოლოო ჯამში მივყავართ იქამდე, რომ ლარის კურსი არის არასტაბილური.’’- განმარტავს დავით კიკვიძე.
ეკონომისტი გამოსავალს ლარიზაციის პოლიტიკის შერბილებაში ხედავს. კიდევ ერთი რეკომენდაცია ეკონომიკაში დოლარის შემოსვლის გამარტივებაა, რათა დოლარმა უფრო თავისუფლად შეძლოს მოძრაობა. მისი თქმით, ლარის კურსის შესანარჩუნებლად მხოლოდ რეზერვების იმედად ყოფნა არასწორია და საჭიროა შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება.