აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალი კვლევის მიხედვით კლიმატის ცვლილების გავლენას შეუძლია განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2070 წლისათვის 17%-ით შეამციროს, იმ მაქსიმალისტური სცენარის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც სათბურის აირების გამოყოფა 2100 წლისათვის 41%-ს მიაღწევს.
ზღვის დონის მატება და შემცირებული სამუშაო პროდუქტიულობა დიდ დანაკარგებს გამოიწვევს, რითაც ყველაზე მეტად დაბალი შემოსავლის მქონე და მყიფე ეკონომიკები დაზარალდებიან. ახალი კვლევა, რომელიც ADB-ის პირველ, აზიისა და წყნარი ოკეანის კლიმატის ანგარიშშია წარმოდგენილი, დეტალურად აღწერს იმ დამაზიანებელ მოვლენებს, რომელთა წინააღმდეგ რეგიონს სამომავლოდ გამკლავება მოუწევს. თუ კლიმატის კრიზისი განაგრძობს გამწვავებას, რეგიონში 300 მილიონამდე ადამიანს დაემუქრება წყალდიდობის საფრთხე და 2070 წლამდე ყოველწლიურად ტრილიონობით დოლარის ღირებულების სანაპირო ინფრასტრუქტურა დაზიანდება.
“კლიმატის ცვლილებამ რეგიონში გააძლიერა გამანადგურებელი სტიქიური მოვლენები ტროპიკური შტორმების, სითბური ტალღებისა და წყალდიდობების სახით, რამაც წვლილი შეიტანა უპრეცედენტო ეკონომიკურ გამოწვევებსა და ადამიანების ტანჯვაში,“ განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ. “ვიდრე მეტისმეტად დავაგვიანებთ, სწრაფი, კარგად კოორდინირებული მოქმედებაა საჭირო კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ამ შედეგების აღმოსაფხვრელად. წინამდებარე ანგარიში გვთავაზობს ადაპტაციის გადაუდებელი საჭიროებების დაფინანსების გზებსა და იმედის მომცემ რეკომენდაციებს ჩვენი განვითარებადი წევრი ქვეყნების მთავრობებისთვის სათბურის აირების გამოყოფის იაფად შესამცირებლად.“