მთავრობის ადმინისტრაციის კომპეტენციები არის ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული, თუმცა მთავარ კომპეტენციებში მაინც შედის სამთავრობო უწყებებში კოორდინაცია იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები აღსრულდეს, ასევე არის ზედამხედველობის კონტროლის ფუნქცია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

 

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სამსახურში ადამიანური კაპიტალის განვითარებაც მთავრობის ადმინისტრაციის კომპეტენციას განეკუთვნება და ამ მიმართულებით 2025 წლის ანგარიში უკვე მომზადდა. 

 

„ზედამხედველობის კონტროლის ფუნქცია ორ ნაწილად იყოფა, ეს არის სამართლებრივი ზედამხედველობა ყველა იმ განკარგულებაზე, კანონპროექტზე თუ დადგენილებაზე, რომელსაც კონკრეტული სამინისტრო წარადგენს, ასევე მუნიციპალიტეტების სამართლებრივი ზედამხედველობა დადგენილებების მიმართულებით. ასევე ეფექტიანობის კონტროლი, რომელიც მათ შორის დიდ წილად მოიცავს სახელმწიფო და საჯარო შესყიდვების ეფექტიან კონტროლს. საკმაოდ დიდი არის ამ მიმართულებით მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედების არეალი. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ საჯარო სამსახურში ადამიანური კაპიტალის განვითარებაც მთავრობის ადმინისტრაციის კომპეტენციას განეკუთვნება და ჩვენ ამ მიმართულებით გვექნება 2025 წლის ანგარიში თუ რა გავაკეთეთ. გვინდა, რომ საჯარო მოხელეებისთვის საჯარო სამსახურის სისტემის განვითარებისთვის სიახლეები შევთავაზოთ საჯარო მოხელეებს, ადამიანებს, რომლებიც ემსახურებიან დღენიადაგ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს სახელმწიფოს. ასევე მნიშვნელოვანია გრანტების მიმართულება, მთავრობის ადმინისტრაცია მუშაობს იმ შემთხვევაში, როდესაც გრანტს იღებს სახელმწიფო დაწესებულება და მას მთავრობისგან სჭირდება თანხმობა, ასევე, როდესაც უცხოელი დონორი გასცემს კერძო არასამთავრობო ორგანიზაციაზე გრანტს, ასევე ჩვენს კომპეტენციაში შედის  აღნიშნულთან დაკავშირებით საკითხის მომზადება მთავრობაზე განსახილველად“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

 

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია კორუფციასთან ბრძოლა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით მუშაობა გაზრდილია. 

 

„იცით, რომ ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა ის, რომ გვინდა ტოპ სამ ქვეყანაში მოვხვდეთ, ეს არის კორუფციისგან თავისუფლების აღქმის ინდექსი, გვაქვს ამის რეალური საშუალება. ვხედავთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დრამატულად არის ამ მიმართულებით მუშაობა გაზრდილი. ეს ეხება როგორც სამართალდამცველ უწყებებს, ასევე ეხება სხვა უწყებებსაც, მათ შორის არის მთავრობის ადმინისტრაცია, რომელსაც 300 მილიონის ეფექტი ჰქონდა მხოლოდ 6 თვეში დაზოგილი ეკონომიები ტენდერებიდან. ახლა 4 თვის შედეგები რაც გვაქვს 118 მილიონი არის ეფექტი ბიუჯეტთან მიმართებაში. პირდაპირი ეკონომიები 84 მილიონია. ეს საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგია, თუმცა რაც უფრო სისტემა გაუმჯობესდება და გაჯანსაღდება, ყველა ლოგიკით, ეს ციფრები უნდა ჩამოვიდეს ქვემოთ. მთავრობის ადმინისტრაციას ნაკლები ჩარევა უნდა დასჭირდეს კონკრეტული შესყიდვების კორექტირებაში. ამ მიმართულებით ჩვენ ვგეგმავთ სერიოზულ ნაბიჯებს. ჩვენ ასევე ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში გვინდა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება შესყიდვების კანონში. ამასთან მიმართებაში შიდა სამუშაოები თითქმის ბოლოშია გასული. ბიზნესთან ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მათ შორის ბიზნესასოციაციასთან. შესყიდვები არის ერთ-ერთი ის საკითხი, რომელიც აწუხებს ხშირად ბიზნესს. ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად გავაჯანსაღოთ, გავაუმჯობესოთ გარემო და შევამციროთ მაქსიმალურად კორუფციული რისკები. კორუფციული რისკების შემცირება ნიშნავს, რომ უფრო მეტი თანხის დახარჯვა შეიძლება კონკრეტული პროექტისთვის იქნება ეს ინფრასტრუქტურა, თუ სოციალური პროექტი“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს