მას შემდეგ, რაც 2025 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალმა“ მიკრობანკის სტატუსი მიიღო, დაახლოებით 50 სხვადასხვა ზომისა და მასშტაბის პროექტი განახორციელა, რათა მომხმარებელთან კიდევ უფრო დაახლოება შესძლებოდა. შედეგად, როგორც „კრისტალის“ გენერალური დირექტორი ილია რევია რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას აღნიშნავს, კომპანიამ გამოწვევებს თავი წარმატებით გაართვა და 2026 წლისთვის მომხმარებელი კიდევ უფრო მეტ სიახლეს იხილავს.
„ტრანსფორმაციის პერიოდის განმავლობაში იხვეწებოდა პროცესები, ინერგებოდა პროდუქტები, იცვლებოდა ტექნოლოგიები და ვფიქრობ, ამ ყველაფერს თავი საკმაოდ წარმატებულად გავართვით. „კრისტალი“ ყოველთვის სარგებლობდა მაღალი ნდობით როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, განსაკუთრებით დაფინანსებისა და მიკროფინანსების დარგში, თუმცა ჩვენი დეპოზიტების პორტფელი იმასაც ცხადყოფს, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული რაოდენობით შეგვიძლია დეპოზიტების მიღება მომხმარებლებისგან, სულ რაღაც 5 თვეში თითქმის 30 მილიონიანი პორტფელი შევქმენით. ნდობაზე კიდევ უფრო მეტს ვმუშაობთ. გვსურს, საინვესტიციო პროდუქტების ნაწილში ჩვენი ყურადღება კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ“, - აცხადებს ილია რევია.
როგორც ილია რევია განმარტავს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონცეფციის თანახმად, შესაძლებელი იყო მცირე და საშუალო ბიზნესების 200 ათას ლარამდე დაფინანსება, ხოლო მიკრობანკს დაფინანსების ლიმიტი 1 მილიონი ლარის ფარგლებში აქვს, რაც „კრისტალს“ საშუალებას მისცემს, მომხმარებელთან უფრო პროდუქტიულად იმუშაოს.
„ცხადია, ფოკუსს არ ვკარგავთ და ჩვენი ფოკუსი კვლავ მიკრო მეწარმეობა, ფერმერები, მეურნეობები და რეგიონებია. „კრისტალი“ ყოველთვის იყო რეგიონული ორგანიზაცია და ეს აქცენტი მხოლოდ გაძლიერდება. რაც შეიცვლება, ეს არის უფრო მეტი შესაძლებლობები ჩვენი მომხმარებლებისთვის ციფრული არხების მიმართულებით. 2026 წელი მთლიანად დიჯიტალიზაციის წლად გვაქვს გამოცხადებული. უკვე რაც შეიცვალა მიკრობანკის ლიცენზიასთან ერთად, ეს არის ტრანზაქციული, არასაკრედიტო პროდუქტები: ანგარიშები, დეპოზიტები, ბარათები, რომლებსაც ჩვენი მომხმარებლები უახლოეს ხანებში იხილავენ“, - განაცხადა ილია რევიამ.