დღეს, ლარის კურსი სტაბილური მიმართულებისაა და რაიმე გაუფასურებისკენ მოლოდინი არ არსებობს, - ასე ფიქრობს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე. როგორც მან მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში განმარტა, ერთადერთი, რაზეც გამოწვევებმა, განცხადებებმა, თუ პროტესტმა იქონია ზეგავლენა, ეს სავალუტო კურსი იყო. კურსი ყველაზე მოწყვლადია, რაც ეკონომისტის შეფასებით, ბუნებრივია, რადგან ეს ყველგან ასე ხდება.
"როცა პოლიტიკური ტემპერატურა მატულობს, ის აისახება მოლოდინებზე, განწყობებზე, რაც შემდეგ კურსში გადადის. როდის იყო ლარის კურსის ყველაზე დიდი რყევა? ეს იყო გაზაფხულზე, როცა პროტესტი დაიწყო. შემდეგ შემოდგომაზე, კერძოდ, სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბერში იყო ლარის კურსის გარკვეული მერყეობა.
მაშინ ეროვნულმა ბანკმა გაითავისა რა ამ რისკის ფაქტორი, ბაზარზე საკმაოდ დიდი მოცულობით ინტერვენციები მოახდინა. აღმოჩნდა, რომ ეს სტრატეგია სწორი იყო. დღეს ვხედავთ, რომ კურსი სტაბილურია. გასული წლის ბოლოდან დღემდე ფაქტობრივად, ლარს სტაბილური ქცევა აქვს," - ამბობს ეკონომისტი და იქვე თავისი პროგნოზის ახსნასაც ცდილობს.
"რაიმე გაუფასურებისკენ აქვს მოლოდინი, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რომელიც კურსის დინამიკის ერთ-ერთი ფაქტორია, მეორეც, რამე საგარეო ფაქტორი მოსალოდნელი არ არის,“ - ამბობს ცუცქირიძე.