იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აცხადებს, რომ აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მემორანდუმების გაფორმება იგეგმება.

„დღეს მოეწერება ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს უდიდეს კომპანიასთან PRYPCO TECHNOLOGIES, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო კომპანიის შვილობილი კომპანიაა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და რომლის ძირითადი მიმართულება არის უძრავი ქონების გაციფრულება – ტოკენიზაცია.

ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს მეტი ინვესტორის მოზიდვას საქართველოში, გახსნის ქართული უძრავი ქონების ბაზარს უცხოელი ინვესტორებისთვის და რაც მთავარია, ტექნოლოგია, რომელიც ამ მემორანდუმის განხორციელების ეტაპზე დაინერგება საქართველოში, დამყარებული იქნება ბლოქჩეინზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ტრანზაქციების გამჭვირვალობას და მათ სანდოობას“, – განაცხადა სალიამ.

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ასევე იგეგმება მემორანდუმის გაფორმება არაბეთის გაერთიანებული საამიროების მრეწველობისა და მოწინავე ტექნოლოგიების სამინისტროსთან.

„მემორანდუმი გულისხმობს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას საჯარო მმართველობაში, ასევე, ისეთი საინტერესო და ინოვაციური პროექტების განხორციელებას, როგორიცაა, მაგალითად, სმარტ ქალაქები“- განაცხადა პაატა სალიამ.