ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება და აბუ - დაბის მდგრადი განვითარების კვირეულში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობს. დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. როგორც მინისტრმა განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე უმსხვილეს ინვესტორებთან.
„ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. ჩვენი ინტერესია, გაღრმავდეს არსებული სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები, დამატებით მოვიზიდოთ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია, რომელიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის არაერთ მნიშვნელოვან დარგს, მათ შორის, სატრანსპორტო მიმართულებას, ლოგისტიკას, სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიას, დეველოპერულ სექტორს. დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ჩვენს ქვეყანაში ხელშესახები შედეგებით დავბრუნდებით,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განმარტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, სიტყვით მიმართოს ფორუმის დამსწრე საზოგადოებას.
“პრემიერ-მინისტრი დეტალურად ისაუბრებს იმ მნიშვნელოვანი მიღწევების შესახებ, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, განსაკუთრებით სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის მიმართულებით, საქართველოს როლზე შუა დერეფანში, ასევე რა მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს ჩვენი ქვეყანა, განსაკუთრებით მსხვილი ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, მათ შორის, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ასევე საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია და მისი შემდგომი განვითარება იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს, იყოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასაყრდენი და სანდო პარტნიორი შუა დერეფანში,“ - აღნიშნა მინისტრმა.
აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში, რომლის მთავარი თემაა თანამშრომლობა, ინვესტიციები და ინოვაციები, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, ბიზნესლიდერები, ახალგაზრდა ინოვატორები და პოლიტიკოსები მონაწილეობენ. სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა თემატურ პანელზე, რომლის მთავარი თემაა შუა დერეფანი - ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს