ენერგეტიკოს დავით მირცხულავას შეფასებით, ენერგოკომპანიებისთვის ჯარიმების ჩამოწერა სწორი გადაწყვეტილებაა. თუმცა BMG-სთან საკითხის შეფასებისას ენერგეტიკოსი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, შესაბამის ჩამონათვალში მხოლოდ რეალური ინვესტორები არ იყვნენ. მისივე თქმით, ინვესტორებზე ბოლო პერიოდში გაცემული სიმძლავრეები იმაზე მიუთითებს, რომ ენერგეტიკის დარგში ბევრი „ვირტუალური“ ინვესტორიც გაჩნდა.

“ჯარიმების ჩამოწერა აუცილებელი იყო, თუმცა იმედი მაქვს, რომ 1 მილიარდი ლარის ჯარიმები რეალურ ინვესტორებს ჩამოეწერათ. ბუნებრივია, რეალურ დეველოპერებს უამრავი გასამართლებელი აქვთ, თუ რატომ წარმოიშვა ეს ჯარიმები, ეს ორმხრივი პროცესია და იმედი მაქვს, რომ დიდი რაოდენობის სიმძლავრეებზე დაიწყება მუშაობა ქვეყანაში უკვე მომავალი წლიდან.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, მუდმივად ვამბობ, “ერთი ფანჯრის” პრინციპი უნდა დაინერგოს, რომ ინვესტორმა სახელმწიფოსგან კვალიფიციური პასუხი დროულად მიიღოს. ინვესტორს ეს სჭირდება რომ ხელი არ შეეშალოს. რეალურ ინვესტორებს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ვირტუალური ინვესტორი გაჩნდა. 15 000 მეგავატამდე სიმძლავრეებია გაცემული, დაახლოებით 20 მილიარდის ინვესტიციაზეა საუბარი, რაც ბუნებრივია არარეალურია. ბოლო ხუთ წელიწადში 100 მეგავატია [ექსპლუატაციაში] სულ შესული, ეს ძალიან დაბალი ციფრია საქართველოსთვის. რეგიონში ენერგეტიკის მიმართულებით ბუმია და ჩვენც ეს გვჭირდება წყალივით”, - განაცხადა დავით მირცხულავამ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმა, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია.

bm.ge