2025 წელს თქვენ მრავალი ფუნდამენტური თავისუფლება დავკარგეთ. ივანიშვილის რეჟიმმა, როგორც თავადვე გვითხრა, "მეთოდურად" იმუშავა ისეთი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შესაზღუდად, როგორიცაა შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, ინფორმაციაზე წვდომა და მედიის დამოუკიდებლობა, პოლიტიკური და საარჩევნო უფლებები, პირადი ხელშეუხებლობა და უსაფრთხოება...
გარდა უკვე ამოქმედებული რეპრესიული კანონებისა, რეჟიმის მიერ ასევე დაგეგმილია აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა. ეს გულისხმობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო საზოგადოებაზე სახელმწიფო კონტროლის დამყარებას, რაც თავისუფალი კვლევისა და სწავლების სივრცეს ცენზურის ქვეშ მოაქცევს.
ამ საკანონმდებლო ცვლილებების ერთობლიობა ქმნის გარემოს, სადაც მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში, სასწავლებელში თუ პირად სივრცეში ძირითადად დაუცველი რჩება.
"მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ საშემოდგომო სესიის ფარგლებში ნაყოფიერი საპარლამენტო საქმიანობისთვის" - მიმართა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2025 წლის ბოლო პლენარული სხდომის დახურვისას ოლიგარქის დეპუტატებს.
2025 წელს ივანიშვილის პარლამენტმა მართლაც ნაყოფიერად იმუშავა - ქართულმა ოცნებამ ერთმანეთის მიყოლებით მიიღო ანტიდემოკრატიული, ადამიანის უფლებების შემზღუდავი და რეპრესიული კანონპროექტები.
იყვნენ "ნაყოფიერი მუშაობით" გამორჩეული დეპუტატებიც, მაგალითად არჩილ გორდულაძე, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში სადებიუტო წელი აქტიურ კანონშემოქმედებაში გაატარა. ის ქვემოთ მოყვანილი კანონების უმრავლესობის ერთ-ერთი უცვლელი ინიციატორი და ავტორია.
საგულისხმოა ისიც, რომ ეს განცხადება პაპუაშვილმა 17 დეკემბერს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გააკეთა. 16 და 17 დეკემბერს რეჟიმმა ორი რიგგარეშე სხდომა ჩანიშნა რამდენიმე შემზღუდავი კანონის საბოლოოდ დასამტკიცებლად.
რეჟიმის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესის 2028 წლამდე შეაჩერებას საქართველოში უწყევტი საპროტესტო ტალღა მოჰყვა, რომელიც უკვე წელიწადზე მეტხანს გრძელდება.
რეჟიმმა პროტესტის შესაჩერებლად ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მიიღო შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. აკრძალა შეკრებებზე ნიღბების გამოყენება, მათ შორის, ე.წ ბალაკლავის ტარება, აქციებზე ლაზერის ქონა.
პიროტექნიკის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია ლიცენზიის გარეშე.
ცვლილებები შეიტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში - შენობების ბლოკირებასა და გზის "ხელოვნურად გადაკეტვაზე" ჯარიმა 5 000 ლარამდე გაზარდა.
შემზღუდავი და რეპრესიული კანონების მისაღებად "ნაყოფიერი მუშაობა" 2025 წელსაც გაგრძელდა.
გიყვებით უფლებებზე, რომლებიც რეჟიმმა 2025 წელს წაგართვათ:
რეჟიმი აქციების წინააღმდეგ
ქართულმა ოცნება მოქალაქეებს ჯერ ქუჩაზე დგომის გამო აჯარიმებდა, შემდეგ აკავებდა, ბოლოს კი ტროტუარზე დგომაც კანონდარღვევა გახადა - აქციების კრიმინალიზების ქრონოლოგია:
თებერვალში ჯერ კიდევ საკანონმდებლო ხელისუფლებაში მყოფმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "მხოლოდ 4 ასეული ადამიანისგან შემდგარი კარგად გაწვრთნილი აგენტურული ბირთვი, უხეშად არღვევს 4 მილიონი ადამიანის უფლებებს" და ახალი საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა.
- რეჟიმმა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 60 დღემდე გაზარდა.
- აგიკრძალათ დახურულ სივრცეში, შენობებში აქციის ჩატარება მესაკუთრის წინასწარი ნებართვის გარეშე.
- აგიკრძალათ წარწერების გაკეთება საჯარო სივრცეში - ვანდალიზმის განმეორებით ჩადენისთვის კი 60-დღემდე პატიმრობა განსაზღვრა.
- წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმა 1 000-დან 3 000 ლარამდე გაზარდა, ადმინისტრაციული პატიმრობა - 15-დან 20 დღემდე. განმეორებით ჩადენისთვის ჯარიმა 5 000 ლარამდე, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა - 60 დღემდე გაზარდა.
- 5 000 ლარამდე ჯარიმა, 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ასევე გაიზარდა - ძალოვანი უწყებების თანამშრომლების მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის და მათი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.
- ადმინისტრაციულ კოდექსს დაუმატა ახალი მუხლი, რომელიც საჯარო მოხელის ან პოლიტიკური თანამდებობის პირის საქმიანობის გამო შეურაცხყოფას გულისხმობს, დააწესა ჯარიმა 4 000 ლარამდე და ადმინისტრაციული პატიმრობა 45 დღემდე.
რეჟიმმა აღნიშნული არაერთხელ გამოიყენა მოქალაქეების, მათი გამოხატვის წინააღმდეგ - ამაზე ქვემოთ მოგიყვებით.
ივანიშვილის რეჟიმმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის პარალელურად, ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსშიც.
3 წლამდე პატიმრობით დასჯადი გახდა "რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ის ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს".
ეს მუხლი მარტივად რომ აგიხსნათ, თავისუფლად შეიძლება გავრცელდეს - "ოლე ოლას" სიმღერაზეც.
ძალოვანი უწყებების თანამშრომლებისთვის ხელის შეშლა 2-დან 6 წლამდე პატიმრობას იწვევს, მათი საქმიანობის გამო, მათზე ან მათ ოჯახის წევრებზე თავდასხმა 4-დან 7 წლამდე პატიმრობას. ასევე სისხლის სამართლის კოდექსშიც ჩაიწერა მუხლი პოლიტიკოსებისა და საჯარო მოხელებზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
რეჟიმმა შემოიტანა მუნიციპალიტეტის წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება სპონტანური შეკრებისა და მანიფესტაციის დროს, რომელიც მოქალაქეებისგან მოითხოვს შეკრების ადგილს, დაწყების და დამთავრების დროს, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობას, "პასუხისმგებელი პირის" მისამართს, სახელს და მონაცემებს.
რეჟიმმა აგიკრძალათ აქციაზე ბარიკადების - "დროებითი კონსტრუქციების" მოწყობა.
ასევე, აკრძალა აქციების ჩატარებდა მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძებში - თებერვალში კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, აკრძალულია აქცისას ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული იმ სატრანსპორტო კვანძების ბლოკირება, რომელიც სატრანსპორტო ნაკადს შეაფერხებს. ახალი რედაქციით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს აეკრძალათ ხალხის გადაადგილებისათვის დაბრკოლების "განზრახ შემქნაც".
აღსანიშნავია, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილების მიღებამდე, 2 თებერვალს აქცია იყო დაგეგმილი, რომელიც ცენტრალურ მაგისტრალებსა და ავტობანებზე უნდა გამართულიყო.
აქციის მონაწილეები თბილისი მოლთან შეიკრიბნენ. საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ სსკ-ის 222-ე მუხლით, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა. 31 იანვარს ივანიშვილის მთავრობის დადგენილებით, სტრატეგიული ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის გზები დაემატა, მათ შორის თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალი, სადაც 2 თებერვალს აქცია გაიმართა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია აქციის 8 მონაწილე.

პოლიცია თბილისი მოლთან აქციაზე, 2025 წლის 2 თებერვალი
თებერვალში გამკაცრებული კანონმდებლობა, მუხლები, ძირითადად ისაა, რის გამოც რეჟიმი აქციის მონაწილეებს ყველაზე ხშირად აკავებდა ან აჯარიმებდა, ესენია - ადმინიტრაციული კოდექსის 166-ე - წვრილმანი ხულიგნობა, 173-ე - პოლიციელის დაუმორჩილებლობა ან მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა, 173-ე მე-16 პრიმა - თანამდებობის პირის შეურაცხყოფა და 174-ე პრიმა მუხლები - გზის გადაკეტვა.
რეჟიმის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ კანონების გამკაცრებამ, ჯარიმების გაზრდამ პროტესტი გადატეხა და ქუჩაში მხოლოდ 50, 100 ან 150 "აკაცუკი" იდგა. თუმცა მოქალაქეებმა "გზის გადაკეტვის" გამო გამოწერილი ჯარიმები არ გადაიხადეს და სასამართლოში გაასაჩივრეს.
ამის შემდეგ, უკვე ივლისში რეჟიმმა ისედაც რეპრესიული კანონები კიდევ ერთხელ გაამკაცრა. მიიღო ცვლილებები, რომლის თანახმადაც თუ მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, 173-ე, 173-ე მე-16 პრიმა და 174-ე პრიმა მუხლების დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის, ქმედების განმეორებისას, ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება.
აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეპრესიების შემდეგი ტალღა უკვე ოქტომბერში დაიწყო. რეჟიმმა მორიგ ჯერზე შეიტანა კანონში ცვლილებები. 15 დღემდე პატიმრობით დაისჯება აქციის მონაწილე თუ ის:
- სახეს "ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით" დაიფარავს;
- გზას გადაკეტავს, ანუ "განზრახ შექმნის დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის";
- მოაწყობს დროებითი კონსტრუქციას, რომლის მოწყობა "საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას". იქონიებს "ცრემლმდენ, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/და მომწამვლელ ნივთიერებას";
გარდა ამისა, 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს ისეთ მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება. ქმედების განმოერება უკვე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს 1 წლამდე ვადით, მესამე და ყოველი შემდეგი კი 2 წლამდე.
ასევე ცვლილებებით, 1 წლამდე პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც პოლიციელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის განკარგულებას.

2025 წლის 23 ოქტომბერს, მეტრო თავისუფლების მოედნის მიმდებარედ გააჩერეს მოქალაქე მიხეილ ზაქარეიშვილი. შსს-მ ამოიღო და დალუქა პირბადე.
აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, მოქალაქეები აქციებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარზე აწყობდნენ, იმართებოდა მსვლელობებიც. შეწუხებულმა რეჟიმმა წლის მიწურულს, დეკემბერში ახალი ცვლილებები მიიღო - შესაძლებელი გახადა მოქალაქეების ტროტუარზე დგომის გამო დაკავება.
მიღებული ცვლილებებით თუ შეკრების მონაწილეები არ დასთანხმდებიან შსს-ს მიერ შეთავაზებულ ადგილზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას დაეკისრებათ ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.
ხალხის მოძრაობის ადგილას აქციის გასამართად სავალდებულო გახადა სახელმწიფოს გაფრთხილება, თუ თებერვალში მიღებული ცვლილებებით, სპონტანური ან არასპონტანური შეკრებების ან მანიფესტაციების ორგანიზატორი ვალდებული იყო მუნიციპალიტეტი გაეფრთხიელბინა, ახლა ვალდებულია შსს-ს მიმართოს. ცვლილების თანახმად, შსს-ში გაფრთხიელბა აქციამზე არაუგვიანეს 5 დღის ვადაში უნდა შევიდეს, გარდა ამისა, უწყებას უნდა უთხრან რამდენი ადამიანი აპირებს აქციაზე მისვლას.
კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტომრა, არჩილ გორდულაძემ აღნიშნული ასე ახსნა: "ე.წ. გეგმები აქვთ, მორიგეობებს აწესებენ და ერთად განსაზღვრავენ, თუ რა ადგილზე, რა დროს და რა მიმართულებით იარონ, ეს სპონტანური აქცია არაა. წინასწარ დაორგანიზებული, მართული აქციაა სპონტანური არაა".
რეჟიმმა 2025 წელს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაც შეგიზღუდათ
ივნისში რეჟიმმა დაჩქარებული წესით ცვლილებები შეიტანა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში, რომლებმაც ის მნიშვნელოვნად შეზღუდა.
რეჟიმმა ცილისწამების განმარტება "დააზუსტა" და შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: "არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება", აქამდე მოქმედი კანონით, ცილისწამება განიმარტებოდა როგორც: "არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება."
ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადაიტანა. კანონი ვრცელდება როგორც პირისპირ, ისე საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზე.
რაც ნიშნავს, რომ თუ საჯარო პირი სასამართლოში სარჩელს შეიტანს, მან უნდა მიუთითოს განცხადების ის ნაწილი, რომელიც მისი თქმით, შეიცავს მცდარ ფაქტებს, მოპასუხემ კი უნდა დაადასტუროს მის მიერ ხსენებული განცხადების სიზუსტე. თუ ვერ დაამტკიცებს, დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა.
გაუქმდა კვალიფიციური პრივილეგია - იგი იცავდა გამოხატვის უფლებას მცდარი ინფორმაციის გავრცელების ისეთ შემთხვევებს, თუკი განცხადების ავტორმა მიიღო ზომები ინფორმაციის სისწორის გადასამოწმებლად, მაგრამ ვერ შეძლო შეცდომის თავიდან არიდება, ან გაატარა ქმედებები, დაზიანებული პირის რეპუტაციის აღსადგენად, მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს.
გარდა ამისა, ცვლილებებით შესაძლებელი გახდა ჟურნალისტისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, თუკი ის წყაროს არ გათქვამს.
მნიშვნელოვანია, რომ რეჟიმმა გააუქმა წესი, რომლის მიხედვითაც თუ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვი არსებობდა და ეს ეჭვი კანონით დადგენილი წესით ვერ დადასტურდებოდა, ეჭვი გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ უნდა გადაწყვეტილიყო.
რეჟიმმა გამოხატვის თავისუფლება სოციალურ ქსელებშიც შეზღუდა - მონის დაძახება [დაწერა] დასჯადი გახდა
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანამდე, რეჟიმმა ადმინისტრაციულ კოდექსში თებერვალში შეტანილი ცვლილებები გამოიყენა და 6 ივნისს ირაკლი კირცხალიას პირით განაცხადა, რომ ამზადებდნენ საჩივარს, რომელიც სოციალურ ქსელში, საჯარო სივრცეში გამოქვეყნებულ იმ "უბინძურეს გამონათქვამებს და შეურაცხყოფას" ეხება, რომლებიც მიმართულია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ.
სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების, კომენტარების, ასევე საჯარო სივრცეში, პირისპირ "მონის" დაძახების გამო, რეჟიმმა ივნისში მოქალაქეებს უჩივლა. მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში მიღებული კანონი ცალსახად და პირდაპირ არ ითვალისწინებს სოციალურ ქსელში გამოთქმულ მოსაზრებებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ათობით მოქალაქე დააჯარიმა ქართული ოცნების წევრების, პოლიციელებისა და რეჟიმის სხვა წარმომადგენლების "შეურაცხყოფისთვის" - ძირითადად სადავო იყო სიტყვები "მონა", "არაქალი" და სხვ.
რეჟიმმა 2025 წელს სასამართლოდან მედია განდევნა
ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, 2013 წელს ქართულმა ოცნებამ დახურული სასამართლო პროცესების მედიისთვის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. მედიას მიეცა სასამართლო პროცესების ფოტო-ვიდეო გადაღების, აუდიოჩაწერის, სხდომების ტრანსლირების უფლება. ხელისუფლებაში ყოფნის მე-12 წელს კი ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი აკრძალა.
კობახიძის განცხადების შემდეგ, ნოემბერ-დეკემბერში გამართულ აქციებზე დაკავებული პირების პროცესებიდან გავრცელებული ფოტოები და კადრები საზოგადოებისთვის რეზონანსული აღმოჩნდა. მათ შორის, საჯაროდ ვრცელდებოდა მომენტები, რომელიც პროკურატურას ბრალდების აბსურდულობაში ამხელდა.
17 მარტს პარლამენტის ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად გადასცა მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აღნიშნავდა, რომ პროცესებზე ხშირად ხდება "სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია" და სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს ფოტო და ვიდეოგადაღების აკრძალვას ითხოვდა.
10 ივნისს, ანალოგიური მოწოდებით გამოვიდა ივანიშვილის სატელიტი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოც".
26 ივნისს კი, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით რეჟიმმა ცვლილებები შეიტანა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში და სასამართლოდან მედია განდევნა.
მედიის წარმომადგენლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნებართვის გარეშე აეკრძალათ პროცესების ფოტო და ვიდეო გადაღება, აუდიოჩანაწერის გაკეთება. შეზღუდვა ვრცელდება არამხოლოდ სხდომათა დარბაზში, არამედ სასამართლოს შენობასა და ეზოზეც. მედიისთვის სივრცე შესასვლელ ჭიშკართან გამოიყო - იმის იქით, გადაღება აიკრძალა, მათ შორის, მოქალაქეებისთვისაც.
აღსანიშნავია, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთადერთი პროცესის გადაღების ნებართვა გასცა - ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის სააპელაციო განხილვის პირველი სხდომის, რომელიც მისი დაკავებისა და ქვეყანაში ჩამოყვანის შემდეგ ჩატარდა.
პარალელურად რეჟიმმა ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის მიხედვითაც დაფარული იქნება იმ პირის ვინაობა, რომელიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობს. პირის გამოკითხვა შესაძლებელი იქნება დისტანციურად, მისი ვინაობა მხოლოდ სასამართლოს და ბრალდების მხარეს ეცოდინება, პირის ვინაობა არ იქნება მითითებული გამოკითხვის ოქმში.
რეჟიმმა მთელი რიგი კანონები მიიღო მედიის წინააღმდეგ
2024 წელს მიღებული რუსული კანონის შემდეგ, რეჟიმმა "გამჭვირვალობის" საფარქვეშ 2025 წელსაც არაერთი კანონი მიიღო. თებერვალში მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ რეჟიმი "ბრიტანული მოდელიდან" საკანონმდებლო დონეზე აპირებს “მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების განსაზღვრას”.
საგულისხმოა ისიც, რომ "ბრიტანული მოდელის" დამტკიცებიდან რამდენიმე თვეში, რეჟიმმა ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს სტანდარტები დაუწუნა, მას შემდეგ რაც, 2025 წლის პირველ დეკემბერს BBC-მ საქართველოში აქციების დარბევასთან დაკავშირებით სტატია და დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა.
გამოცემა მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად, შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
BBC-ის გამოძიების საპასუხოდ, რეჟიმმა გადაწყვიტა მაუწყებელს უჩივლოს, ბოდიშის მოხდა მოითხოვა დიდი ბრიტანეთისგანაც.
კობახიძის თქმით, სამწუხაროა, რომ BBC-მ "იკადრა ტყუილი" და ხელმძღვანელობს "იგივე სტანდარტებით, როგორითაც Fake ტელევიზიები საქართველოში".
თებერვალში მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ დააინიცირებდნენ ამერიკული FARA-ს სიტყვა-სიტყვით ნათარგმნ ვერსიას, ასევე გრანტების კანონს, რომელიც რეჟიმის ნებართვის გარეშე გრანტის მიღებას კრძალავს.
სამივე კანონი ქართულმა ოცნებამ აპრილში საბოლოოდ მიიღო.
მედიის კანონებით, რეჟიმმა მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების პირდაპირი და არაპირდაპირი მიღება აუკრძალა. ცვლილებები შეიტანა მაუწყებლობის სტანდარტებში და ამ სტანდარტების დარღვევაზე, თვითრეგულირების მექანიზმის გარდა, რეაგირების შესაძლებლობა კომუნიკაციების კომისიასაც მისცა.
რაც შეეხება "FARA"-ს ანალოგს, რეჟიმმა თებერვალში პარლამენტის საიტზე გამოაქვეყნა კანონპროექტის ნათარგმნი ვერსია, რომელიც აშშ-ს იურისდიქციასა და ინსტიტუტებს მიემართებოდა. მოგვიანებით ტექნიკური დეტალები შეცვალეს და აპრილში საბოლოოდ დაამტკიცეს.
ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში - "FARA"-ს დარღვევა ან გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით ან 5 წლამდე პატიმრობით.
რაც შეეხება გრანტების კანონს, აპრილიდან ივანიშვილის მთავრობის ნებართვის გარეშე გრანტის მიღება აიკძალა. გარდა ამისა, მთავრობას გრანტის ხელშეკრულებასთან ერათად წვდომის უფლება ექნება ნებისმიერ დოკუმენტზე, რომელიც საჭირო იქნება "ამ საკითხის განხილვის ფარგლებში".
"აკრძალული გრანტის" მიღება იწვევს დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.
რეჟიმი პარტიებისა და პოლიტიკური საქმიანობის წინააღმდეგ
ივანიშვილის რეჟიმმა აპრილში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებები დააინიცირა, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური პარტიები და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირები უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერით ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობას ვეღარ შეძლებენ.
რეჟიმმა გაამარტივა პოლიტიკური პარტიების გაუქმების წესი.
ოქტომბერში იგივე კანონს ქართულმა ოცნებამ ახალი მუხლი დაუმატა, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და შემადგენლობა "არსებითად იმეორებს" სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას.
საკანონმდებლო ცვლილებებით, თუ კონკრეტული პარტია იკრძალება, მის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ პასიური საარჩევნო უფლებით, ანუ მათ აღარ შეეძლებათ იყვნენ არჩეულები, მაგალითად - საქართველოს პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებში.
ამავდროულად, მათ შეეზღუდებათ კონსტიტუციაში დასახელებული ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფლება, ვეღარ შეძლებენ გახდნენ სხვა პარტიის წევრები. ასევე, ვერ გახდებიან სხვა პარტიების შემომწირველები.
პარტიას, რომელიც ასეთ პირს თავის რიგებში გააწევრებს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება - ჯარიმა, ხოლო თუ კონკრეტული პარტიის მნიშვნელოვნად მეტი ადამიანი ახალ პარტიაში გაწევრიანების შემდეგ გადაწყვეტილების მიმღები იქნება, ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტული პარტიის აკრძალვა არის შესაძლებელი, როგორც ე.წ. მემკვიდრე პარტიის.
ქართულმა ოცნებამ ოქტომბერში მოამზადა საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც 3 პარტიის - ენმ-ს, ახალისა და ლელოს აკრძალვას ითხოვს.
ნოემბერში ქართულმა ოცნებამ ახალი საარჩევნო კოდექსი წარადგინა, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური პარტია უფლებამოსილი იქნება, კანდიდატად წარადგინოს მხოლოდ თავისი პარტიის წევრი, ხოლო საინიციატივო ჯგუფი წარადგენს მხოლოდ უპარტიო კანდიდატს.
რეჟიმმა ემიგრანტებს საზღვარგარეთ ხმის მიცემა აუკრძალა
ახალი საარჩევნო კოდექსით, რომელიც რეჟიმმა საბოლოოდ მესამე მოსმენით 17 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა, ემიგრანტებს საზღვარგარეთ ხმის მიცემა აუკრძალა.
ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის აკრძალვა ასე ახსნა: "ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას."
პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ არაფერი იცვლება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში - "ერთადერთი პირობა არის ოთხ წელიწადში ერთხელ, სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში".
5 გრამზე მეტი მარიხუანა = 6 წლამდე პატიმრობა
ივანიშვილის პარლამენტმა 2025 წლის მანძილზე არაერთი ანტინარკოტიკული კანონი მიიღო. სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებების ფლობაზე თავიდან განისაზღვრა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა.
გარდა ამისა, ახალი ნარკოპოლიტიკით, თუ პირის გარეგნული ან/და ქცევითი მახასიათებლები ქმნის საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ პირი იმყოფება ნარკოტიკული საშუალების (გარდა მარიხუანა ან მცენარე კანაფი), მისი ანალოგის ან პრეკურსორის ზემოქმედების ქვეშ, პოლიციელი უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით გადაყვანა ან შესაბამისი მიმართვის საფუძველზე კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების არაუგვიანეს 24 საათისა წარმოდგენა.
სახელმწიფოს მიერ განისაზღვრა იმ ლაბორატორიების და დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც პირს ნიმუშის ჩაბარება შეეძლება.
ნარკოპოლიტიკის გამკაცრების შესახებ კანონპროექტის ფარგლებში, სისხლის სამართლის კოდექსს, ერთ-ერთი სასჯელის სახით, სავალდებულო მკურნალობა დაემატა - პროკურორის მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი კომისია განიხილავს დაენიშნოს თუ არა ნარკოდამოკიდებულ პირს სავალდებულო მკურნალობა, რის შემდეგაც მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
გარდა ამისა, რეჟიმმა აკრძალა ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო დაწესებულებები, ასევე კერძო კომპანიებს აუკრძალა ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი.
რაც შეეხება მარიხუანას, მცენარე კანაფის 10-დან 155 გრამამდე, ნედლი მარიხუანას 10-დან 140 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანას 5-დან 70 გრამამდე შეძენა და შენახვა 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გამოიწვევს - ხოლო უკანონო დამზადება, წარმოება, გადაგზავნა ან გადაზიდვა კი 3-დან 7 წლამდე პატიმრობით განისაზღვრა.
რეჟიმი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებისთვის ერთიან ბაზას ქმნის
ქართულმა ოცნებამ დეკემბერში მესამე მოსმენით მიიღო ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებები
დოკუმენტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს ბაზის შესაქმნელად ვადა 2026 წლის 1 მარტამდე აქვს. ჯანდაცვის სამინისტრო შექმნის ბაზას, სადაც შეიტანენ მონაცემებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებული ადამიანების შესახებ. რეჟიმის მტკიცებით, ცვლილებები მოქალაქეებზე სხვადასხვა სახის ლიცენზიების და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების გაცემას უკავშირდება, მათ შორის ბაზას გამოიყენებენ მართვის მოწმობის გამოცდაზე დაშვებისთვისაც.
წიწაკის სპრეის შესაძენად შსს-ს ნებართვა დაგჭირდებათ
17 დეკემბერს რეჟიმმა მესამე მოსმენით მიიღო იარაღის შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს შსს-ს ნებართვის გარეშე წიწაკის სპრეის, ასევე ხმოვანი იარაღისა და ელექტროშოკერის შეძენა აუკრძალა. ცვლილებების თანახმად, წიწაკის სპრეის, ელექტროშოკერისა და ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანა ნებართვას დაექვემდებარება.
გარდა ამისა, პოლიციას ენიჭება უფლებამოსილება დაადგინოს აკუსტიკური იარაღის შეძენაზე შეზღუდვები, როგორც რაოდენობის, ისე შეძენის პერიოდულობის კუთხით.
ზემოთჩამოთვლილი საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, ივანიშვილის რეჟიმი მოსახლეობას უმტკიცებს, რომ მისი და ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილები და ღირებულებები "ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია". პარალელურად, ქართულმა ოცნებამ შეცვალა საქართველოში იქამდე მოქმედი გამოხატვის თავისუფლების ამერიკული მოდელი, აგრძელებს რეპრესიებს განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებისა და ოპონენტების მიმართ.
რეჟიმს შეგვიძლია შევახსენოთ, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის 2025 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ნათქვამი სიტყვები - "დემოკრატიულ მანდატს ვერ მოიპოვებ მოწინააღმდეგეების ცენზურით ან მათი ციხეში ჩასმით".