ბათუმის მერია ბიუჯეტს ცვლის – 2026 წლის ბიუჯეტის გადასახდელები 22 მილიონი ლარით იზრდება. იზრდება ბიუჯეტის ნაშთიც.
2026 წლის ბიუჯეტის ნაშთის ცვლილების საპროგნოზო მაჩვენებელი 16 მილიონ 724 ათასი ლარით იზრდება და, საერთო ჯამში, 82 მილიონ 650 ათას ლარს აღწევს.
მერიის განმარტებით, „2025 წლის ბოლოსთვის ნაშთის დაგროვება ბიუჯეტით განსაზღვრული საკუთარი შემოსავლების დაგეგმილ საპროგნოზო მაჩვენებლებზე მეტი ფინანსური სახსრების შემოსვლამ განაპირობა“.
კერძოდ, ქონების გადასახადის ფარგლებში შესრულება 15 მილიონ 370 700 ლარია, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 132 პროცენტია. სხვა შემოსავლებმა კი 28 მილიონ 630 ათასი ლარი, ანუ 127.4% შეადგინა.
გარდა ამისა, ნამატ თანხაში აისახა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში მიღებული ეკონომია. შესაბამისად, ზრდის მერია საპროგნოზო მაჩვენებლებს.
მაგალითად, სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 5 მილიონი ლარით იზრდება, მათ შორის პროცენტები – 2 მილიონ 525 ათასი ლარით. ეს მუნიციპალიტეტის მიერ ბანკში განთავსებულ ფულად სახსრებზე დარიცხული სარგებელია.
ადგილობრივი მოსაკრებლის საპროგნოზო მაჩვენებელი დასუფთავებისთვის 2 მილიონ 700 ათასი ლარით გაიზრდება.
ცვლილებები აისახება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილშიც: მერია რამდენიმე ახალ ღონისძიებას ამატებს, ზრდის მიმდინარე პროექტების დაფინანსებას, ზოგიერთს კი ამცირებს.
850 000 ლარით ამცირებს მერია შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებულ ბიუჯეტს. ეს ეკონომია მერიამ პროევროპული პეტიციის ხელმომწერი თანამშრომლების სამსახურიდან გაშვების ხარჯზე მიიღო. სამსახური ოცდაათმა თანამშრომელმა დატოვა.
მერიამ ბიუჯეტში 2 მილიონი ლარი დაამატა სტიქიის შედეგად მიღებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსებას. 4 მილიონი ლარი გაითვალისწინა მამია ვარშანიძისა და ხახულის ქუჩების [სულაბერიძისა და ვარშანიძის ქუჩების კვეთიდან ხალვაშის გამზირამდე] კეთილმოწყობაზე.
ახალი ღონისძიებების ჩამონათვალშია ლერმონტოვის ქუჩაზე ბათუმის მერიის მეორე ადმინისტრაციული შენობის რემონტი – მერიამ შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით ბიუჯეტში 3 მილიონი ლარი გაითვალისწინა.
გარდა ამისა, გოგებაშვილის ქუჩაზე, თევზის ბაზრის მიმდებარედ საპარკინგე სივრცის მშენებლობას გეგმავენ. ამისთვის ბიუჯეტში 500 000 ლარი გაითვალისწინეს.
საერთო ჯამში, პროექტის ბიუჯეტი 8 მილიონი ლარია. ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტი მრავალწლიანია, ბიუჯეტში პროექტის ვადად 2026-2027 წლებია მითითებული. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ვადაში მოახერხონ საპარკინგე სივრცის აშენება, პრაქტიკის გათვალისწინებით.
მერია ასევე გეგმავს სათვალთვალო კამერების შეძენას, რისთვისაც 9 800 ლარი გაითვალისწინა.
გარდა ამისა, მერია რამდენიმე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას, ლიფტების შეძენა-მონტაჟსა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს დააფინანსებს.
რამდენიმე დაგეგმილ პროექტს კი აუქმებს იმ მიზეზით, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდს გადასცემს მათ: ამ პროექტების დაფინანსება 6 მილიონი ლარი იყო, მათ შორის „არდაგანის ტბის“ და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, რისთვისაც 2 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, ასევე რაგბის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 2 ახალი სტადიონის და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა.