ბათუმისა და გონიოს საფეხმავლო კავშირი, რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ კონცეფციებისა და განუხორციელებელი გეგმების დონეზე რჩებოდა, ხელისუფლების ინფრასტრუქტურულ დღის წესრიგში ისევ დაბრუნდა. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციისა და ჭოროხზე ბათუმი გონიოს დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსის სავარაუდო ღირებულება 5.5 მილიონი ლარია დღგ-ს გარეშე. წინადადებების მიღება 2026 წლის 29 ივლისს დაიწყება და 3 აგვისტოს 12:00 საათზე დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 კალენდარულ თვეში უნდა მოამზადოს.

საკონკურსო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი მხოლოდ ერთი ხიდის დაგეგმვას არ გულისხმობს. ის მოიცავს ბათუმის ძველი და ახალი ბულვარის, სანაპირო ზოლისა და მდინარე ჭოროხის მიმდებარე სარეკრეაციო სივრცეების ერთიან განვითარებას. საპროექტო არეალის საერთო ფართობი 136 ჰექტარია.

დავალების მიზანია ბათუმის ბულვარის პრომენადის, სარეკრეაციო სივრცეებისა და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ტერიტორიის განახლება. პროექტის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად კი ჭოროხზე ბათუმი გონიოს დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი სახელდება. დოკუმენტაციის მიხედვით, ხიდი ისე უნდა დაიგეგმოს, რომ სივრცეების გამოყენება წლის ყველა სეზონზე იყოს შესაძლებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურა ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიულად შეერწყას.

პროექტირების ფარგლებში გათვალისწინებულია პრომენადის, ველობილიკების, გამწვანების, გარე განათების, უსაფრთხოების სისტემების, საინჟინრო ქსელებისა და კომუნიკაციების განახლება. ასევე უნდა მომზადდეს გადაწყვეტები საბავშვო და სპორტული სივრცეებისთვის, ამფითეატრისთვის, რეკრეაციული ზონებისთვის, მცირე არქიტექტურული ფორმებისთვის, საზოგადოებრივი სანიტარული კვანძებისთვის, საშხაპეებისთვის, პარკინგებისთვის და კემპერებისთვის განკუთვნილი სივრცეებისთვის.

ჭოროხზე ბათუმისა და გონიოს დამაკავშირებელი ხიდის იდეა ახალი არ არის. მისი მშენებლობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში განიხილებოდა, შემდეგ კი ამ თემას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაც დაუბრუნდა, თუმცა სხვადასხვა კონცეფციისა და ესკიზის მიუხედავად, პროექტი დღემდე არ განხორციელებულა.

ინფრასტრუქტურულად ეს კავშირი ბათუმის სანაპირო განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად განიხილება. ახალი ბულვარის გაგრძელება, დღევანდელი დავით ართმელაძის ქუჩა, მდინარე ჭოროხის კალაპოტთან წყდება. ხიდის მშენებლობის შემთხვევაში ეს მონაკვეთი გონიოს პლაჟს დაუკავშირდება და ბათუმის სანაპირო ზოლი სამხრეთის მიმართულებით ერთიან საფეხმავლო და ტურისტულ მარშრუტად ჩამოყალიბდება.

ამ პროცესს უკავშირდება კიდევ ერთი პროექტიც. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ მანამდე გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის გაგრძელებამდე ახალი გზის მშენებლობაზე 6.38 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ახალი გზა ჭოროხის ქუჩასა და დავით ართმელაძის ქუჩას უნდა დააკავშიროს, მისი სიგრძე კი 1 955 მეტრი იქნება.

პროექტის გარშემო ერთ-ერთ მთავარ საკითხად გარემოსდაცვითი ნაწილი რჩება. ჭოროხის დელტა „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრებშია, რაც ინფრასტრუქტურული ჩარევისას დამატებით პროცედურებსა და განსაკუთრებულ შეფასებას მოითხოვს. გარემოს დაცვის სამინისტროს 2025 წლის განმარტებით, ჭოროხის შესართავთან ხიდის მშენებლობაზე გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაცემული არ ყოფილა. უწყების განმარტებით, შესაბამისი საქმიანობისთვის გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს სკრინინგის, სკოპინგის ან გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურების გავლის შემდეგ.

კიდევ ერთი გაურკვევლობა გონიოს სანაპიროზე და ჭოროხის მიმდებარე ტერიტორიაზე დაანონსებულ სხვა მსხვილ პროექტებს უკავშირდება. ამავე სივრცეში ხელისუფლებამ არაბული „იგლ ჰილსის“ ინვესტიციაც წარადგინა, რომლის რენდერებშიც ხელოვნური ყურე და იახტკლუბია ნაჩვენები. შესაბამისად, ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, როგორ შეერწყმება საფეხმავლო ხიდი და ბულვარის გაგრძელება ამ პროექტს და როგორი იქნება საბოლოო სივრცითი გადაწყვეტა.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ გამოცხადებული კონკურსი ჯერ პროექტირების ეტაპს ეხება და არა უშუალოდ მშენებლობას. შესაბამისად, 2026 წლის საზაფხულო სეზონზე ხიდის აშენება მოსალოდნელი არ არის. თუ პროცესი გეგმის მიხედვით წავა, საპროექტო დოკუმენტაცია 2027 წლისთვის უნდა მომზადდეს, რის შემდეგაც უკვე მშენებლობის დაფინანსებისა და ტენდერის საკითხი დადგება.

ბათუმი გონიოს საფეხმავლო ხიდი აჭარის ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის მნიშვნელოვანი პროექტი შეიძლება გახდეს, თუმცა მისი რეალური პერსპექტივა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ პროექტირების ხარისხზე, არამედ გარემოსდაცვით შეფასებაზე, სანაპირო ზოლის სხვა ინვესტიციებთან თავსებადობაზე და იმაზე, შეძლებს თუ არა ხელისუფლება წლების განმავლობაში გადადებული იდეის პრაქტიკულ განხორციელებას.

batumelebi.netgazeti.ge