საქართველოს პარლამენტში 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვა დაიწყება.
საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით, საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 33 003.0 მლნ ლარია, რაც პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით 837,0 მლნ ლარით მეტია. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებს, ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის თანახმად, მისი მოცულობა 32 713,7 მლნ ლარია და ეს მაჩვენებელი პროექტის პირველადი ვარიანტის მონაცემს 642,2 მლნ ლარით აჭარბებს.
ყველაზე დიდი ცვლილება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებას უკავშირდება. უწყების ასიგნებები 427.6 მლნ ლარით იზრდება და 10 მლრდ 907 მლნ ლარს აღწევს. ზრდა ძირითადად საპენსიო უზრუნველყოფის დამატებით დაფინანსებას უკავშირდება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა თავდაპირველად დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად 45 ლარი იქნება და 415 ლარს მიაღწევს. 70 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის პენსია 60 ლარით გაიზრდება და 555 ლარი გახდება. ამ ცვლილებების შედეგად, ჯანდაცვის სამინისტროს მომდევნო წლის დაფინანსება 10.9 მლრდ ლარამდე იზრდება.
განახლებული პროექტით, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 290.3 მლნ ლარით იზრდება და 2 მლრდ 255 მლნ ლარს შეადგენს. განათლების სამინისტროს დაფინანსება 73.1 მლნ ლარით, 3 მლრდ 1 მლნ ლარამდე იზრდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს კი 70 მლნ ლარით, 1 მლრდ 750 მლნ ლარამდე. ამასთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 64.5 მლნ ლარით მცირდება და 3 მლრდ 232 მლნ ლარს შეადგენს, ეკონომიკის სამინისტროს ასიგნებები კი 244.5 მლნ ლარით, 1 მლრდ 213 მლნ ლარამდე იკლებს.