საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი მეორე მოსმენით განსახილველად წარუდგინა. დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 38.2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები 38.4 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული.

მთავრობის პროგნოზით, 2027 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 5% იქნება, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი კი 8.9%-ით გაიზრდება და 126.4 მილიარდ ლარს მიაღწევს. ინფლაციის მაჩვენებელი წლის ბოლოსთვის მიზნობრივ 3%-ს დაუბრუნდება.

გადამუშავებულ პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებებია გათვალისწინებული სოციალური, ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით.

პენსიები და სოციალური ხარჯები

მთავრობის ინფორმაციით, ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები წინა ვერსიასთან შედარებით 1 მილიარდ ლარზე მეტით იზრდება. მათ შორის, საპენსიო უზრუნველყოფის დაფინანსება დამატებით 685 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

„ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად, 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია იზრდება 60 ლარის ოდენობით და განისაზღვრება 555 ლარის ოდენობით“, — აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში.

70 წლამდე პენსიონერებისთვის კი პენსიის ზრდა წინა ვერსიით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარი იქნება და 415 ლარს მიაღწევს. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის 20%-იანი დანამატებიც არის გათვალისწინებული.

მთავრობის განმარტებით, 70 წლამდე პენსიონერებისთვის კანონით გათვალისწინებულ ინდექსაციაზე მაღალი ზრდის გამო საპენსიო პროგრამის ბიუჯეტი დამატებით 130 მილიონი ლარით გაიზარდა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემლებისთვის დამატებით 81 მილიონი ლარი გამოიყოფა, ხოლო სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის დაფინანსება 34 მილიონ ლარზე მეტით იზრდება.

ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება 243 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, რაც წინა ვერსიასთან შედარებით 118 მილიონი ლარით მეტია. ამ თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასების ზრდაც.

განათლება და საჯარო სექტორის ხელფასები

განათლების დაფინანსება 450 მილიონი ლარით იზრდება. მთავრობის ინფორმაციით, დამატებითი თანხები საჯარო სკოლების მასწავლებლების, ადმინისტრაციული პერსონალისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლების ხელფასების ზრდას, ასევე უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების დაფინანსებას მოხმარდება.

ამასთან, 2027 წელს საბაზო თანამდებობრივი სარგო 8.4%-ით იზრდება. მთავრობის განმარტებით, ზრდა კერძო სექტორში ბოლო ოთხ კვარტალში დაფიქსირებულ ხელფასების მატებას უკავშირდება. შრომის ანაზღაურების ფონდი 468 მილიონი ლარით იზრდება.

სპორტული ფედერაციების დაფინანსებაც 70 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

კაპიტალური ხარჯები — 8.4 მლრდ ლარზე მეტი

2027 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალური ხარჯებისთვის 8.4 მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მაჩვენებელს თითქმის 1.2 მილიარდი ლარით აღემატება.

მათ შორის, ძირითადი მიმართულებებით დაფინანსება ასე ნაწილდება:

  • მუნიციპალური ინფრასტრუქტურა — 2.8 მილიარდ ლარზე მეტი;

  • საგზაო ინფრასტრუქტურა — 1.382 მილიარდ ლარამდე, მათ შორის 773 მილიონი ლარი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობისთვის;

  • განათლების ინფრასტრუქტურა — 830 მილიონი ლარი;

  • წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტები — 350 მილიონი ლარი;

  • ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა — 230 მილიონი ლარი;

  • სპორტული ინფრასტრუქტურა — 310 მილიონი ლარი;

  • ტურისტული ინფრასტრუქტურა — 100 მილიონი ლარი;

  • იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა განსახლება — 408 მილიონი ლარი;

  • ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა — 142.5 მილიონი ლარი.

მთავრობის ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა განსახლების დაფინანსება ბიუჯეტის წინა პროექტთან შედარებით 140 მილიონი ლარით არის გაზრდილი. დამატებითი თანხები ახალი სამთავრობო ინიციატივის ფარგლებში დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების საკომპენსაციო თანხების ანაზღაურებას უკავშირდება.

კაპიტალური ხარჯებიდან 250 მილიონი ლარი საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაზრდას, 125 მილიონი ლარი თბილისის მეტროს მოდერნიზაციას, ხოლო 107 მილიონი ლარი სოფლების ინტერნეტიზაციის პროექტს მოხმარდება.

ბიუჯეტის შემოსავლები და დეფიციტი

2027 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 29.875 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული. ეს მიმდინარე წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 2.025 მილიარდი ლარით, ხოლო ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვერსიას 355 მილიონი ლარით აღემატება.

მთავრობა მომდევნო წელს ზედმეტად გადახდილი გადასახადების 3.2 მილიარდ ლარზე მეტი მოცულობით დაბრუნებას პროგნოზირებს.

ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2027 წელს მშპ-ის 2.5% იქნება, მთავრობის ვალი კი 31.1%-ის დონეზეა დაგეგმილი.

ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში გაგრძელდება. საბიუჯეტო პროცესის ფარგლებში, დეპუტატების წინადადებებისა და მოსაზრებების გათვალისწინების შემდეგ, 2027 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის მიღება დეკემბერში იგეგმება.