სვანეთში ჭარბი ელექტრომოხმარების გამო შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს. კონკრეტულად რა ნაბიჯები გადაიდგმება, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არსებობს მცდელობა, რომ ბიზნესსექტორს დენის გადასახადის ნაწილობრივი გადახდა მაინც დააკისრონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხმარება კატასტროფულად იზრდება და ეს ტენდენცია კვლავ გაგრძელდება, რაც მთლიანად ენერგოსექტორს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. იმის გამო, რომ კრიპტოვალუტის გამომუშავება დიდ რესურსს მოითხოვს, ხოლო რეგიონი გადასახადისგან სრულად გათავისუფლებულია, ქვეყნის ენერგოსისტემა შეიძლება გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდეს.
არსებულ პრობლემას ხელისუფლებაც აღიარებს. მესტიის მერის, კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის გადასახადის საკითხი კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. განსაკუთრებით პრობლემურია ე.წ. ბიტკოინის აპარატების მიერ გაზრდილი ენერგომოხმარება, რის გამოც აუცილებელია, ბიზნესებმა და მათ, ვისაც მაინერის დადგმა სურს, დენის საფასურის გადახდა დაიწყონ. მერმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აღნიშნა:
„ელექტროენერგიის გადასახადის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ მაინერების მუშაობით გამოწვეული ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარება დასტაბილურდება. ბიზნესმა დენის გადასახადის ნაწილობრივ გადახდა მაინც უნდა დაიწყონ. ამას თუ ჩვენ მოვახერხებთ, შემდეგ უკვე კარგად გვექნება საქმე. მოსახლეობასთან, დეპუტატთან ერთად, ყოველ შეხვედრაზე გვაქვს აღნიშნულ საკითხზე საუბარი და ვეღარ გავურბივართ იმას, რაც სიმართლეა. აუცილებელია ბიზნესმა გადასახადი გადაიხადონ, სოციალურს ჩვენ ვუფინანსებთ და ვისაც მაინერის დადგმა უნდა, მათაც უნდა გადაიხადონ. ჩვენ ვამუშავებთ სტრატეგიას, რომელიც შემდეგ რეგიონალური განვითარების სამინისტროს გადაეცემა და დამტკიცების შემდეგ არა მხოლოდ ელექტროენერგიის გადასახადის საკითხი, არამედ მთლიანად ენერგოპოლიტიკა შეიცვლება. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ენერგორესურსებზე კონცეფციის შემუშავებაა“.
მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტები გამოსავლად დატა ცენტრების დაბეგვრას ან მათთვის ლიმიტირებული ტარიფის დაწესებას მიიჩნევენ, ენერგეტიკოსების ერთი ნაწილი მაინც სკეპტიკურადაა განწყობილი. ისინი არ მალავენ, რომ სვანეთში დენის გადასახადის კორექტირებასთან დაკავშირებული ყველა აქამდე არსებული მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რადგან ამ პროცესს გავლენიანი პირები ლობირებენ და რეალურად ცვლილებების გატარებას არ გეგმავენ. ამ თემაზე „რეზონანსთან“ ენერგეტიკოსმა მირონ ფირცხელანმა ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ განცხადებები მუდმივად კეთდება, თუმცა სინამდვილეში არაფერი იცვლება:
„ფაქტია, რომ სვანეთში ჭარბი ელექტროენერგიის მოხმარების საკითხი ვერ გვარდება. ვერც მოგვარდება, რადგან დიდძალ ფულს შოულობენ და ამ მოგებაზე უარს არავინ იტყვის. კონკრეტული პირებისგან რა განცხადებებსაც ვისმენთ, ეს არის წლების განმავლობაში ერთ წრეზე ტრიალი. იტყვიან, რომ აიკრძალოს და ელექტროენერგიის დეფიციტი მოგვეხსნება, მაგრამ ჩაივლის დრო და მერე ისევ თავიდან იწყებენ. ვინ როგორ მოიქცევა და რას იტყვის, ბევრს არაფერს ნიშნავს, ხარვეზი სისტემაშია და თუ ეს ხელისუფლებამ სერიოზულად არ მიიღო, მუდმივად პრობლემა გვექნება. ამასობაში უარესობისკენ მივდივართ, ელექტროენერგიის დეფიციტი გაიზარდა და თან მოსახლეობას 5 თეთრით გაუძვირეს გადასახადი, ანუ მოქალაქეებას კიდევ უფრო დააჭირეს წიხლი - ეს არის კატასტროფა. დღეს ყველა პოლიტიკური პარტია გადასულია ერთმანეთის იაფფასიან ლანძღვაზე და სინამდვილეში ქაოსის შექმნას უწყობენ ხელს. საბოლოო ჯამში, ყველა ერთად ხალხს ატყუებს. სისტემაშია ხარვეზი და მაინინგის სფეროშიც ანალოგიურადაა ყველაფერი. ვინ რას იტყვის, მნიშვნელობა არ აქვს, როგორც ჩანს, კარგად ითბობენ ხელს, რადგან მაინინგისგან უზარმაზარი მოგება რჩება და ამას შეგნებულად უწყობენ ხელს. კრიპტოვალუტის ბიზნესს სერიოზული ლობი ჰყავს, ხოლო ვინც გავლენის სფეროში არ შედის, მის ნათქვამს რეალურად აზრი არ აქვს. ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ რაიმე შეიცვლება“.
მაინერების მიერ ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარების გამო, მაღალმთიან მუნიციპალიტეტს დენი ხშირად ეთიშება, რის გამოც ტურისტულ ობიექტებს გამართული მუშაობა წლის ნებისმიერ სეზონზე უჭირს. ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორის, მურმან მარგველაშვილის თქმით, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული პრობლემა დროულად არის მოსაგვარებელი, ვინაიდან სახელმწიფო ამისგან ეკონომიკურ სარგებელს ვერ იღებს, ქვეყნის ენერგოდამოკიდებულება იზრდება და მოსახლეობა ზარალდება. მან „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა:
„მაინინგი ენერგეტიკის სექტორისთვის დიდი პრობლემაა. ამ დროს არანაირი ეკონომიკური სარგებელი არ მოაქვს. გადასახადს თუ გადაიხდიან, როგორც ყველა სხვა დანარჩენი და თავის ფასში იყიდიან ელექტროენერგიას, გასაგებია, მაგრამ დღესდღეობით მათი არსებობა რეალურად დიდი ტვირთია ეკონომიკისა და ენერგოსექტორისთვისაც. არ მესმის, ჩვენი რესურსი რატომ უნდა მოიხმარონ, ეს ცოტა გაუგებარია. სადაც მიწოდებაა, ყველგან აღრიცხული უნდა იყოს. მით უმეტეს, როცა სვანეთში დენის ჭარბი მოხმარებაა, რაც დარგს საფრთხეს უქმნის. ენერგოპოლიტიკის დოკუმენტშიც წერია, რომ უნდა მოგვარდეს განაწილების პრობლემა, სადაც სვანეთიც არის ნახსენები და აფხაზეთიც, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯი დროულად უნდა გადაიდგას. განუსაზღვრელი არაფერი შეიძლება, ალბათ აჯობებს ლიმიტირებული შეღავათი იყოს. პრობლემა არა მაინინგი, არამედ გამრიცხველიანებაა. მესტიაში უნდა დაწესდეს ზღვარი, რომლის მიღმაც აბონენტს თანხის გადახდა მოუწევს. დროულად არის ზომები მისაღები“.
შესადარებლად უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის მხოლოდ 50%-იან სუბსიდირებას ახდენს, ზემო სვანეთში კი მოსახლეობა დენის საფასურის გადახდისგან სრულად არის გათავისუფლებული.
ამ ფონზე, 2025 წელს საქართველოში კრიპტოვალუტების მაინინგის სექტორი მკვეთრად გაიზარდა. სემეკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ სფეროში მოქმედმა კომპანიებმა მხოლოდ 2025 წლის პირველ სამ თვეში უფრო მეტი დენი მოიხმარეს, ვიდრე ფოლადის საწარმოებმა ან თუნდაც „საქართველოს რკინიგზამ“. მაინინგის სფეროს ამგვარ გააქტიურებაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ 2024 წელს საქართველოში სასერვერო აპარატურის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა და 115 მილიონ დოლარს მიაღწია, მაშინ როცა ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ საქონლის იმპორტის საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ 30 მილიონ დოლარს შეადგენდა.