„შუა დერეფნის საქართველოს სარკინიგზო მონაკვეთზე საკონტეინერო გადაზიდვებს მზარდი ტენდენცია გააჩნია“, - ამის შესახებ ანალიტიკურ მასალას „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ აქვეყნებს.
TCRC-ს განმარტებით, ნებისმიერი სატრანსპორტო დერეფნის შეფასების ერთ-ერთ ძირითად კრიტერიუმს ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების შემდგომ, სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვები წარმოადგენს. მათივე შეფასებით, სწორედ ამ მაჩვენებელზეა დამოკიდებული დერეფნის გასწვრივ საკონტეინერო ინფრასტრუქტურის განვითარება.
„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ მიხედვით, შუა დერეფნისთვის ასეთ ვიწრო ადგილს - ტვირთების შემკრებ-გამანაწილებელი, ყველაზე დატვირთული წერტილი - ბაქოსთან ახლოს განლაგებული ალიათის ნავსადგური წარმოადგენს. მათვე შეფასებით, სწორედ აღნიშნული ნავსადგური განსაზღვრავს შუა დერეფნით საკონტეინერო გადაზიდვების შესაძლებლობას.
„თუ 2025 წლის მდგომარეობით ალიათის ნავსადგურის გამტარუნარიანობის სამიზნე მაჩვენებლად წლიურად 154 ათას TEU-ს მივიჩნევთ, გამოდის, რომ ნავსადგურის არსებული გამტარუნარიანობა 65%-ითაა ათვისებული და მხოლოდ მცირე რეზერვი გააჩნია. ფაქტობრივად, ეს მაჩვენებელი შუა დერეფნით საკონტეინერო ნაკადის რეპერულ-სამიზნე ნიშნულს წარმოადგენს.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ალიათის ნავსადგურის მოდერნიზაციის ფარგლებში, რომელსაც AZCON Holding-ის შვილობილი კომპანია „აზერბაიჯანის რკინიგზა“ (ADY) ახორციელებს, 2026 წელს მნიშვნელოვანი ინოვაცია დაინერგა - ექსპლუატაციაში შევიდა მე-7 ნავმისადგომზე დამონტაჟებული ახალი ამწე.
ახალი საკონტეინერო ამწის გამოყენებით, 2026 წლის ბოლოსთვის ალიათის ნავსადგურში კონტეინერების წლიური გადამუშავების გამტარუნარიანობა 154 ათასი TEU-დან 260 ათას TEU-მდე გაიზრდება.
საქართველოს რკინიგზით გადაზიდვების ანალიზით დასტურდება, რომ 2019–2025 წლებში კონტეინერიზაციის მაჩვენებელი 10–12%-ის ფარგლებში მერყეობს.
2025 წელს კონტეინერიზაციის მაჩვენებელი საქართველოს რკინიგზაზე ბოლო წლებში ყველაზე მაღალი იყო და 12.4% შეადგინა, რაც უდავოდ დადებითი ტენდენციის მანიშნებელია და ლოგისტიკური გადაზიდვების სქემაში რკინიგზის გამოყენების მიმზიდველობაზე მიუთითებს.
საქართველოს რკინიგზაზე კონტეინერიზაციის მაჩვენებელი დერეფნის სხვა მონაწილე ქვეყნებთან შედარებით მაღალია, თუმცა ევროპული განზომილებით მნიშვნელოვნად ნაკლებია.
2020–2025 წლებში რკინიგზაზე კონტეინერების გადაზიდვების მაჩვენებელი 28%-ით გაიზარდა და ბოლო წლების სარეკორდო მაჩვენებელს 105 999 TEU-ს მიაღწია, რაც აზერბაიჯანის ალიათის ნავსადგურის ნიშნულს უტოლდება, რაც გვაძლევს დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ საქართველოს რკინიგზით ძირითადად სატრანზიტო საკონტეინერო ნაკადი მოძრაობს.
მხოლოდ ერთ წელიწადში 15%-ით გაიზარდა 40-ფუტიანი კონტეინერების გადაზიდვების მაჩვენებლები. გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია 40-ფუტიანი კონტეინერების გადაზიდვები 2020 – 2025 წლებში მუდმივად იზრდება.
40-ფუტიანი კონტეინერების ზრდა, პირველ რიგში, ლოგისტიკური ხარჯების შემცირებისა და გადაზიდვების უნიფიკაციის თვალსაზრისით, დადებითი ეფექტის მომტანია.
სარკინიგზო გადაზიდვებში 40-ფუტიანი კონტეინერების რაოდენობის ზრდა პოზიტიური მომენტია და რამდენიმე ფაქტორით შეიძლება აიხსნას:
ტვირთების კონსოლიდაცია და მასშტაბის ეფექტი - 40-ფუტიანი კონტეინერი ორჯერ მეტ სივრცეს იძლევა, ვიდრე 20-ფუტიანი, თუმცა მისი გადაზიდვის ღირებულება, როგორც წესი, ორჯერ არ იზრდება. ამიტომ ტვირთგამგზავნებს ეკონომიურად მიაჩნიათ უფრო დიდი ტევადობის კონტეინერების გამოყენება.
ვაჭრობის სტრუქტურის ცვლილება - იზრდება ისეთი საქონლის წილი, რომელიც მოცულობით დიდია და შედარებით მსუბუქი (სამომხმარებლო საქონელი, ავეჯი, ტექსტილი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა). ასეთი ტვირთები უკეთ თავსდება 40-ფუტიან კონტეინერებში.
საზღვაო გადაზიდვებთან ინტეგრაცია - მსოფლიო საკონტეინერო გადაზიდვებში 40-ფუტიანი კონტეინერი სტანდარტად იქცა. თუ სარკინიგზო ქსელი ემსახურება საზღვაო ნავსადგურებისკენ /დან მოძრავ ტვირთებს, ბუნებრივია, რკინიგზაზეც იზრდება ამ ტიპის კონტეინერების წილი.
ინტერმოდალური გადაზიდვების განვითარება - როდესაც ტვირთი ერთი და იგივე კონტეინერით გადაადგილდება გემით, რკინიგზითა და ავტოტრანსპორტით, უპირატესობა ენიჭება უფრო ტევად 40-ფუტიან კონტეინერებს.
ტერმინალებისა და ვაგონების მოდერნიზაცია - თანამედროვე საკონტეინერო პლატფორმები და ტერმინალები ოპტიმიზებულია 40-ფუტიანი და უფრო დიდი კონტეინერების მომსახურებისთვის, რაც მათ გამოყენებას ხელს უწყობს.
კონტეინერიზაციის ზრდა - თუ საერთო ტვირთბრუნვაში იზრდება კონტეინერიზებული ტვირთების წილი, განსაკუთრებით საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნებში, 40-ფუტიანი კონტეინერების რაოდენობა ხშირად უფრო სწრაფად მატულობს, ვიდრე 20-ფუტიანების.
სარკინიგზო ტრანსპორტით 40-ფუტიანი კონტეინერების რაოდენობის ზრდა მიუთითებს საქართველოს რკინიგზით გადაზიდვების ეფექტიანობის ზრდაზე, მაღალი დამატებული ღირებულების ტვირთების წილის მატებაზე და კონტეინერიზებული ტვირთების საერთაშორისო ლოგისტიკურ ჯაჭვებში ეფექტიან ინტეგრაციაზე“,- წერია „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ანალიზში.