შუა დერეფნის როლი იზრდება. ბოლო პერიოდში დიდი ინტერესია ცენტრალური აზიის ქვეყნების მხრიდან, მათ შორის, უზბეკეთიდან. მხარეებს შორის მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე მიმდინარეობს, რაც კიდევ ერთი  პირობაა, რომ გადაზიდვებზე მეტი მოთხოვნა გაჩნდეს. ამას კი განაპირობებს ქვეყნის მშვიდობიანი კურსი. როცა აღმოსავლეთში დაძაბულობაა, სუეცის არხში პრობლემა მოგვარებული არ არის, უკრაინაში კი ომი გრძელდება, აზერბაიჯანსა და საქართველოზე გამავალი დერეფანი მეტი დატვირთვას იძენს.

შუა დერეფნის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი პირველია. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით,  ამ კუთხით შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად კი უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. შესაბამისად, საქართველო უზბეკეთთან  ეკონომიკურ კავშირებს მაქსიმალურად აფართოებს.

„გვაქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალიან ბევრ ქვეყანასთან, ეს ყველაფერი დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, რომ კიდევ უფრო მეტად განავითაროს საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობები. მთავარია, რომ ტემპი არ დავაგდოთ და პირიქით, კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ეკონომიკის განვითარებას. ამ კუთხით კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ორმხრივ თანამშრომლობას უზბეკეთთან ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა“, - განუცხადა უზბეკეთში მყოფმა პრემიერმა ქართველ ჟურნალისტებს.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ფოთის ტერმინალი შუა დერეფნის ნაწილი გახდა. როგორც სატრანსპორტო-ლოგისტიკური საინვესტიციო კომპანიათა ყაზახური ჯგუფი - "პიტისი ჰოკდინგი" იტყობინება, ბაქოში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის საერთაშორისო ასოციაციის სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ფოთის ტერმინალი ოფიციალურად შეუერთდა ასოციაციას, როგორც წევრი.

საზღვაო მომსახურებისა და საექსპედიტორო კომპანია "ტრანს ლოგისტიკის“ დირექტორის ჯაბა თარიმანაშვილის ინფორმაციით, შუა დერეფნისადმი ბოლო პერიოდში ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო, კომპანიები ალტერნატიულ მარშრუტებს ეძებენ, შესაბამისად სტატისტიკაც პოზიტიურია. 2024 წლის მონაცემებით, 4,5 მილიონი ტონა გადაიზიდა შუა დერეფნის გავლით, რაც 20%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. აღნიშნული ტვირთები ძირითადად ჩინურ კომპანიებს ეკუთვნით, მაგრამ ასევე იზრდება ყაზახური ტვირთების წილიც.

,,საკონტეინერო ტვირთბრუნვის ზრდასთან ერთად, ვითარდება ტერმინალები, როგორც ყაზახეთში ასევე საქართველოში. მიმდინარე წელს მუშაობას დაიწყებს თბილისის მშრალი პორტი, რაც ხელს მომსახურების დახვეწას საკონტეინერო სეგმენტზე.

მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება კასპიის აუზში წყლის დონის კლება, რაც თავის მხრივ უარყოფით გავლენას ახდენს ბაქო-კურიკის, მარშრუტზე, რაც, თავის მხრივ, ამცირებს ტვირთების გამტარუნარიანობას. საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვას ზამთრის პერიოდში ცუდი ამინდიც აფერხებებს, რაც მნიშვნელოვნად ართულებს გადაზიდვის პროგნოზირებას და ზრდის ტრანზიტულ დროს.

2022 წელს, აზერბაიჯანის, საქართველოს, ყაზახეთისა და თურქეთის მინისტრების მიერ ხელი მოეწერა ვიწრო ადგილების აღმოფხვრის შეთანხმებას და საკმაოფ ეფექტიანად კოორდინირებს შუა დერეფნის ასოციაცია კლიენტებთან და წევრებთან ურთიერთობის მხრივ, რაც არსებული შესაძლებლობების ოპტიმალურად გამოყენების საშუალებას იძლევა", - განაცხადა თარიმანაშვილმა.

ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შუა  დერეფნის გამოყენება, სანამ უკრაინაში ომი არ დამთავრებულა და აღმოსავლეთშიც მეტი დაძაბულობაა. როგორც ეკონომისტმა ნოდარ კაპანაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, სამომავლოდ ტვირთების შენარჩუნება მოხერხდეს და  შუა დერეფნის როლი მაღალი დარჩეს.

"შუა დერეფანი ჩვენი დიდი პერსპექტივაა და ასევე გამოწვევაც. ირგვლივ თუ მიმოვიხედავთ, დავინახავთ, რომ  ევროპასა და აზიას შორის სახმელეთო  ერთადერთი მშვიდობიანი ხაზი სწორედ საქართველოზე გადის. გარშემო ყველგან ცეცხლი ანთია. ინტერესი ნამდვილად დიდია, აქ მხოლოდ ჩინეთი და ინდოეთი არ მოიაზრება, აზიის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია. თურქმენეთი ძალიან სპეციფიკური ქვეყანაა, მაგრამ დერეფნით დაინტერესებული უნდა იყოს, დიდი სიამოვნებითაც შეუერთდება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ახლა არ აკეთებდეს ხმამაღალ განცხადებებს.

საქართველო დიდი პერსპექტივის მქონე დერეფანია და ამ ტვირთების შენარჩუნების შესაძლებლობა მომავალშიც გვექნება. მთავარია, ინფრასტრუქტურა  იყოს მზად, ამისთვის საჭიროა მაგისტრალების მშენებლობა, ანაკლიის პორტის პროექტი და ა.შ.", - განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.

მნიშვნელოვანია, მთავრობამ ბოლომდე შეინარჩუნოს და გააგრძელოს მშვიდობიანი კურსი, ასევე ზედმიწევნით შეისაწვლონ შუა დერეფნის ეკონომიკური და სოციალური სარგებელი, რა მიმართულებიტაც მუშაობა გასააქტიურებელია.

,,საქართველოს აქვს დიდი შანსი, ეს დერეფანი შეინარჩუნოს. ამისთვის მთავარი არ არის, მაინც და მაინც მხარე ვიყოთ, მთავრობამ უნდა გააგრძელოს მშვიდობიანი კურსი და საკუთარი ინტერესებით მოქმედება. არის კიდევ ერთი რამ, არ მინახავს ან არ ვიცი, კეთდება თუ არა ამ შუა დერეფნის ეკონომიკური და სოციალური სარგებლის (პლუსების და მინუსების) შესწავლა, ეს უნდა გაკეთდეს აუცილებლად. ანაკლიის პორტზე იმიტომაც არის აქცენტი, რომ საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს", - აღნიშნა  კაპანაძემ.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, იგივე შუა დერეფანი ჩინეთს, ყაზახეთს, კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთს და ევროპას აერთიანებს და წარმოადგენს ტრანსციმბირის სარკინიგზო მაგისტრალისა და სუეცის არხის ალტერნატიულ მარშრუტს. ასოციაციას 20-ზე მეტი წევრი ჰყავს. ასოციაციის მთავარი მიზანი მარშრუტის განვითარება, ლოგისტიკის ოპტიმიზაცია და ტვირთების ნაკადების მოზიდვაა.

წყარო: რეზონანსი