Financial Times-ის ინფორმაციით, 2026 წელს შავი ზღვა სავაჭრო გემებისთვის მსოფლიოში ყველაზე სახიფათო საზღვაო მარშრუტად იქცა. გამოცემის ცნობით, წლის განმავლობაში შავ ზღვაში 570-ზე მეტ გემს დაესხნენ თავს, დაიღუპა სულ მცირე 40 მეზღვაური. შედარებისთვის, ჰორმუზის სრუტეში დადასტურებული დაღუპულების რაოდენობა 24-ს შეადგენს.

რუსეთმა და უკრაინამ სავაჭრო გემებსა და საპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გააძლიერეს. გამოცემის ცნობით, ივლისიდან სექტემბრამდე დაახლოებით 387 გემი დაზიანდა — წინა კვარტალთან შედარებით ხუთჯერ მეტი. თავდასხმების ნაწილი ნატოს წევრი ქვეყნების სანაპიროებთანაც მოხდა.

უსაფრთხოების გაუარესების ფონზე, ლონდონის საზღვაო დაზღვევის ბაზარმა სექტემბერში მაღალი სამხედრო რისკის ზონა თითქმის მთელ შავ ზღვაზე გააფართოვა. დამზღვევების შეფასებით, ზოგიერთ შემთხვევაში ომის რისკის დაზღვევის ღირებულებამ გემის კორპუსის ღირებულების 15%-ს შეიძლება მიაღწიოს — ეს სპარსეთის ყურეში არსებულ განაკვეთზე თითქმის ორჯერ მეტია.

შექმნილი ვითარება აზარალებს უკრაინის მარცვლეულის ექსპორტს, ამცირებს პორტების დატვირთვას და ზრდის გადაზიდვის ხარჯებს. პრობლემამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს გლობალურ სასურსათო ბაზარზეც, რადგან იმპორტიორ ქვეყნებს მარცვლეულის ალტერნატიული წყაროების მოძიება უწევთ.