2025 წლის იანვარში საქართველოში იმპორტირებული ელექტრომობილების 40% ექსპორტზე გავიდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, წელს პირველ თვეში ქვეყანაში 467 ელექტრომობილი შემოვიდა (8.765 მლნ დოლარის), ხოლო ექსპორტზე 187 ერთეული (5.396 მლნ დოლარის) გავიდა.

ამ მონაცემებიდან გამოდის, რომ ქვეყანა ერთ ელექტრომობილს საშუალოდ 18 770 დოლარად ყიდულობს (გადასახადების გარეშე), ექსპორტირებულის საშუალო ღირებულება კი 28 850 დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ელექტრომობილების უდიდეს ნაწილს აშშ-ში ყიდულობს, მეორე-მესამე ადგილებს კი ჩინეთი და ბელგია ინაწილებენ. რაც შეეხება ექსპორტს, წელს ქვეყნიდან ელექტრომობილები სომხეთში, ყირგიზეთსა და ყაზახეთში გავიდა.

Top-3 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ელექტრომობილები შემოდის:

  • აშშ - 338 ერთეული, 4.962 მლნ დოლარის (საშუალო ფასი ერთ ერთეულზე 14.7 ათასი დოლარი)
  • ჩინეთი - 45 ერთეული, 912.2 ათასი დოლარის (საშუალო ფასი ერთ ერთეულზე 20.27 ათასი დოლარი)
  • ბელგია - 40 ერთეული, 1.611 მლნ დოლარის (საშუალო ფასი ერთ ერთეულზე 40.3 ათასი დოლარი)

Top-3 ქვეყანა, სადაც საქართველოდან ელექტრომობილები გადის:

  • სომხეთი - 92 ერთეული, 3.103 მლნ დოლარის (საშუალო ფასი ერთ ერთეულზე 33.7 ათასი დოლარი)
  • ყირგიზეთი - 44 ერთეული, 1.280 მლნ დოლარის (საშუალო ფასი ერთ ერთეულზე 29 ათასი დოლარი)
  • ყაზახეთი - 21 ერთეული, 454.7 ათასი დოლარის (საშუალო ფასი ერთ ერთეულზე 21.6 ათასი დოლარი)

რაც შეეხება გასულ წელს, 2024-ში საქართველოში 107.080 მლნ დოლარის ღირებულების 5 454 ელექტრომობილი შემოვიდა, რეექსპორტზე კი 28.060 მლნ დოლარის 1 043 ერთეული გავიდა. 2025 წლის იანვრის ანალოგიურად, შარშან საექსპორტო ქვეყნების სამეულში ყირგიზეთი, ყაზახეთი და სომხეთი იყო, იმპორტი კი აშშ-დან, ჩინეთიდან და იაპონიიდან განხორციელდა.

წყარო: bpn.ge