BMGTV-ის ტელეგადაცემაში “ჯანდაცვის სტანდარტი” თბილისის გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის დამფუძნებელმა/დირექტორმა და იმავდროულად, გლობალური ჯანმრთელობის ევრაზიის რეგიონალური აკადემიური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი შაქარიშვილმა გლობალური ჯანმრთელობის დიპლომატიის, როგორც დისციპლინის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება საქართველოს პერსპექტივაზე გაამახვილა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო, როგორც ჯერჯერობით კიდევ განვითარებადი სახელმწიფო, საჭიროებს განვითარებული ქვეყნების: აშშ-ს, ევროკავშირის, იაპონიის, სხვა მდიდარი და განვითარებული ქვეყნების, საერთაშორისო ფონდებისა და საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერას მოსახლეობის უკეთესი ჯანმრთელობისთვის. გიორგი შაქარიშვილის შეფასებით, ქვეყანას აქვს პერსპექტივა, გლობალური ჯანმრთელობის დიპლომატიაში მოწინავე ქვეყნებს გაუთანაბრდეს.

“საქართველოს აქვს უნიკალური პერსპექტივა, მიუხედავად თავისი მცირე ზომისა, როგორც გეოგრაფიული, ისე მოსახლეობის რაოდენობით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოში შეიქმნა, პროპორციულად მაღალი რაოდენობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებისა, რომელთაც საკმაოდ კარგი გამოცდილება მიიღეს რეგიონის და მსოფლიო მასშტაბით, შესაბამისად, ტექნიკური კომპეტენცია ამ დარგში არსებობს. ახლა საჭიროა მექანიზმების შექმნა, ვგულისხმობ, გლობალური ჯანდაცვის დიპლომატიის, როგორც აკადემიური დისციპლინის შექმნას, რათა მოხდეს თაობათა ზრდა და ის კომპეტენცია რაც დღეს არსებობს, გადაეცეს თაობებს.

ჩვენ რომ შევხედოთ, დაწყებული ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპიდან, დამთავრებული რუსეთის შორეული აღმოსავლეთით, არცერთი უნივერსიტეტი არ არის, სადაც ადამიანს პროფესიულ დონეზე შეუძლია მიიღოს გლობალური ჯანმრთელობის დიპლომატიაში პროფესიული განათლება. ეს არის დანაკლისი, რომელსაც სჭირდება შევსება. სწორედ აქ შეუძლია საქართველოს გამოვიდეს ინიციატივით და ჩვენს საუნივერსიტეტო სივრცეში შეიქმნას რეგიონული პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს არამხოლოდ ქართველს, არამედ რეგიონის პროფესიონალებსაც, მიიღონ პროფესიული განათლება გლობალური ჯანმრთელობის დიპლომატიაში.

საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა, მოგვევლინოს გლობალური ჯანდაცვის აკადემიურ ლიდერად და გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნებზე, ამის არაერთი მაგალითია, როცა პატარა ქვეყანა მაგალითს აძლევს განვითარებულ და დიდი ეკონომიკის ქვეყნებს“,- აღნიშნა გიორგი შაქარიშვილმა.

წყარო: bm.ge