საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის დიდ ნაწილს სესხი აქვს აღებული და როგორც "კრედიტინფო საქართველოს" სტატისტიკა აჩვენებს, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაახლოებით 23% სესხს ვერ იხდის. "კრედიტინფო საქართველოს" საიტზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება 371 139 მსესხებელს, "საქსტატის" ბოლო მონაცემებით კი, ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის, ანუ სამუშაო ძალის რაოდენობა 1 629 500-ს შეადგენს. ამასთან, "კრედიტინფოს" მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში საფინანსო სექტორის ვალი 1 965 617 კაცს აქვს.

"საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელის გიორგი კეპულაძის თქმით, ეკონომიკის ზრდა მხოლოდ რამდენიმე ასეული კაცის ჯიბეზე აისახება. მოსახლეობის 10%-ს საფინანსო სექტორთან სხვადასხვა ვალდებულება აქვს და სესხებს ვერ იხდის.

- 2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება 371 139 მსესხებელს უფიქსირდება, ეს კი ერთი წლის განმავლობაში 5 823-ით, მიმდინარე წლის აგვისტოსთან შედარებით კი 1 968-ით გაზრდილი მაჩვენებელია. დავაკვირდეთ ტენდენციას: 300 ათასზე მეტ კაცს აქვს 3 თვე და მეტი ვადაგადაცილება, ეს უკვე საკმაოდ დიდი რიცხვია. მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს აქვს სხვადასხვა ტიპის ვალდებულება, რომელიც ამ სესხს ვერ იხდის. სესხების დიდი ნაწილი მოდის არასაბანკო დაწესებულებებზე, ლომბარდებზე. ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, მზარდია. შემცირების ტენდენცია რომ იყოს, ვიფიქრებდით, რომ ეს იმ ეკონომიკური ზრდის შედეგია, რაზეც მთავრობა გვესაუბრება, ან იმ რეფორმების, რომელსაც მთავრობა ატარებს. მაგრამ გადახდისუუნაროთა რაოდენობა რომ იზრდება, არის ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ ჩვენს ეკონომიკაში პრობლემებია. ვერ დავძლიეთ ვერც სიღარიბე და ვერც გაჭირვება. პრობლემური სესხების რაოდენობა დიდია, ასევე დიდია მათი რაოდენობა, ვისაც ერთი ან მეტი სესხი აქვს, ანუ ერთ კაცს შეიძლება რამდენიმე პრობლემური სესხი ჰქონდეს. სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა მზარდია.

- ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს?

- ერთი მხრივ ის, რომ აღრიცხვიანობა გაიზარდა, უფრო მეტი ფინანსური ინსტიტუტი დაემატა "კრედიტინფოს ბაზას", ანუ უფრო მეტი ფინანსური ინსტიტუტიდან შესდის ინფორმაცია. მაგალითად, ადრე ლომბარდები არ შედიოდნენ. ჩვენთან მიჩნეულია, თითქოს ბანკების პრობლემაა ვადაგადაცილებული სესხები. რეალურად სწორედ ბანკებში გაცილებით ნაკლებია პრობლემური სესხების პროცენტული წილი, ვიდრე სხვა საფინანსო ინსტიტუტებში, იმიტომ, რომ ბანკები სესხებს უფრო მკაცრად გასცემენ - თუ მოქალაქეს არა აქვს სტაბილური შემოსავალი, ვერ ადასტურებს ამ შემოსავალს, მას სესხს არ მისცემენ, მაგრამ ლომბარდში რომ მიდის, მთავარია, მიიტანოს ოქრო ან სხვა ძვირფასი ნივთი და მას აძლევენ სესხს, არავინ არ ეკითხება, შეძლებს თუ არა სესხის გადახდას. თუ ვერ შეძლებს, გაუყიდიან ნივთს. დღეს "კრედიტინფო" გვაძლევს ფაქტობრივად სრულ სურათს, თუ რა ხდება საფინანსო ინსტიტუტებში. მოგეხსენებათ, აქ არ არიან მხოლოდ კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

- ამბობთ, რომ მოსახლეობის 10% საფინანსო ვალდებულებებს ვერ ასრულებს.

- დაახლოებით ასე გამოდის, ბავშვებსა­ და პენსიონერთა დიდ ნაწილს თუ გამოვაკლებთ. პენსიონერებში გაფუჭებული­ სესხი ფაქტობრივად არ არის, ანუ არ არის საპენსიო სესხი, რომელიც არ დაიფარა. იმიტომ, რომ ამ სესხის გარანტორი სახელმწიფოა, რომელიც ყოველთვიურად უხდის პენსიას პენსიონერებს და მათ ავტომატურად აჭრის "ლიბერთი ბანკი". ამასაც თუ გამოვაკლებთ, კიდევ უფრო მაღალი პროცენტი გამოდის, ფაქტობრივად, ყოველ მეხუთე მსესხებელს პრობლემური ვალდებულება აქვს.

როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, რითაც ტრაბახობს მთავრობა და ამბობს, ვაპირებთ კიდევ 10-წლიანი სტრატეგიები შევიმუშაოთო, 10 წლის წინ როგორი იყო ამ მოქალაქეთა რაოდენობა და როგორია დღეს, ესეც უნდა შევადაროთ. როდესაც ვლაპარაკობთ ეკონომიკურ ზრდაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყოველი მეხუთე­ მსესხებელი და ყოველი მე-10 მოქალაქე­ არის პრობლემით. შეიძლება ოჯახში ერთი ან რამდენიმე ვალდებულება ჰქონდეთ გაუსტუმრებელი. რატომ ვერ გრძნობს ეს ხალხი საკუთარ ჯიბეზე ამ გაზრდილ ეკონომიკას და რატომ ილექება რამდენიმე ასეული ოჯახის ჯიბეში ის შემოსავალი, რაც ქვეყანას აქვს? მათივე აღიარებით, ფაქტობრივად, ქვეყანა რუსული ფულის სამრეცხაოა და ამას მივყავართ ამ პრობლემამდე. ფურცელზეა ეკონომიკური ზრდაც და ის რაღაც წარმატებები, რაზეც მთავრობა საუბრობს. სამწუხაროდ, რუსეთის უკანა ეზო გავხდით, ეკონომიკურად ვართ მიბმული.

- ხალხი ვერ იხდის სიდუხჭირის გამო?

- ბევრი პრობლემაა, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი სიღარიბეა. ხშირად სესხს, განსაკუთრებით სალომბარდეს, მოქალაქე შეიძლება იღებდეს იმიტომ, რომ ხვალ საჭმელი აჭამოს შვილებს. ფინანსურ განათლებასა და იმაზე საუბარი, თუ არა გაქვს გადახდის საშუალება, არ უნდა აიღოო, ზედმეტია, როდესაც ადამიანი გეუბნება, რომ არა აქვს საშუალება შვილებს რაღაცა აჭამოს.

სტატისტიკას თუ დავაკვირდებით, მცირე სესხები უფრო პრობლემურია, ვიდრე მსხვილი. მაგალითად, გაცილებით ნაკლებად ფუჭდება საბანკო იპოთეკური სესხი, ვიდრე 2.000 ან 1.500 ლარამდე სესხები, იმიტომ, რომ როცა მოქალაქე იღებს სესხს, პირობითად, ლომბარდში, ის 1000 ლარი დიდი ფულია მისთვის და მისი პროცენტის გადახდაც კი უჭირს ყოველთვე, არათუ დიდი თანხის. ეს არის ერთ-ერთი ძალიან კარგი მაჩვენებელი იმისა, თუ რა მდგომარეობაშია ქვეყნის ეკონომიკა და მოსახლეობა.

ის, რომ ფურცელზე იზრდება ეკონომიკა და აიტიშნიკებისთვის, უფრო სწორად, უცხოური კომპანიებისთვის საგადახდო რეჟიმის შეღავათიანი დაწესებით, მთავრობამ უზრუნველყო ის, რომ ბევრი უცხოური კომპანია გადმოვიდა საქართველოში, მაგრამ მათი გადახდილი გადასახადები ბიუჯეტში მიზერულია. იმიტომ, რომ მათი რაოდენობა მიზერულია, ბევრი არც არის საქართველოს მოქალაქე, შეიძლება საქართველოში არც იმყოფებოდეს და ისე მუშაობდეს. მათი დიდი ნაწილი რუსეთიდან, ბელარუსიდან ან უკრაინიდან მიგრანტებია და ეს არ აისახება ჩვენს მოსახლეობაზე.

სიღარიბე ვერ დაიძლია და ხელისუფლება პროპაგანდისტული გზებით ატყუებს მოსახლეობას, თითქოს ეკონომიკური უკეთესობა გვაქვს. ჩვენ გვჭირდება სწრაფი ზრდა, პატიოსნად და სამართლიანად განაწილებული თითქმის ყველა მოქალაქეზე, მხოლოდ ათეულობით ოჯახი რომ არ გამდიდრდეს და ცოტა შვება მაინც იგრძნონ ადამიანებმა.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა - ყველაზე ნაკლებად პრობლემური იპოთეკური სესხებია. მოქალაქეს, რომელმაც გრძელვადიანი სესხი აიღო, ყოველთვიურად­ გარკვეული თანხის გადახდა უწევს ამ სესხის სასარგებლოდ. თუ ის არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, ნაკლებად ხდება პრობლემური, ბოლოს და ბოლოს, გაყიდის იმ ბინას და ეს თანხა სესხის დაფარვას ყოფნის...

- რას ურჩევთ მოქალაქეებს, რა გაითვალისწინონ, როცა სესხის აღებას გადაწყვეტენ? როცა ვერ იხდიან, შემდეგ ვადაგადაცილების გამო ეზრდებათ ჯარიმებიც...

- როდესაც სესხი ვადაგადაცილებულია, სხვა იურიდიული მექანიზმი ირთვება. შეიძლება სასამართლო დავამდე მივიდეს საქმე, ეს ცალკე პრობლემაა. ხშირად მსესხებელს არა აქვს ხელშეკრულება წაკითხული,­ ისე აწერს ხელს. არ იცის, რა ელოდება იმ შემთხვევაში, თუ ვერ გადაიხდის სესხს. ამიტომ აუცილებლად უნდა წაიკითხონ ხელშეკრულება. ყოველთვის ჯობია, გავთვალოთ ჩვენი შესაძლებლობები და მხოლოდ იმ შემთხვევაში ავიღოთ სესხი, თუ დარწმუნებული ვართ, რომ გადახდას შევძლებთ. რაც შეეხება ფინანსურ ინსტიტუტებს, მნიშვნელოვანია, რომ კარგად შეისწავლონ მსესხებლის ფინანსური შესაძლებლობები. ამას ყველაზე კარგად აკეთებენ კომერციული ბანკები და შემდეგ გასცემენ სესხებს.

- რა ხდება, როცა ვერ იხდი სესხს?

- შეიძლება დაყადაღდეს მიმდინარე ანგარიშები, აღსრულება ჩაერთოს საქმეში; თუ სესხი უძრავი ქონებით არის უზრუნველყოფილი, უძრავ ქონებაზე დაიწყოს დავა და გაუყიდონ, ჩამოართვან; შეიძლება დაუყადაღონ ანგარიშები ან ყოველთვიურად რაღაც თანხა ჩამოაჭრან.

kvirispalitra.ge