ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის და სტუმარმასპინძლობის სექტორის საერთაშორისო კონსულტანტ მაია სიდამონიძის შეფასებით, წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმები არა - მაღალი ფასის, არამედ სახელმწიფოს მხრიდან კურორტის განვითარების ერთიანი კონცეფციის, საბაზისო ინფრასტრუქტურისა და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის არარსებობის გამო არ იყიდება.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი თემა წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმების პრივატიზაციის მიზნით ჩაშლილი აუქციონების გამომწვევი ფაქტორები იყო.
წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზაციოდ გამოცხადებული აუქციონები, რომელთა ჯამური საწყისი ღირებულება 49.2 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო საინვესტიციო ვალდებულება 314 მილიონ ლარს აღემატებოდა, მყიდველის გარეშე დასრულდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ინვესტორებს შემდეგი ობიექტებისთვის ეძებდა: „მედეა“, „მეგობრობა“, „სავანე“, „ინტურისტი“, „იმერეთი“, „აია“, „გელათი“, „გეოლოგი“, „ფილიალი“ და „რკინიგზელი“.
„მსხვილი ინვესტორებისთვის ობიექტების საწყისი საპრივატიზაციო ფასი [დაბრკოლებას არ წარმოადგენს] - მეტსაც გადაიხდიან, თუ წყალტუბოს განვითარების ერთიანი კონცეფცია და გეგმა იარსებებს“, - განაცხადა მაია სიდამონიძემ და დასძინა, რომ ერთიანი კონცეფციის არარსებობის გამო ინვესტორებს ჩადებული ფულის უკუგებისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის გარანტია არ აქვთ.
„ვფიქრობ, ამ ეტაპისთვის ინვესტორისთვის სანატორიუმების შენობების ფასი ნამდვილად არ არის განმსაზღვრელი, რადგან ყველა ინვესტორს, პირველ რიგში, გრძელვადიანი პერსპექტივა აინტერესებს. გრძელვადიანი პერსპექტივა კი მაშინ იკვეთება, როცა კურორტს აქვს განვითარების კონკრეტული გეგმა, კონცეფცია და ადგილზე გარკვეული აქტივობები უკვე დაწყებულია იმისთვის, რომ ინვესტორს პროცესისადმი მეტი ნდობა გაუჩნდეს. დარწმუნებული ვარ, მეტის გადახდის შესაძლებლობაც აქვთ და გადაიხდიან კიდეც, როცა სახელმწიფოს მხრიდან იქ გარკვეული სამუშაო ჩატარდება“, - აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა.
ამასთან, მაია სიდამონიძის თქმით, სანატორიუმების ცალ-ცალკე ლოტებად გამოტანა სწორი მიდგომაა, რადგან მთელი კურორტის ბედი ერთ ინვესტორს არ უნდა ჩაჰბარდეს, თუმცა აუცილებელია წინასწარ გაწერილი სივრცითი დაგეგმარება - სად მოეწყობა საცხოვრებელი ზონები, სად განთავსდება სანახაობრივი სივრცეები და ა.შ.
სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო კონსულტანტი მიიჩნევს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ფაქტორის გათვალისწინებით, წყალტუბოს დღეს ბევრად დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე წლების წინ ჰქონდა.
„თუმცა კურორტი მასობრივ ტურიზმზე კი არა, მაღალხარისხიან პროდუქტზე უნდა იყოს ორიენტირებული, რათა ტურისტს იქ ჩასვლისა და ფულის დახარჯვის რეალური მოტივაცია ჰქონდეს. დღეს რომ წავიდე წყალტუბოში, რას გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ შეიძლება ერთ-ორ კარგ სასტუმროში დავრჩე?! რეალურად ვერაფერს გავაკეთებ, რადგან ტურისტისთვის ხარისხობრივი ღირებულება ჯერ შექმნილი არ არის. დღეს ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა „ველნესი“, სარეკრეაციო, მდგრადი და ე.წ. „ლონჯევითი“ ტურიზმი [Longevity tourism-ი გულისხმობს დღეგრძელობაზე, ჯანმრთელობის გახანგრძლივებაზე ორიენტირებულ დასვენებას]. თუ ამის გარშემო შეიქმნება ბრენდი, რომელიც კონკურენციას გაუწევს ბადენ-ბადენს (ბალნეოლოგიური კურორტი გერმანიაში), კარლოვი-ვარს (ბალნეოლოგიური კურორტი ჩეხეთში) და მსგავსი დონის კურორტებს, მაშინ ცხადი გახდება, რომ ინფრასტრუქტურულად ბევრად მეტია გასაკეთებელი“, - აღნიშნა მაია სიდამონიძემ.
მისივე დაკვირვებით, ინვესტორები დღეს უპირატესობას თბილისს, ბათუმსა და კახეთს იმიტომ ანიჭებენ, რომ იქ მოთხოვნა უკვე არსებობს და ინვესტიციის უკუგება გარანტირებულია.
საერთაშორისო კონსულტანტი დაეთანხმა ჟურნალისტის რეპლიკას იმის თაობაზე, რომ წყალტუბოშიც მსგავსი მოლოდინის შესაქმნელად სახელმწიფომ „ყინულმჭრელის“ როლი უნდა შეასრულოს - ისევე, როგორც ეს წლების წინ მესტიისა და სიღნაღის შემთხვევაში მოხდა, სადაც სახელმწიფოს მიერ რეაბილიტაციის დაწყების შემდეგ უძრავი ქონების ფასი მკვეთრად გაიზარდა.
„საბაზისო ინფრასტრუქტურა - გზა, კომუნიკაცია - უკვე მოწესრიგებული უნდა იყოს, სანამ ინვესტორები ობიექტებს გამოისყიდიან. შემდგომში კი უნდა არსებობდეს კონკრეტული სახელმწიფო ვალდებულება, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო განაცხადებს, რომ მომდევნო წლებში კურორტის მარკეტინგსა და განვითარებაში ყოველწლიურად განსაზღვრული თანხა ჩაიდება. შესაბამისად, ინვესტორსაც ექნება თავისი ვალდებულება“, - განაცხადა მაია სიდამონიძემ გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში.