UEFA-ს მამაკაცთა საკლუბო ტურნირების ოფიციალური მატჩის ბურთების მწარმოებელი 2027/28 წლების სეზონიდან ამერიკული კომპანია Nike გახდება. კომპანია ამ პოზიციაზე Adidas-ს ჩაანაცვლებს, რომელთანაც ჩემპიონთა ლიგას 2001 წლიდან თანამშრომლობდა. UEFA-ს კომერციულ ერთეულ UC3-სა და Nike-ს შორის შეთანხმება 2031 წლამდე, ოთხი სეზონით გაფორმდა.
შეთანხმების ფარგლებში Nike დაამზადებს ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ოფიციალურ მატჩის ბურთებს. ხელშეკრულება ასევე მოიცავს UEFA-ს სუპერთასს, ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგასა და ფუტსალის ჩემპიონთა ლიგას.
ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც UEFA-ს სამივე უმთავრეს მამაკაცთა საკლუბო ტურნირს ერთი მწარმოებლის მიერ დამზადებული ოფიციალური ბურთები მოემსახურება. აქამდე ჩემპიონთა ლიგის ბურთებს Adidas აწვდიდა, ხოლო ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ტურნირებს ფრანგული Decathlon-ის ბრენდი Kipsta ემსახურებოდა.
Nike-ისთვის ეს ჩემპიონთა ლიგასთან დაბრუნებაა – კომპანიას ამ ტურნირის ოფიციალური ბურთები ბოლოს 2001 წლამდე ჰქონდა მიწოდებული. ახალი შეთანხმების დეტალები, მათ შორის ბურთების დიზაინი, ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა.