„ოცნების“ შემწირველების ახალდაფუძნებულმა კომპანიამ ბათუმში, გაგარინისა და ხახულის ქუჩებს შორის სამი მიწის ნაკვეთი იყიდა, რომელთა ფართობიც ჯამში 10 ჰექტარია, 107 586 კვ.მეტრი.

შემსყიდველი კომპანია შპს „ ბათუმი ლენდმარკი“ თენგიზ წულაიამ და კახა დევაძემ 2026 წლის 17 თებერვალს დააფუძნეს და წილებს თანაბრად ინაწილებენ.

თენგიზ წულაია ყოფილი პარლამენტარის, ივლიანე წულაიას ძმა და ბიზნესპარტნიორია. ივლიანე წულაია 2016-2020 წლებში საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“. მან, როგორც ბიზნესმენმა, ფეისბუქზე სტატუსით დაუჭირა მხარი რუსულ კანონს.

არაერთი წყაროს თანახმად, ივლიანე წულაია არის ასევე თბილისის მერის, კახა კალაძის ახლო მეგობარი და მეჯვარე. ის ფლობს 2 ათეულზე მეტ სამშენებლო კომპანიას ან კომპანიის წილებს, რომლებიც მაღალბიუჯეტიან სამშენებლო პროექტებს ახორციელებენ, ასევე, მის საკუთრებაშია „არქი ჯგუფში“ შემავალი არაერთი სამშენებლო კომპანია.

შპს „ ბათუმი ლენდმარკის“ კიდევ ერთი დამფუძნებელი და მეწილე, კახა დევაძე, სამშენებლო კომპანია „ნექსთის“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების დამფუძნებელი და მფლობელია.

2016- 2025 წლებში თენგიზ წულაიამ „ოცნებას“ სხვადასხვა არჩევნების დროს 165 000 ლარი შესწირა. კახა დევაძის შენატანი კი „ოცნების“ ბიუჯეტში 220 000 ლარია 2021 წლიდან დღემდე.

10 ჰექტარი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები ბათუმში საქართველოს რკინიგზამ 59 მილიონ 742 497 ლარად გაყიდა. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გაგარინისა და ხახულის ქუჩებს შორის მდებარეობს, ადრე მას „ბათუმის სატვირთო ეზოს“ უწოდებდნენ.

ქონება ელექტრონულ აუქციონზე უშუალო მესაკუთრემ სს საქართველოს რკინიგზის კომპანია შპს „ჯიარ ქონების მართვამ“ გაიტანა.

სამივე მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი, ჯამურად, 59 მილიონ 712 497 ლარი იყო – 1 კვ.მეტრი 551 ლარი, თითოეულის ბიჯი კი – 10 000 ლარი.

107 586 კვ.მეტრი ფართობში შპს „ლენდმარკმა“ თითო ბიჯით მეტი გადაიხადა. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველს შეუძლია, გამყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის პირობებში, ნასყიდობის საფასური იპოთეკური სესხით დაფაროს.

ამ უფლების გამოსაყენებლად მყიდველმა წერილობით უნდა მიმართოს გამყიდველ ორგანიზაციას ნასყიდობის დარჩენილი საფასურის გადახდის ვადის გასვლამდე ნებისმიერ დროს, თუმცა არაუგვიანეს 45 კალენდარული დღით ადრე.

ერთ-ერთი პირობაა ასევე შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში, სარეალიზაციო უძრავი ქონებით შპს „ჯიარ ქონების მართვის“ მიერ უსასყიდლოდ სარგებლობის შესაძლებლობა.

გარდა ამისა, შეძენილი ქონების ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვამდე მყიდველი არ არის უფლებამოსილი გამყიდველის წინასწარი თანხმობის გარეშე, შესყიდულ მიწაზე არსებული შენობა-ნაგებობა ან/და სხვა ქონება დაანგრიოს.

სააუქციონო პირობების სრულად შესრულებამდე უძრავ ქონებაზე რაიმე შენობა-ნაგებობის განთავსების შემთხვევაში, უძრავი ქონების მყიდველი ვალდებულია შესაბამისი პროექტი სს „საქართველოს რკინიგზას“ წინასწარ შეათანხმოს.

შპს „ჯიარ ქონების მართვა“ 2009 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია სს „საქართველოს რკინიგზა“. ეს კომპანია უზრუნველყოფს „საქართველოს რკინიგზისთვის“ არაპროფილური უძრავ-მოძრავი ქონების მართვას და შემოსავლის მიღებას.

კომპანიების დამფუძნებლების ბიზნეს მიმართულებებს თუ გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ, ამ ადგილს კორპუსების ასაშენებლად გამოიყენებენ. ჯერ უცნობია, კომპანია ათივე ჰექტარს ერთიანი კონცეფციით დააგემარებს, თუ დაყოფს.

მიწის ნაკვეთები შპს „ჯიარ ქონების მართვამ“ განმეორებით აუქციონზე გაყიდა.

batumelebi.netgazeti.ge