ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყანაში სამრეწველო სექტორის განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და ხელშეწყობის მექანიზმებზე ისაუბრა ტელეკომპანია „იმედზე“ გამართულ დებატებში. მინისტრის განმარტებით, მისი უწყება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყანაში ყველა მიმართულების, მათ შორის მრეწველობის განვითარებას.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თავისი სტრუქტურული წყობით ყველაზე დიდი სამინისტროა საქართველოში. სამინისტროს პორტფელი რამდენადაც დივერსიფიცირებულია, შესაბამისად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ყველა მიმართულების, მათ შორის მრეწველობის განვითარებას. შემიძლია მოვიყვანო კონკრეტული მაგალითები, თუ რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება იმისთვის, რომ განვითარდეს წარმოება, რამხელა რესურსი და რა მოცულობის თანხები გვაქვს ამისკენ მიმართული. ამის ძალიან კარგი მაგალითია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის დროს შექმნილი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
რაც შეეხება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სხვადასხვა პროგრამების გზით მეწარმეებისთვის გაწეულ დახმარებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე მან 6 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, 15,000-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა შეღავათიანი პირობებით იმისთვის, რომ დაეწყოთ ბიზნეს საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებით, რის შედეგადაც 90,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
„წარმოება ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეულ მიმართულებას წარმოადგენს, მისი ხელშეწყობა პირდაპირ პასუხობს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ ინტერესს, რაც გულისხმობს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას. მხოლოდ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების გზით 2,000-ზე მეტი პროექტია დაფინანსებული, 300 მლნ ლარის მოცულობის თანხა არის მობილიზებული. ეს თანხა იმაში დაიხარჯა, რომ გაიაფდეს სესხის პროცენტი, მცირე და საშუალო მეწარმეებს ჰქონოდათ საგრანტო კომპონენტით სარგებლობის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, დღეს უკვე ხელშესახები შედეგები გვაქვს - 2,000-ზე მეტი მრავალპროფილური საწარმო საქმიანობს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ისაუბრა მრეწველობის განვითარების პროცესში იაფი ენერგორესურსების მნიშვნელობაზე. მისი ინფორმაციით, იმ მნიშვნელოვანი კომპონენტიდან გამომდინარე, რომ საქართველოს, სამწუხაროდ, არ აქვს წვდომა იაფ ენერგორესურსებზე, მთავრობა პირდაპირი თუ არაპირდაპირი ინსტრუმენტებით ეხმარება ასეთ საწარმოებს - იმისთვის, რომ მათი ბიზნესსტრუქტურა იყოს მდგრადი და შეძლონ ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერირება. მინისტრმა ასევე მრეწველობის სექტორში ხელფასების ზრდის საკითხზე ისაუბრა და ამის მაგალითად რუსთავის აზოტის ქარხანა მოიყვანა, სადაც დღევანდელი მონაცემებით, 2000-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა საშუალო ხელფასი 2000 ლარამდე (ხელზე ასაღები) შეადგენს.
„დღეს მრეწველობას ჩვენი ქვეყნის მშპ-ში 14%-ანი წილი აქვს. 2012 წელს მრეწველობის სექტორის ბრუნვა შეადგენდა დაახლოებით 8 მლრდ ლარს, 2024 წელს კი სექტორის ბრუნვამ 25 მლრდ ლარს გადააჭარბა, ანუ 3,5-ჯერ გაიზარდა. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა სრულად არის მიმართული მდგრადი და დივერსიფიცირებული ეკონომიკის განვითარებაზე და არ არის დამოკიდებული კონკრეტულ, მათ შორის ტურიზმის სექტორზე, რომლის წვლილი მშპ-ს 9,5%-იც არ არის. ამასთან, სულ უფრო მეტად მზარდია არაერთი დარგი, მათ შორის IT სექტორი, სადაც საშუალო ხელფასი თითქმის უკვე 4000 ლარს აჭარბებს, ვაჭრობა, რომელიც პირდაპირპროპორციულ ბმაშია წარმოების ზრდასთან, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და სხვა სექტორები“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.