ჩვენი მოქალაქეების მფარველობა, ეს არის ჩვენი ვალდებულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობის კონსტიტუციური ვალდებულებაა მოქალაქეების მიმართ მფარველობის გამოჩენა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.
„რეალურად ამას ვაკეთებთ, ეს ნაბიჯი, რაც გადაიდგა „ვოლტის“, „გლოვოს“, გიდებს და ა.შ. ნაწილში, სწორედ პროტექციონალიზმის გამოხატულებაა. ჩვენი მოქალაქეების მფარველობა, ეს არის ჩვენი ვალდებულება. მათ შორის შრომითი უფლებების ნაწილში, რომ სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქეების მფარველობის განსაკუთრებული ვალდებულება ეკისრება, ეს საყოველთაოდ არის აღიარებული.
რაც შეეხება მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 5 000-იანი მაჩვენებელი უკვე აჩვენებს იმას, რომ არავითარი პრობლემა ამ მიმართულებით არ გვაქვს. თუმცა კანონპროექტის დეტალებს არ ვიცნობ, შეგვიძლია განვიხილოთ, ვიმსჯელოთ, თუ ჩაითვლება, რომ შევჯერდებით საერთო პოზიციაზე, შეგვიძლია, ეს კანონპროექტი განვიხილოთ და მივიღოთ“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მიგრანტების კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„სტუდენტების ნაწილში, ისედაც ინტერესი არ აქვს სტუდენტს, როდესაც სამედიცინო კურსს გაივლის, რეალურად ისინი საქართველოში არ საქმდებიან. სამედიცინო სფეროში ყველაზე დაბალია პროფესიული მიგრაციის მაჩვენებელი, იღებს დიპლომს, უბრუნდება თავის ქვეყანას და იწყებს ექიმად მუშაობას. გასულ 10 წელიწადში რამდენი უცხოელი არალეგალიც გავაძევეთ, იმდენი იქნა გაძევებული მხოლოდ ამ ერთი წლის განმავლობაში, მათ შორის პირველ ადგილზე არიან ინდოეთის მოქალაქეები 20,5 პროცენტია, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სტუდენტებად ჩამოვიდნენ, აღარ გააგრძელეს სწავლა და დარჩნენ მიგრანტებად. რისკი არსებობს და ამიტომ სტუდენტების ნაწილში და შრომითი მიგრაციის ნაწილში დღესაც მოქმედებს კონტროლის სისტემა და კიდევ უფრო გასამკაცრებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, წელს სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 არალეგალი მიგრანტის გაძევება.
„გეკა გელაძე დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად დაახლოებით 7-8 თვის წინ შესაბამისად, მაჩვენებელი ძალიან კარგია. სამიზნე მაჩვენებელი 2026 წლისთვის გვაქვს 4 000 არალეგალი მიგრანტი და ტენდენცია არსებობს ზოგადად, როდესაც მკაცრდება მიგრაციული პოლიტიკა, ამ შემთხვევაში, თვითდინებით გადის ბევრი არალეგალი მიგრანტი. გავახუთმაგეთ მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების რაოდენობა. საკმაოდ მძიმე ვითარება იყო, არ იყო საკმარისი რესურსი, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება მოხდა. 4 000 არის რეალური მაჩვენებელი, ასეთი ტემპით ჩვენ 4 წელიწადშიც შეგვიძლია ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის აღმოფხვრა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.