მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან საქართველოს კანიონებისა და მღვიმეების ნაწილზე შესვლის გადასახადი იზრდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს, გადასახადის ზრდა დაკავშირებულია ვიზიტორთა გაზრდილ რაოდენობასა და მართვის მექანიზმების გაუმჯობესებასთან.
ამასთანავე, სააგენტოში განმარტავენ, რომ მათი მიზანია ვიზიტორთა ნაკადების ისე გადანაწილება, რომ დაცული ტერიტორიების ბუნებრივ რესურსებსა და ეკოლოგიურ გამტარუნარიანობას ზიანი არ მიადგეს.
„იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებსა და მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციებს დაქვემდებარებულ ობიექტებზე ახალი სატარიფო პოლიტიკა ძალაში შედის 2026 წლის 1-ელი აპრილიდან, რაც ითვალისწინებს საფასო პოლიტიკის კორექტირებას. ზემოთ აღნიშნული ცვლილებები დაკავშირებულია ვიზიტორთა გაზრდილ რაოდენობასთან, მართვის მექანიზმების გაუმჯობესებისა და ვიზიტორთა ნაკადების გადანაწილების მიზნებიდან გამომდინარე, ისე, რომ დაცული ტერიტორიების ბუნებრივ რესურსებსა და ეკოლოგიურ გამტარუნარიანობას ზიანი არ მიადგეს, ხოლო ტურიზმის განვითარება განხორციელდეს მდგრადობის პრინციპებისა და საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით.
დამატებით გაცნობებთ, რომ აღნიშნულის პარალელურად, ასევე 1 აპრილიდან ამოქმედდება „კომბო“ ბილეთების სისტემა, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა დაცული ტერიტორიის მონახულება უფრო ბიუჯეტურად იქნება შესაძლებელი. ინიციატივის მიზანია ვიზიტორებისთვის ფინანსური დანახარჯის შემცირება - ისინი შეძლებენ ბიუჯეტურ ფასად შეიძინონ რამდენიმე ტერიტორიის ბილეთი ერთი პაკეტით, ასევე „კომბო“ ბილეთები ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების თანაბარ გადანაწილებას, დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციასა და ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას“, - აცხადებენ სააგენტოში.