საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, იმ ძირითად ეკონომიკურ მიმართულებებს შორის, რომლებიც პირდაპირპროპორციულად ისახება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოდინებაზე, უპირველესად, ხაზგასასმელია ტურიზმის ინდუსტრია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ წლიდან წლამდე საქართველოს ტურიზმის სექტორი აქტიურად იზრდებოდეს. ამ საკითხებზე ეკონომიკის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ისაუბრა.
„ვფიქრობ, ყველა ვხედავთ იმ რეკორდულ მონაცემებს, რომლებიც ყოველწლიურად ტურიზმის სექტორში ფიქსირდება. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ გასული წელი და ვთქვათ, რომ სწორედ სახელმწიფოს ძალისხმევით რეკორდული, ისტორიული იყო ის მონაცემები, რომელიც 2025 წელს ქვეყანაში მივიღეთ ტურიზმიდან - 4,7 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შემოვიდა უშუალოდ ტურიზმიდან, ქვეყანამ შეძლო და უმასპინძლა 7,8 მილიონზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორს“ - განაცხადა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ზოგადად, ტურიზმს უდიდესი პოზიტიური გადაცემის ეფექტი აქვს. მინისტრის ინფორმაციით, 130 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული ამ სექტორში და ფაქტობრივად, ყველა ოჯახი ქვეყანაში პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დამოკიდებული ან ჩართული ტურიზმის სექტორში.
„შესაბამისად, როცა ყოველწლიურად ვხედავთ მზარდ ნაკადებს, მათ შორის, დედაქალაქში, რეგიონებში, სოფლებში - ყველგან შეინიშნება უცხო ეროვნების ადამიანები, თუმცა, ყოველთვის ყველგან აღინიშნება, რომ საქართველო არის გამორჩეულად კარგი, წარმატებული მაგალითი, თუ როგორ შეძლო ჩვენმა ხელისუფლებამ დაბალანსებული საემიგრაციო პოლიტიკით, ისევე როგორც ლიბერალური სავიზო პოლიტიკით სექტორის ასეთი სწრაფი ზრდის უზრუნველყოფა“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქე შემოდის უვიზოდ, თუმცა, დაახლოებით იგივე რაოდენობის - 97 ქვეყნის მოქალაქეს ვიზა ესაჭიროება.
„შსს-სთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობით, ფაქტიურად, ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებოდით და ვაკვირდებით იმ დინამიკას, რომელიც ტურიზმის ზრდასთან ერთად შესაძლებელია ქვეყანაში ზრდიდეს მიგრაციის დონეს. აქედან გამომდინარე, გასული წლის ბოლოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც, მათ შორის, გამკაცრდა არსებული სავიზო რეგულაცია და 17 ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვა დაწესდა - მათ დამატებით ჭირდებათ ერთწლიანი ვალიდური ბინადრობის მოწმობა, განსაკუთრებით ყურის ქვეყნებიდან იმისთვის, რომ ქვეყანა უვიზოდ გადმოკვეთონ, სხვა შემთხვევაში, თუ ეს ვადა ერთ წელზე ნაკლებია, მათ დაჭირდებათ ვიზა“- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.