GIPA-ს ასოცირებული პროფესორი,  CERGE-EI ფონდის ლექტორი, მკვლევარი, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტი, რომელსაც აქვს ექსპერტიზა ეკონომიკური განვითარების, ცენტრალური საბანკო საქმიანობისა და საქართველოს ფინანსური ისტორიის საკითხებში, კასელის უნივერსიტეტის სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ია ერაძე ბლოკჩეინებისა და მაინინგის როლზე ამახვილებს ყურადღებას.

მისი მტკიცებით, მაინინგს საქართველოს ეკონომიკისთვის სარგებელი არ მოაქვს.

"კომერსანტი" მის პოსტს სოციალურ ქსელში უცვლელად გთავაზობთ.

"რადგან მაინინგი საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში მიჩქმალული თემა იყო და არც ახლაა სათანადოდ პოლიტიზებული, მე კი ამ საკითხს ვიკვლევდი, რამდენიმე მონაცემსა და გარემოებაზე მინდა დავწერო. დავიწყოთ იმით, რომ მაინინგს საქართველოს ეკონომიკისთვის სარგებელი არ მოაქვს. გადასახადებს ეს კომპანიები არ იხდიან (რადგან ძირითადად თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში მოქმედებენ) და არც დასაქმების ადგილებს ქმნიან. დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას, თანაც იაფად, ნამდვილად მოიხმარენ და რიგ შემთხვევებში, ეს ქსელების გადატვირთვას, მათ დაზიანებას და შესაბამისად, დამატებით ხარჯებსაც იწვევს.

ფინანსთა სამინისტროს 2019 წლის ბრძანებით, გაუქმებულია საშემოსავლო გადასახადიც კრიპტოვალუტებით ვაჭრობით და გაცვლით მიღებულ შემოსავალზე. მართალია, დაზუსტებით არ ვიცით, რა რაოდენობის ელექტროენერგია იხარჯება მაინინგზე, რადგან ეს მონაცემები არ არსებობს (ხელმისაწვდომი არ არის), მაგრამ რაც ვიცით, იმაზე შევჩერდეთ. მხოლოდ მსხვილ მაინინგის კომპანიებს თუ ავიღებთ, რომლებიც პირდაპირ მომხმარებლებად არიან რეგისტრირებული დიდი მოხმარების გამო, მაგ. 2019 წელს, მაინინგზე ელექტროენერგიის მთლიანი მოხმარების 7%-ზე მეტი მოდიოდა (აფხაზეთის მოხმარების გამოკლებით). 2018 წელს, მსოფლიო ბანკის შეფასებით, კრიპტოვალუტების (ძირითადად ბითკოინების) წარმოებაზე ელექტროენერგიის 10-15% იხარჯებოდა. სემეკის ბოლო 2 წლის ანგარიშებიდან ვიგებთ, რომ კრიპტოვალუტის მსხვილი (და არა ყველა!) მომპოვებლების ენერგიის მოხმარება 2024 წელს მთლიანი მოხმარების 4%-ს, 2025 წელს კი 5%-ს შეადგენდა (აფხაზეთის მოხმარების გამოკლებით). თუმცა, ეს არ არის სრულყოფილი სურათი, რადგან მაინინგზე დახარჯული ენერგია ზემოთ მოტანილ მაჩვენებლებზე მეტია.

საქართველოში, კრიპტოვალუტების ინტენსიურად გამომუშავება 2015 წელს დაიწყო, როდესაც ბითკოინების მომპოვებელმა კომპანია ბითფურიმ თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დაიდო ბინა (ბი ეფ დი სი). მისთვის საგანგებოდ შეიქმნა თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, თბილისის ტექნოლოგიური პარკის მენეჯმენტის ქვეშ, რომელსაც 1 ლარად მიყიდა სახელმწიფომ 18 ჰა მიწა. იმავე წელს, 20 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა ბითკოინების ამ საწარმოში ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა. Wyeth, R., Ludovico, R., & Atkins, E. 2024 წლის კვლევით დასტურდება პერსონალური კავშირები ბი ეფ დი სი-ს მენეჯმენტსა და თანაინვესტირების ფონდს შორის.შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ამ პერიოდიდან მნიშვნელოვნად მოიმატა საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ და 2017 წლიდან ენერგიის მოხმარებამ მის გამომუშავებას გადააჭარბა, რამაც ელექტროენერგიის იმპორტი გარდაუვალი გახადა. სვანეთში, 2015-2019 წლებში ელექტროენერგიის მომხარება გაორმაგდა. ამავე პერიოდიდან, საქართველო სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებში ფიქსირდება როგორც კრიპტოვალუტების მოპოვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი და შედის ე.წ. “კრიპტომეგობრული” ქვეყნების გლობალურ ათეულში.

აერთაშორისო მორიგების ბანკის (BIS) 2023 წლის მონაცემებით, საქართველოდან წლიურად 1 მლრდ დოლარის ღირებულების ბითკოინი გადიოდა. დღემდე, საქართველოს არცერთი სახელმწიფო უწყება არ აწარმოებს ან არ ასაჯაროვებს სტატისტიკურ მონაცემებს აქ წარმოებული თუ ექსპორტზე გასული კრიპტოვალუტების შესახებ. 2015 წლიდან მოყოლებული, ფართო საზოგადოებისთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობდა მაინინგი, სანამ 2021 წელს, სვანეთში ელექტროენერგიის გათიშვამ და სვანების ფიცმა არ მიიპყრო ყურადღება და სანამ ნამახვანის მოძრაობის წევრებმა არ დააყენეს საკითხი - რისთვის გვჭირდება დამატებითი ელექტროენერგია და ჰესები?

ჰესების აშენება-არაშენებას განყენებულად ვერ განვიხილავთ და მათი სოკოებივით მომრავლება თვითმიზნად არ და ვერ უნდა გაიხადოს ვერცერთმა მმართველმა ძალამ. იმდენი სახის დანახარჯი მოყვება ჰესის აშენებას, ფინანსურიდან დაწყებული, ეკოლოგიურ-კულტურულით დამთავრებული, რომ ცხადი უნდა იყოს მოსახლეობისთვის, რისთვის შენდება ჰესი, გადაწონის თუ არა სარგებელი სოციალურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და კულტურულ ხარჯებს, რა ტიპის ხელშეკრულება იდება ინვესტორთან, რა ბედი ეწევა გადასახლებულ მოსახლეობას და ა.შ. სია გრძელია, კითხვები ბევრია და თითის დაქნევით ან დამაჯერებლი ტონით ამ პრობლემების წყებას ვერავინ გადაფარავს." - წერს ექსპერტი.