რა შეიძლება გამოივაჭროს რუსეთმა ირანში მიმდინარე ომის ფონზე აშშ-გან უკრაინის საკითხში, როგორ შეიძლება აისახოს ეს გამოვაჭრება“ სამხეთ კავკასიასა და საქართველოზე, - ამ თემაზე „ინტერპრესნიუსი“ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა.
- მოდით, საუბარი გავაგრძელოთ საქართველოსთან დაკავშირებული თემებით. კერძოდ, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რუბიოს ზარით პრემიერ ირაკლი კობახიძესთან, ირანის ელჩის განცხადებაზე და საქართველოში პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთის დაზვერვის უწყების განცხადებაზე.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რუბიოს ზარზე პრემიერ ირაკლი კობახიძესთან, ბევრი შეფასება მოვისმინეთ, მაგრამ, არა თავად პრემიერისაგან. საინტერესოა ის, რომ ამ ზარის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია იმაზე რომ თბილისის აეროპრტში აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავი რამდენიმე საათით დაჯდა და ამის შემდეგ სომხეთში გაფრინდა.
თქვენ როგორ აღიქვით რუბიოს ზარი პრემიერ ირაკლი კობახიძესთან?
ტრამპის მიერ 1 აპრილს გაკეთებული განცხადებები რამდენად შეიძლება აღმოჩნდეს აშშ-სა და საქართველოს შორის გადატვირთვის საფუძველი, ანაც როგორ „ქართული ოცნება“ ამბობს, აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის „სუფთა ფურცლიდან“ დაწყების საფუძველი?
- რუბიოს და კობახიძის საუბრის შინაარსი ჩვენ არ ვიცით. შეგვიძ₾ია ვივარაუდოთ, რომ ის საქართველოს ტერიტორიის აშშ-ს მიერ სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებას ეხებოდა. ამის სასარგებლოდ აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავის თბილისის აეროპორტში დაჯდომა და ირანის ელჩის განცხადებები მეტყველებს.
ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობის განახლებისთვის, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ეს სატელეფონო საუბარი არის ე.წ. გადატვირთვის დასაწყისის მანიშნებელი, ჯერ ძალიან ნაადრევია.
აქ პრობლემა სხვა რამეშია. თუ ივანიშვილმა და “ოცნებამ” აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მიზნით ხელი შეუწყო აშშ-ს სამხედრო მოქმედებებს, საქართველო შეიძლება იქცეს ირანის რაკეტების სამიზნედ და ეს იმ პირობებში, როცა ქვეყნის საჰაერო თავდაცვა სავალალო მდგომარეობაშია.
და აქ, ბუნებრივია, ისმის კითხვა - რატომ არ იზრუნა ხელისუფლებამ ამაზე 14 წლის მანძილზე. უფრო მეტიც, რატომ იქნა უხეშად შეწყვეტილი თავდაცვის სამინისტროს მიერ თავის დროზე ამ მიმართულებით დაწყებული თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან.
- ბევრი თვლის რომ არც რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადება არ ყოფილა მოულოდნელი, რომელშიც ეს უწყება საქართველოში პატრიარქის არჩევაში მსოფლიო მართლმადიდებელთა პარტიარქს ბართლომეოს, საქართველოს ეკლესიის საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდა.
მას შემდეგ, რაც პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა და ქართული საზოგადოება ილია მეორის გლოვის რეჟიმშია და ცდილობს ამ დიდ და მტკივნეულ დანაკარგს ღირსეულად მიაგოს პატივი, უადგილოც კი მგონია ჩვენივე საზოგადოებაში ამ თემაზე აქტიურობა.
ასეა, თუნდაც იმიტომ რომ შემდეგი პატრიარქის არჩევა ქართული სამოციქულო ეკლესიის სინოდის გადასაწყვეტია და ეს პროცესი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაემსგავსოს საჯარო და პოლიტიკოსის საარჩევნო კამპანიებს, რასაც, სამწუხაროდ ვადევნებთ თვალს.
თქვენ როგორ შეაფასებდით პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას?
- რაც შეეხება ახალი პატრიარქის არჩევის გარშემო მიმდინარე პერიპეტიებს და რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ თავისთავად სავალალო და აღმაშფოთებელია, რომ საქმე მივიდა იქამდე, რომ რასეთი აძლევს თავს უფლებას ასე უხეშად და პირდაპირ ჩაერიოს საქართველოს საშინაო და ესოდენ ფაქიზ საკითხში.
ზოგადაგ კი, მე მიმაჩნია, რომ აქ უფრო რთული თამაში მიდის, ვიდრე ბევრს ჰგონია. მე არ ვფიქრობ, რომ ივანიშვილს მაინცდამაინც აწყობდეს რუსეთის მიერ მძლავრად მხარდაჭერილი კანდიდატის პატრიარქის ტახტზე ასვლა. ასეთ ფიგურას რუსეთი თავად ივანიშვილის დასაბალანსებლად გამოიყენებს, ის პოლიტიკურად საკმაოდ ძლიერი და ივანიშვილისგან დამოუკიდებელი იქნება და ვფიქრობ, ეს ივანიშვილს კარგად უნდა ესმოდეს. არ გამოვრიცხავ, რომ ის სინამდვილეში სულ სხვა კანდიდატის, ან კანდიდატების სასარგებლოდ მოქმედებდეს.
- რუსეთისთვის ირანი ისევ მნიშვნელოვან სამხედრო-პოლიტიკურ პარტნიორად რჩება. ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი აგრძელებს ფუნქციონირებას და შესაძლოა დღეს კრიტიკულად მნიშნველოვან როლსაც კი ასრულებს ირანის ეკონომიკისთვის, რადგან სპარსეთის ყურით გამავალი ვაჭრობა მინიმუმდეა დასული.
ნაკლებად სავარაუდოა, მოსკოვმა თეირანს პირდაპირი სამხედრო დახამრება გაუწიოს. ამის ვალდებულება კრემლს არ აქვს. თუმცა, ირანში ომის დაწყება კრემლისთვის შესაძლოა უკრაინა-რუსეთის ომის საკითხში მაშველი რგოლიც აღმოჩნდეს.
დამკვირვებელთა ნაწილი თვლის რომ „რუსეთის მიზანია „ირანის პრობლემა“ უკრაინის საკითხს დააკავშიროს იმ დიდ გეოპოლიტიკურ ვაჭრობაში, რაც დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს... მოსკოვი დასავლური ქვეყნებისგან უკრაინის გარშემო დათმობებს მოელის.“
თუმცა, უკრაინის საკითხზე ევროპისგან რაიმე დათმობებზე წასვლა მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება აშშ-ს, კრემლში რომ ამგვარი მოლოდინები აქვთ, თითქოს აშკარადაც კი ჩანს. მეტიც, ბევრი იმასაც ამტკიცებს, რომ პუტინი ერთადერთი ადამიანია, ვისთანაც ტრამპი მეგობრობს და როგორც ჩანს, მეგობრობენ კიდეც.
რა შეიძლება გამოივაჭროს რუსეთმა აშშ-გან უკრაინაში გარკვეული დათმობის მისაღებად? და კიდევ - სავარაუდოდ, როგორ შეიძლება ეს დათმობა სამხრეთ კავკასიაზე და კერძოდ საქართველოზე?
- მე არ მჯერა ტრამპისა და პუტინის მეგობრობის. მათმა რიტორიკამ ამ თვალსაზრისით შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. უკრაინის დაცემა რუსეთთან ომში დღევანდელ პირობებში რუსეთის ევროპაზე ჰეგემონიას გამოიწვევს და მე არ მგონია, რომ ვინმეს აშშ-ში, ტრამპის ჩათვლით, ეს უნდოდეს.
პრობლემა ისაა, რომ, როგორც სჩანს, ტრამპს სჯერა, რომ რუსეთი შეიძლება უკრაინის ხარჯზე ახალი ტერიტორიების შეძენით დაკმაყოფილდეს და შემდგომში აშშ და ევროპა შეძლებენ რუსეთის გაკონტროლებას. ამის უკვე აღარ სჯერათ არც ევროპაში და, ცხადია, არც უკრაინაში.
ბუნებრივია, ამ ეტაპზე ირანში მიმდინარე ომმა გარკვეულწილად რუსეთის სასარგებლოდ ითამაშა, მაგრამ ეს ამ ომის უნებლიე შედეგია და არა აშშ-ს გამიზნული პოლიტიკა. რეალურად კი, ყველაფერი ამ მხრივ იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ დასრულდება საბოლოოდ აშშ-ისრაელის სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ. ირანის რეჟიმის დაცემის შემთხვევაში პუტინის რეჟიმს კარგი ბედი არ მოელის.
- მიუხედავად იმისა რომ რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ვითარება რუსეთისთვის, როგორც მინიმუმ, სახარბიელოდ არ ვითარდება, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა სომხეთისთვის მოიცალა.
პრეზიდენტი პუტინი მოსკოვში სომხეთის პრემიერ ფაშინიანსა და მისი გუნდის წევრებს შეხვდა. ამ შეხვედრაზე პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებები იმაზე მიუთითებს რომ კრემლი ყურადღებით ადევნებს თვალს სომხეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და ივნისისათვის დაგეგმილ არჩევნებში ჩარევასაც არ გამორიცხავს.
პუტინის თქმით, სომხეთი ევროკავშირისკენ კი ისწრაფვის, მაგრამ სომხეთი იმავდროულად ევრაზიულ სავაჭრო ზონაშია, ეს კი შეუთავსებელია. მისივე მტკიცებით, სომხეთმა ყარაბაღი იმის გამო დაკარგა, რომ სომხეთი ოდბკა-დან გამოვიდა ყარაბაღზე აზერბაიჯანის იურისდიქცია ფაშინიანის ხელისუფლებამ აღიარა.
დარჩა შთაბეჭდილება, რომ პუტინის მიერ ფაშიანინის მოსკოვში მიწვევა შესაძლოა, იმითაც იყო გამოწვეული რომ დიდი ალბათობით, ფაშინიანის პარტია იმაზე მეტ ხმებს მიიღებს, ვიდრე ოპოზიცია. თუმცა, საგულისხმო იყო პუტინის მიერ იმის თქმა, რომ „ტრამპი უკმაყოფილოა იმით რომ რუსეთი ტრამპის გზის პროექტში არ მონაწილეობს“.
ირანსა და უკრაინაში მიმდინარე ომების ფონზე პუტინის მიერ ფაშინიანის მოსკოვში მიწვევა და ამ სეხვედრაზე გაკეთებული განცხადებები თქვენ როგორ აღიქვით?
- მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ფაშინიანი ამ შეხვედრაზე საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა. პუტინი კი ცდილობდა გარკვეულ ზეწოლას, მაგრამ უჩვეულოდ ფრთხილი და დიპოლომატიური ჩანდა.
სიმართლე გითხრათ, ცოტა გამაკვირვა კიდეც ფაშინიანის სითამამემ. პუტინის მცდელობას უზრუნველეყო პრორუსი პოლიტიკოსების სომხეთის არჩევნებში უკანონო მონაწილეობა, მან დიპლომატიური და მეგობრული რიტორიკით მორთული, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ ხისტი უარით უპასუხა და რუსეთის დიქტატორს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაკვეთილიც კი ჩაუტარა.
როგორც სჩანს, რეგიონში და მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული უზარმაზარი დიპლომატიური სამუშაოს შედეგად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი საკმაოდ მყარად გრძნობს თავს. ეს ძალიან სასიხარულოა, რადგან ახლა სომხეთში ძალიან ბევრი რამ, შეიძლება ითქვას, რომ კავკასიის ბედი წყდება.