რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი სამთავრობო პლატფორმა MAX-ზე წერს, რომ რუსეთმა უნდა შეყვიტოს მისი "ტოლერანტული დამოკიდებულება" მეზობელი ქვეყნების, მათ შორის უკრაინის, ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობების მიმართ.
"დროა, შევწყვიტოთ ჩვენი ტოლერანტული დამოკიდებულება ჩვენი მეზობლების ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ, მათ შორის "ქვეყანა 404" [უკრაინა]" - წერს მედვედევი.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს უკვე გააკეთა, როდესაც სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მოსკოვი არ იყო კმაყოფილი ერევნის ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარებით.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი კი ამბობს: "ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებზე უკრაინისთვის ომის დროს გამონაკლისის დაშვება სასარგებლო არ იქნებოდა არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის."
როგორც კოსმა აღნიშნა, მსგავსი გამონაკლისი შეასუსტებდა ნდობას როგორც გაწევრიანების პროცესის, ისე მომავალში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ.
კოსის თქმით, მთავარი მიზანია, რომ უკრაინა სრულად იყოს მზად ევროკავშირში თანაცხოვრებისა და ფუნქციონირებისთვის.
„ვფიქრობ, თქვენი ქვეყნისთვის გამონაკლისები არ დაეხმარება მას, არ გააძლიერებს, რადგან ეს შეარყევს ნდობას მთელი პროცესისა და თქვენი მომავალი წევრობის მიმართ. საქმე ეხება თქვენი მზადყოფნის უზრუნველყოფას, თქვენი ნამდვილი მზადყოფნის უზრუნველყოფას თანაარსებობისთვის, ევროკავშირში ერთად ცხოვრებისთვის. უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებით უნდა გაგვაძლიეროს და არა – დაგვასუსტოს. კანდიდატ ქვეყანასთან როცა ვმუშაობთ, თქვენ, როგორც კანდიდატს, ტრანსფორმაციის პროცესის მეშვეობით გამზადებთ. ყველაფერი სწორად უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა მარტა კოსმა.
მისივე თქმით, უკრაინის შემთხვევაში ევროკომისია პროცესის მაქსიმალურად დაჩქარებას ცდილობს, თუმცა მთავარი მაინც რეფორმების ტემპზეა დამოკიდებული.
„ყოველი განხორციელებული რეფორმა უკრაინას ევროკავშირთან აახლოებს. რეფორმები როცა ჩქარდება, წევრობაც ახლოვდება, ხოლო მათი შენელების შემთხვევაში გაწევრიანების თარიღიც შესაბამისად გადაიწევს“, – განაცხადა კოსმა.