„ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმება შუა დერეფნის აქტუალურობას ხელს არ შეუშლის, შეიძლება გააძლიეროს კიდეც“, -  ამის შესახებ „კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას ექსპერტმა საგარეო საკითხებში თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებული შეთანხმებიდან ჩანს, რომ ჰორმუზის სრუტეზე ირანს შეუნარჩუნდება გარკვეული გავლენები, რომლის პირობებშიც შეუძლია სრუტით სარგებლობაზე კომპანიებს ტარიფები დაუწესოს.

ჰორმუზის სრუტის გახსნა მოხდება გარკვეული პირობების გათვალისწინებით. მე რაც ამ შეთანხმებიდან ამოვიკითხე, რეალურად ირანს შეუძლია  გარკვეული კონტროლი დაამყაროს ჰორმუზის სრუტეზე, რაც  საბოლოო ჯამში გამოიხატება იმაში, რომ ირანი დააწესებს გადასახადს ჰორმუზის სრუტეზე.  ვფიქრობ ამ პროცესს შუა დერეფანზე ცუდი გავლენა ნამდვილად არ ექნება.  ჩვენ უნდა გავიხსენოთ თუ როდის გახდა შუა დერეფანი მსოფლიოში აქტუალური. ეს მოხდა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული აგრესიის შემდეგ, როცა თითქმის ბოლომდე დაიბლოკა ჩინეთიდან ევროპაში მიმავალი გზა, რომელიც რუსეთ-ბელორუსიაზე გადის. ამან გახადა შუა დერეფანი აქტუალური.

პრობლემა ისაა, რომ შუა დერეფანს შეზღუდული გამტარობა აქვს სამწუხაროდ, რის გამოც ჩინეთიდან ტვირთების დიდი ნაწილი საზღვაო მიმართულებით გადაიზიდა და არა შუა დერეფნით.  თუმცა ჩვენზე რაც გადმომისამართდა, ამით ჩვენ ფინანსურად  ვისარგებლეთ. ვფიქრობ ეს შეთანხმება არ შეუშლის ხელს შუა დერეფნის აქტუალურობას, პირიქით, თუ ჰორმუზის სრუტე ნაწილობრივ დაიკეტება, ეს უფრო მეტ მნიშვნელობას მისცემს შუა დერეფანს“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.