100 მდე შეჩერებული იფრასტრუქტურული პროექტი, 10 მილიარდ ლარამდე დაკარგული ინვესტიცია, 100 000 მდე დაკარგული სამუშაო ადგილი, - ასეთია შედეგები კვლევის, რომლითაც "საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა" ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკური საფრთხეები გამოიკვლია და "კომერსანტს" ექსკლუზიურად მიაწოდა.

"ჯამურად „დაკარგული“ ფინანსური მაჩვენებელი შეადგენს - 8 დან 10 მილიარდ ლარს, რომელიც ემპირიული გაანგარიშებით ქვეყნის  ეკონომიკაზე წლიურად აისახება -  1.5 – 2 % მშპ ს შემცირებით," - ვკითხულობთ დოკუმენტში.

"კომერსანტი", კვლევაზე დაყრდნობით, ამ სტატიაში გაგაცნობთ, რომელი ინფრასტრუქტურის მდგრადობისკენ მიმართული პროექტები შეიძლება შეჩერდეს, რომლებიც გამიზნულია კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის,  ეკონომიკური უსაფრთხოებისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის.  

"საქართველოს დერეფნის კვლევის ცენტრი" შეჩერების საფრთხეს ხედავს შემდეგი პროექტებისთვის:

დიდი ალბათობით დაიბლოკება, „აწარმოე საქართველოში“ - პროგრამის ეგიდით მიმდინარე პროექტები. მხოლოდ 2020 - 2023 წწ ში  - 1 მილიარდი ლარის უცხოური ინვესტიცია, 25  პროექტში გადანაწილდა („მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერა“, „ქართული ექსპორტის ხელშეწყობა“, საგანმანათლებლო პროექტი „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი“, „უმასპინძლე საქართველოში“, „გადაიღე საქართველოში“, და ა.შ). ფინანსური სახსერების მნიშვნელოვანი ნაწილი - ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (USAID) ის დახმარებით ხორციელდებოდა. დამატებითი „გვერდითი“ ეფექტი გააჩნია პროგრამას -  ყოველ დახარჯულ 1 ლარზე გადასახადების სახით ბრუნდება ორჯერ მეტი, თითო თანადაფინანსებული ლარი ახდენს 17 ლარის ინვესტიციის სტიმულირებას.  ჰიპოტეტიურად, ძნელად წარმოასადგენია, თუ რა მოცულობის ფინანსურ დახმარებას დაკარგავს საქართველო, ზემოაღნიშნული პროექტის შეჩერებით. 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)  მიერ 600 მლნ ლარით რეფინანსირებული ნავთობისა და გაზის კორპორაციის ევროობლიგაციების რეფინანსირების პროექტი -   არსებული ევროობლიგაციები კორპორაციამ 2016 წელს 5 წლის ვადით განათავსა და გრაფიკის მიხედვით იგი სრულად დაფარვას  2021 წელს ექვემდებარებოდა.  დონორი ორგანიზაციის პროექტი ითალისწინებს, ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების სრულ რეფინანსირებას. საპროცენტო განაკვეთი ორჯერ ნაკლებია. გარდა ამისა, სესხის ვადა 10 წელს შეადგენს, მაშინ როდესაც, მანამდე ევროობლიგაციები 5 წლიანი იყო.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და აზიის განვითარების ბანკის (ABD) მიერ 1.5 მილიარდი ლარით რეფინანსირებული საქართველოს რკინიგზის  ევროობლიგაციების რეფინანსირების პროექტი  -  „საქართველოს რკინიგზამ" დონორების დახმარებით,  მწვანე ევრობონდები ლონდონის საფონო ბირჟაზე უპრეცედენტო პირობებით - 7 წლიანი ვადით, წლიურ 4 % - ში, განათავსა. რითიც დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაზოგა. ტრანზაქციაში საკმაოდ მაღალი იყო ინვესტორების ინტერესი.  საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა,  ADB მა და EBRD მა,  ახალ ემისიაში ინვესტორების როლი შეასრულეს.

დაპაუზების საფრთხის ქვეშ შესაძლოა აღმოჩნდეს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ 300 მლნ ლარით დაფინანსებული  ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამის განხორციელება, რომელსაც საფუძველი 2023 წელს ჩაეყარა და მიმართულია  ფისკალური რისკების მართვის გაძლიერებისკენ, ასევე  უცხოურ ვალუტაში დენომინირებული მთავრობის ვალის შემცირებისკენ. ერთობლიობაში, აღნიშნული პროექტი მაკროეკონომიკური სტაბილურობის და  ეკონომიკის აღდგენის წინაპირობას წარმოადგენს.

იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოში პრაქტიკულად ჩანასახის მდგომარეობაშია „კაპიტალის ბაზარი“,  ევროკავშირის (EU) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ 230 მლნ ლარით დაფინანსებული - კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროექტის შეჩერება, ანაზღაურებელი დანაკლისი იქნება ქვეყნის საფინანსო სექტორისათვის.  - აღნიშნული პროექტის ითვალისიწნებს კაპიტალის ბაზრის განვითარებას და მწვანე ობლიგაციების განთავსების ხელშეწყობას. პირველი ეტაპი 2023 წელს გაიმართა  და გამოვლინდა გამარჯვებული კომპანიები:  საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია, კრისტალი, ემბისი, თიბისი ლიზინგი, რიკო ჯგუფი, თეგეტა ჰოლდინგი, ენერჯი დეველოპმენთ ჯორჯია. რომლებსაც, გადაეცათ გრანტები ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებით. 

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (USAID) მიერ 65 მლნ ლარით დაფინანსებული ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა - რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალის ზრდა - 5000 სამუშაო ადგილის შექმნა.

მსოფლიო ბანკის  (WB) მიერ 250 მლნ ლარით დაფინანსებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი - მხოლოდ 2024 წელს 72 მლნ ლარი გამოიყოფა. პროექტის მიზანი - ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გარემოს გაუმჯობესებაპროექტი განხორციელდება ქვეყნის მასშტაბით და შედგება ოთხი კომპონენტისგან: კომპონენტი 1 – მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური დახმარება და რეაბილიტაცია. კომპონენტი 2 – ციფრული გადახდები და ფინანსური ინფრასტრუქტურის განახლება. კომპონენტი 3 – პროექტის მართვა და მონიტორინგი.  კომპონენტი 4 – გაუთვალისწინებელ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კომპონენტი. პროექტი - 2026 წელს დასრულდება.

ცნობისთვის, "საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" მიერ ჩვენთვის ექსკლუზიურად მოწოდებულ კვლევაში თავმოყრილი პროექტები აერთიანებს, ცხრა  მიმართულებას:

ენერგეტიკა და კავშირგაბმულობა, სადც ორგანიააცია საქართველოს მთავრობის ანდიდასავლური პოლიტიკის გამო 14 მსხვილი პროექტის შეჩერების რისკს ხედავს.

რეგიონალური განვითარება. ამ მხრივ 8 სმხვული პროექტის შეჩერებაზეა ეჭვი.

საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი საავტომობილო გზები. აქ 9 პროექტზე იკვეთება შეჩერების რისკი.

მუნიციპალური ინტეგრირებული ინფრასტრუქტურა, რაც ძირითადად, ნარჩენების მართვის სისტემატიზებას და წყალმომარაგების გაყუმჯობესებას გულისხმობს. ამ მხრივ 11 პროეტი დგას შეჩერების საფრთხის წინაშე.

ურნაბული მობილური ინფრასტრუქტურა, სადაც 9 პროექტის შემთხვევაში იკვეთება დაპაუზების რისკი.

სატრანზიტო შესაძლებლობა, ტრანსპორტის და ლოგისტიკის ინფრასტრუქტურა, - ამ მხრივ, განიხილება 6 პროექტის შეჩერების ალბათობა. 

გარემოს დაცვის ინფრასტრუქტურა, - აქ საუბარია 6 დიდი პროექტის შეჩერების ალბათობაზე, რაც ქვეყნის გარემოსდაცვით შესაძლებლობებს, ეკოტურისტულ მიმართულებას ძალიან დააკლდება.

საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურა, - აქ საძოვრების ინფრასტრუქტურის მიმართულებითაცაა საუბარი და განიხილება 7 პროექტის შეჩერება, რაც კლიმატის ცვლილების მხრივაც იქნება პრობლემა საქართველოსთვის. 

ინფრასტრუქტურის მდგრადობისკენ მიმართული პროექტები - კაპიტალის ბაზრის განვითარება,  ეკონომიკური უსაფრთხოება და მაკროეკონომიკური სტაბილურობა.