საქართველოს მაისის ბოლოს IMF-ის მისია ეწვევა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის, განცხადებით, ახალი პროგრამის მოთხოვნა ხელისუფლების თვითმიზანი არ არის და შესაძლოა, მისი აღდგენა „ქართულმა ოცნებამ“ არც სამომავლოდ მოითხოვოს.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, Geocase-ის მრჩევლის, ნიკოლოზ ალავიძის შეფასებით, IMF-ის პროგრამის აღდგენა საქართველოს ეკონომიკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია - თუ ქვეყანას მსგავს გარე ფინანსურ რესურსებზე წვდომა შეეზღუდება, განვითარებაზე ფიქრი რთულად წარმოსადგენია.

ალავიძემ „კომერსანტთან“ აღნიშნა, რომ IMF-ისგან მიღებულმა ფისკალურმა დახმარებამ საქართველო 2008 წლის ომის შემდეგ გაკოტრებისგან იხსნა.

„ჩვენთვის სუპერ და კრიტიკულად  მნიშვნელოვანია, IMF-ის პროგრამა აღდგეს, არსებობდეს და იყოს, როგორც საქართველოსთვის, ასევე, ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც თანამედროვე გლობალურ ეკონომიკურ საქმიანობაშია ჩართული და პრეტენზია აქვს, რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილია. IMF ანუ, International Monetary Fund Program II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაფუძნდა, იდეის ავტორები კი ჯანსაღი და მშვიდობიანი განვითარებისთვის იბრძვიან. პროგრამის მიზანი ქვეყნებს შორის არსებული უთანასწორობის  შემცირება  და კონკურენციის დონის ამაღლებაა. 

ქართულ აუდიტორიას მარტივად რომ ავუხსნათ - ამ პროგრამამ 2008 წელს საქართველოს ეკონომიკა, პირდაპირი გაგებით, გაკოტრებას გადაარჩინა. ფიზიკურად დაგვიდგნენ გვერდით და ფისკალური დახმარება გაგვიწიეს. 

ნებისმიერ ქვეყანას, ნებისმიერ ეკონომიკას გარე დახმარება სჭირდება ,იქნება ეს სესხები თუ სხვა სახის ფულადი დახმარება. ქვეყნები ეკონომიკის გასაძლიერებლად და ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად ცდილობენ საერთაშორისო სესხები აიღონ როგორც კომერციული ბანკების, ისე IMF, ანუ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან. IMF-ისგან მიღებული ფინანსური რესურსი უფრო დაბალი ღირებულებისაა, მოქნილია და მის უკან დიდი კომერციული ინტერესები არ დევს.

თუ ჩვენ ეკონომიკას გარე რესურსებზე წვდომა შეეზღუდება, მხოლოდ საკუთარი რესურსებით ქვეყნის განვითარება გაგვიჭირდება.  ეკონომიკური ზრდა, რომელიც ახლა საქართველოშია, მნიშვნელოვნად სწორედ უცხოეთიდან შემოსული ფინანსური დახმარების დამსახურებაა“,- აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.

მისივე თქმით, IMF-ის წარმომადგენლები ხელისუფლებას თავიდანვე აფრთხილებდნენ, რომ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს (იგულისხმება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება) შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.

„უნდა გვესმოდეს, რომ  IMF ცალკე მდგომი ორგანიზაცია არ არის; მათი დახმარების პროგრამა საქართველოს 2022 წელს დაუმტკიცდა, თუმცა შემდეგ მთავრობამ ბევრი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ამ შეთანხმების პირობებისგან გადახვევად შეფასდა. IMF-ის წარმომადგენლები წინასწარ ამბობდნენ, რომ მათი მხრიდან ხელისუფლების მოქმედებაზე უკუკავშირი და პასუხი იქნებოდა.

IMF-ის გაცოცხლება კრიტიკულად აუცილებელია, საქართველო მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს და იმ რეფორმების გატარება გააგრძელოს, რომელზედაც შეთანხმება მოხდა“,- აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.

სავალუტო ფონდის სამწლიანი პროგრამა, რომელიც 290 მლნ დოლარის კრედიტის გამოყოფას ითვალისწინებდა, 2022 წელს ამოქმედდა და 2023 წლიდან შეჩერებულია.  პირველი ნაწილის წარმატებით დასრულების შემდეგ საქართველოს 40 მლნ დოლარის კრედიტზე გაუჩნდა წვდომა, თუმცა დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მოტივით, ამ შესაძლებლობით არ უსარგებლია.