აგვისტოში დაფიქსირებული ინფლაციის მაჩვენებელი- 4,6% რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქსტატის მონაცემებით, აგვისტოს თვეში, ინფლაციის მატება ძირითადად სურსათის გაზრდილმა ფასებმა განაპირობა, ამ ჯგუფში ფასები ჯამურად წლიურად 10%-ით არის მომატებული. ასევე გაზრდილია ჯანდაცვის სერვისების და მომსახურების ფასები, ამ მიმართულებით წლიური ზრდა 9.3%-ია.
ეკონომისტები ინფლაციის მატებას არც მომდევნო თვეებში გამორიცხავენ.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის ნიკოლოზ ალავიძის შეფასებით, ინფლაციის 4,6%-მდე დაჩქარება “შელამაზებული” მაჩვენებელია და არსებულ რეალობას არ ასახავს.
მისივე თქმით, ინფლაციის ტენდენცია ბოლო ორი წელია სტაბილურად ნეგატიურია, რაც საყურადღებო მაჩვენებელია განსაკუთრებით მაშინ, თუ ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ.
„საშუალო შეწონილი განაკვეთი, რომელსაც სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს რეალობას არ ასახავს. ოფიციალურ მონაცემში ჩაშლილი პუნქტები საკმაოდ ბევრი და გასათვალისწინებელია; მაგალითად, ორნიშნა ინფლაციაზე არის ასული პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასები, რაც აგვისტოში კიდევ უფრო გაიზარდა.
თუ დავაკვირდებით, ბოლო ორი წელია ინფლაციის მაჩვენებელი, თუნდაც შელამაზებული 4,6%, ზრდადია. პრობლემა ზუსტად ეს არის, რომ ნეგატიური ტრენდია მზარდი. ჩვენი ეკონომიკა მთლიანობაში არ არის მაინცდამაინც კარგ მდგომარეობაში: იზოლაციონალიზმი, რომლისკენაც მივდივართ, ეკონომიკის ჩვეულებრივი ფეოდალური და განვითარებული მიმართულებაა, რომელიც ძირითადად კორუფცითაა გამაგრებული, ამიტომ გარდაუვალია, ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ არ გაიზარდოს.
ასევე, ბუნებრივად მივდივართ იმისკენ, რომ ტურისტების ნაკადი ბუნებრივად უნდა შემცირდეს, სექტემბრის მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით, რაც ინფლაციის მაჩვენებელზე ასევე აისახება“, აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.
ალავიძე მიიჩნევს, რომ გაზრდილი ინფლაციის გამო ეროვნულ ბანკს უახლოეს მომავალში რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საშუალება არ ექნება, რაც თავის მხრივ ლარზე ხელმისაწვდომობას შეამცირებს და ბიზნესს გარემოს დააზარალებს.
„ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვებაც თავისთავად იმის მცდელობაა, რომ არსებული მეტ-ნაკლებად ფასები შენარჩუნდეს, მაგრამ საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივით ამას გაცილებით ნეგატიური ეფექტი ექნება ეკონომიკისთვის, რადგან ლარი ხელმისაწვდომობა ძვირია, რაც ბიზნესის წახალისებას ზღუდავს“,- აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.